Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთთან შეერთება მიზნად გამოაცხადა უკრაინის კიდევ ერთი ოლქის "ადმინისტრაციამ"


რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში. 2022 წლის 1 მაისი
რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში. 2022 წლის 1 მაისი

რუსეთის შემადგენლობაში შესვლის განზრახვაზე ალაპარაკდა უკრაინის კიდევ ერთ, ზაპოროჟიეს ოლქში მოსკოვის მიერ დანიშნული ე.წ. "სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია". მისმა წარმომადგენელმა ვლადიმირ როგოვმა დღეს, 25 მაისს, კრემლის მიერ კონტროლირებულ საინფორმაციო სააგენტო „რია-ნოვოსტის“ უთხრა, რომ „ზაპოროჟიეს ოლქის მომავალი მხოლოდ ერთია - ის უნდა იყოს რუსეთის შემადგენლობაში და გახდეს რუსეთის ფედერაციის სრულფასოვანი სუბიექტი“.

როგორც როგოვი ამბობს, „ზაპოროჟიე ყოველთვის იყო რუსეთის იმპერიის მოწინავე რეგიონი“, ამიტომ, მათ სჭირდებათ არა „რუხი ზონები და ზაპოროჟიეს სახალხო რესპუბლიკა“, არამედ „რუსეთის ნაწილად ყოფნა“. კრემლის მიერ დანიშნული ჩინოვნიკის განცხადებით, რუსეთთან შეერთების გზები განისაზღვრება მას შემდეგ, რაც „უკრაინელი ნაციონალისტებისგან“ გაათავისუფლებენ ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ ზაპოროჟიეს.

უკრაინის სამხრეთში მდებარე ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილს ამჟამად რუსული არმია აკონტროლებს. ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი ზაპოროჟიე ისევ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშაა.

ორი კვირით ადრე, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის განზრახვა გამოაცხადა უკრაინის კიდევ ერთ, ხერსონის ოლქში მოსკოვის მიერ დანიშნულმა "სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციამ". როგორც მისმა წარმომადგენელმა კირილ სტრემოუსოვმა თქვა, "ხერსონი რუსეთია“, ამიტომ, ოლქის ტერიტორიაზე არანაირი „ხერსონის სახალხო რესპუბლიკა“ არ შეიქმნება, შესაბამისად, არც რეფერენდუმი ჩატარდება და პირდაპირ პრეზიდენტ პუტინს მიმართავენ, "ოლქი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდეს სრულფასოვან რეგიონად“.

ამ განცხადებაზე კრემლის მიერ საჯაროდ გამოხატული პოზიცია ის იყო, რომ რუსეთის შემადგენლობაში ხერსონის მიღების საკითხი "თავად ოლქის მცხოვრებთა გადასაწყვეტია" და ამასთან, "მკაფიო იურიდიული დასაბუთება" დასჭირდება. უკრაინის სამხრეთში მდებარე ხერსონი რუსეთის სამხედრო ძალებმა 2022 წლის მარტში დაიკავეს.

2014 წელს, რუსეთმა მასთან შეერთების მიზნით, ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება უზრუნველყო ყირიმში, ხოლო ე.წ. დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად უკრაინის კიდევ ორ ტერიტორიაზე - დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში. უკრაინაზე თავდასხმამდე, 2022 წლის 24 თებერვლამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა "რეფერენდუმების" საფუძველზე შექმნილი, ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG