Accessibility links

site logo site logo

Nike და Marks & Spencer-ი ტოვებენ რუსეთის ბაზარს


ამერიკული კომპანია Nike, რომელიც სპორტულ ფეხსაცმელსა და ტანსაცმელზეა სპეციალიზებული, 28 წლის შემდეგ ტოვებს რუსეთის ბაზარს უახლოეს მომავალში რუსეთში საქონლის ჩატანის შეუძლებლობის გამო.

Nike-მ არ გააგრძელა ფრანჩაიზინგული კონტრაქტი Inventive Retail Group-თან (IRG), რომელსაც რუსეთში ამერიკული კომპანიის მაღაზიების ყველაზე დიდი ქსელი ეკუთვნის.

მარტის დამდეგს Nike-მ შეწყვიტა ვაჭრობა რუსეთის საინტერნეტო მაღაზიაში, რამდენიმე დღის შემდეგ კი გადაწყვიტეს, დროებით დაეხურათ ყველა მაღაზია რუსეთში.

ამერიკული ბრენდის წარმომადგენელმა რუსულ გამოცემა „ვედომოსტის“ განუცხადა, რომ რუსეთში ბიზნესსაქმიანობა შეწყვეტილია, მაგრამ კომპანია განაგრძობს თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდას.

სისტემა SPARK-ის მიხედვით, შარშან Nike-სა და Nike Retail-ის ჯამურმა მოგებამ 25,5 მილიარდი რუბლი შეადგინა.

დღესვე ტანსაცმლის ბრიტანულმა მწარმოებელმა Marks & Spencer-მა, რომელმაც 3 მარტს შეაჩერა რუსეთში საქმიანობა, გადაწყვიტა, მთლიანად დატოვოს რუსეთის ბაზარი. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის პირველ კვარტალურ ანგარიშში. Marks & Spencer-მა ეს გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ რუსეთში საქონლის მიწოდება არ შეუძლია საომარი მოქმედებებისა და ევროკავშირთან საზღვარზე პრობლემების გამო.

უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრიდან სამი თვის განმავლობაში მოსკოვის მიმართ დასავლეთის მკაცრი სანქციების ფონზე ასობით კორპორაციამ და ბრენდმა გამოაცხადა რუსეთში ბიზნესის შეწყვეტის ან ქვეყნიდან წასვლის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG