Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსუფაშვილმა ივანიშვილს პარლამენტიდან მიმართა: არ ვიცი როდის მოხვალთ იმ აზრზე, რომ იმას დაუფიქრდეთ, რა შეგეშალათ


ფოტო არქივიდან: დავით უსუფაშვილი (მარცხნივ) და ბიძინა ივანიშვილი (მარჯვნივ)
ფოტო არქივიდან: დავით უსუფაშვილი (მარცხნივ) და ბიძინა ივანიშვილი (მარჯვნივ)

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა. პარტია "ლელოს" მოქმედმა წევრმა დღევანდელ, 25 მაისის სხდომაზე ყოფილ თანაგუნდელს გაახსენა პოლიტიკაში მოსვლისა და პარტნიორობის მიზეზები. სხდომაზე დღეს ევროინტეგრაციის საკითხებზე დებატები გაიმართა.

"მოგესალმებით ბატონო ბიძინა, როგორ ბრძანდებით? არ მგონია, კარგად იყოთ თქვენ ან მე 2022 წელს, 10 წლის თავზე იმ დღიდან, როცა პირველივე საჯარო გამოსვლიდან სტრატეგიული პარტნიორობა შემომთავაზეთ თქვენთვის სრულიად უცნობ ადამიანს.

მას შემდეგ 10 წელი გავიდა და დღეს ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით. ძალიან კარგად გახსოვთ, იმ 10 წლის წინ სწორედ ეს საკითხი იყო მთავარი, ის, თუ რამდენად ევროპული გახდებოდა საქართველო ცხოვრების წესით და არა დროშებით, იმიტომ რომ დროშები წინა ხელისუფლებას არანაკლები და უფრო მეტი ეკიდა ქუჩებში, ყველა შენობის თავზე. 10 წლის თავზე ჩვენი ამოცანა იყო ქვეყნის გამთლიანება, ერთიანი სამოქალაქო ცნობიერების გაღვივება, მრავალპარტიული კონკურენცია, სადაც პარტიები ერთმანეთს იმაში შევეჯიბრებოდით, ვის უკეთესი გადაწყვეტა აქვს საზოგადოებრივი პრობლემების, კოალიციური მმართველობა, პარლამენტშიც და თვითმმართველობაშიც, ჩვენი ამოცანა იყო იმ უბედურების დამთავრება, რაც 2012 წელს ერთად გავიარეთ", - თქვა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, მოქმედმა ხელისუფლებამ გაიმეორა წინა ხელისუფლების შეცდომები - ძალაუფლების შესანარჩუნებლად უარი თქვა რეფორმებზე.

"ეს გინდოდათ თქვენ ან მე? არა. დარწმუნებული ვარ, არც ახლა გინდათ! უბრალოდ, ძალიან ბევრი რამ სერიოზულად შეგვეშალა. არ ვიცი, როდის მოხვალთ იმ აზრზე, რომ ამას დაუფიქრდეთ, რა შეგეშალათ. მე ძალიან ბევრ რამეს ვნანობ, 4 წლის განმავლობაში გაკეთებულს კი არა, რაც თქვენთან ერთად ვიყავი, ვერგაკეთებულს. იმას, რომ ვერ შევძელით 4 წლის განმავლობაში ის მანკიერი სისტემა, რომელიც მემკვიდრეობით დაგვხვდა, შეგვეცვალა და ქვეყანა მართლა ევროპულ გზაზე დაგვეყენებინა. ეს რომ ვერ შევძელი მე და ძალიან ბევრმა ჩემმა კოლეგამ, მთელი ცხოვრება ტვირთად გამყვება, იმიტომ რომ მაშინ იყო ამის ამოძირკვის დრო. ვინაიდან მაშინ ეს ვერ ვქენით და ვინაიდან საარჩევნო წარმატებისთვის ის ძველი, მანკიერი სისტემა აღმოჩნდა აუცილებელი, მერე წავიდა და წავიდა იმავე გზაზე, საიდანაც, ვითომ, ამოსვლა გვინდოდა...

ოპოზიციის წარმომადგენლები გამოვიდნენ, რომ ქვეყნის საქმე ცუდად არის. არ დაიჯეროთ! ცუდად არ არის საქმე. სიმართლე ისაა, რომ ძალიან ცუდად არის, ძალიან ცუდად. ქვეყნის ხელისუფლებისადმი ნდობის ხარისხი დემოკრატიული სამყაროს მხრიდან არასოდეს არ ყოფილა ასეთი დაბალი, თუ არ ჩავთვლით 1991-92 წლის გაუგებარ ამბავს, როცა ავტომატებით დავრბოდით ქუჩაში ყველანი. იცით, რომ ეს ვიცი და ამას ერთ მისხალს არ ვუმატებ", - თქვა უსუფაშვილმა, რომელიც 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე.

პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართვისას, დავით უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის რამდენიმე დეტალი გაიხსენა. როგორც მან თქვა, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა მაშინდელ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და მას სთხოვა, "ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ავტორიტეტი არ შეილახოთო".

"[ირაკლი] ღარიბაშვილს პირველი პრემიერობიდან რომ უშვებდით, იყავით გაოგნებული, ეს რა ქნაო. თავისი ლაპარაკით და ქმედებებით, ძირითადად ლაპარაკით, კინაღამ ისეთ დღეში ჩამაგდო, თვალებში ვეღარ ვუყურებ ჩვენს უცხოელ კოლეგებსო. ის თავი უკვე მოჭრილი გაქვთ მისი გამოისობით...

ისიც მახსოვს, რა გაოგნებული იყავით, ეს საშიში კაცია, მგონიო. მეორე ირაკლიზე [კობახიძეზე] ამბობდა. სამი საათი გამალებული დებატებში ვსხედვართ მაგიდის გარეშემო და სამი საათი შეუძლია იჯდეს აბსოლუტურად ჩუმად და უემოციო სახითო, საშიში კაცია ესო. განსხვავება ისაა, რომ სამი საათი ლაპარაკობს ის კაცი ახლა. იფრქვევა ყოველდღე მარგალიტები, რომელიც ნაცმოძულე ქართველებს გულს ფხანს და ევროპას, საითაც მივდივართ, შოკში აგდებს", - თქვა უსუფაშვილმა.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს მას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG