Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კი არ აიჩემა, რომ არ უნდა და არ ჭამს, ის ვერ ჭამს - რა წერია სააკაშვილის ავადმყოფობის ისტორიაში?


საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 13-დღიანი მკურნალობისა და კვლევების ამსახველი ავადმყოფობის მრავალგვერდიანი ისტორია მის პირად ექიმსა და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრებს კლინიკა „ვივამედმა“ 24 მაისს გადასცა. ავადმყოფობის ისტორიაში აღწერილია ის დიაგნოზები და კვლევების ჩამონათვალი, რაც პატიმარ პრეზიდენტს კლინიკა „ვივამედში“ მოთავსების დღიდან, ანუ 12 მაისიდან უტარდება.

ექს-პრეზიდენტის ავადმყოფობის ისტორია წაიკითხა ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების შეფასების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრია.

უკანასკნელად მან მიხეილ სააკაშვილის 22 აპრილს, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ნახა. როგორც თენგიზ წულაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, იმ მომენტისათვის, ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მოითხოვდა მის კლინიკაში გადაყვანას, თუმცა, მაშინ, ექიმმა მკურნალობის პროცესში ნეიროფსიქოლოგიური ჩარევა მოითხოვა.

ექიმი ნევროლოგი ამბობს, რომ 22 აპრილიდან 12 მაისის პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სავარაუდოდ, კვების დეფიციტის გამო დამძიმდა და პენიტენციურმა დაწესებულებამ სწორედ ამ მიზნით მიიღო მისი ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილებაც.

დიაგნოზთა ჩამონათვალი ავადმყოფობის ისტორიაში

  • დადასტურებული პოლინეიროპათია;
  • ადაპტაციური აშლილობა პროლონგირებული დეპრესიით;
  • ეროზიული გასტრიტი;
  • თალასემიით გამოწვეული ანემია;
  • პრედიაბეტი.

თენგიზ წულაძე ამბობს, რომ კლინიკაში ჩატარებული კვლევების თანახმად, „რაიმე ტიპის მძიმე დარღვევა არ გამოვლენილა“, თუმცა, დადასტურდა მთელი რიგი დიაგნოზები, რის შესახებაც ექიმები და ექსპერტთა ჯგუფი თვეებია საუბრობენ:

თენგიზ წულაძე
თენგიზ წულაძე

„რა მოგვცა ამ 13-დღიანმა კვლევამ და მკურნალობამ. დადასტურდა, რომ მას აქვს პოლინეიროპათია, დადასტურდა კვების დეფიციტი, დადასტურა ფსიქიატრიული აშლილობა. მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე, უკრაინაში ყოფნის პერიოდში და იქ, მის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, ისედაც ჰქონდა გარკვეული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, გადიოდა მკურნალობას, იღებდა ანტიდეპრესანტს, „ვენლაფაქსინს“, რომლის მიღებას ის ახლაც აგრძელებს. ამ მედიკამენტის მიღება მას შიმშილობის პერიოდშიც არ შეუწყვიტავს. თუმცა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრის შემდეგ, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა და მას დაესვა ადაპტაციური აშლილობის დიაგნოზი“.

ადაპტაციური აშლილობა

თენგიზ წულაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ომბუდსმენის ინიციატივით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი პირველივე დღიდან ამბობს, რომ ექს-პრეზიდენტს ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება, „ვივამედის“ მიერ გადაცემულ ავადმყოფობის ისტორიაში არსად ფიგურირებს, რომ მას ეს დახმარება უტარდება:

„არ ვიცი, შესაძლოა ყველა დოკუმენტი არ არის გადმოგზავნილი, ან შეიძლება ისტორიაში არ შეიტანეს ეს ჩანაწერები, მაგრამ ჩვენ რა ისტორიაც მოგვაწოდეს, იქ არაფერი წერია მასზედ, რომ მას ფსიქოლოგიური დახმარება უტარდება. აქ ცხადია, არ იგულისხმება მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობა. მედიკამენტოზური მკურნალობა მას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდეც უტარდებოდა და ახლაც უტარდება, მაგრამ ამის ფონზე, მისი სიმპტომატიკა მაინც გრძელდება, ამიტომ ომბუდსმენის აპარატმა იმთავითვე ჩათვალა, რომ ის მედიკამენტ-რეზისტენტულია და მას ფსიქოგენური დახმარება ესაჭიროება. არსად ჩანს, მუშაობს თუ არა მასთან ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, უტარდება თუ არა, მაგალითად, ქცევითი თერაპია, ნარატივ-ექსპოუჟერ თერაპია და ა.შ. რაც მის მდგომარეობაში უკიდურესად მნიშვნელოვანია“.

ადაპტაციური აშლილობით გამოწვეული კვების დეფიციტი

ომბუდსმენის კონსილიუმის წევრები და მათ შორის, თენგიზ წულაძე, ფიქრობს, რომ საკვების მიუღებლობის (რის შესახებაც ბოლო თვეებია საუბრობენ როგორც ექიმი-ექსპერტები, ისე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები) წარმომავლობა ფსიქოგენურია:

„ჩვენ სპეციალურად მოვერიდეთ ტერმინს „ანორექსია ნევროზას“ გამოყენებას, ეს კიდევ სხვა ტიპის დიაგნოზია. მაგრამ ზოგადად „ანორექსიის“ გამოყენებას ვერ ავარიდებთ თავს, რადგან ეს ტერმინი ქართულად ნიშნავს უმადობას, მადის დაკარგვას. „ანორექსია ნევროზა“ ეს არის სხვა ფსიქიატრიული დიაგნოზი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს არ აქვს. ეს დიაგნოზი სხვა კატეგორიის ადამიანებს ახასიათებთ, უფრო ახალგაზრდებს, ეს ადამიანები გაფაციცებულები არიან წონაზე, მაშინაც კი, როცა მათი წონა ნორმალურია და ამის გამო ხელოვნურად იწვევენ ღებინებას. რატომღაც ეს ტერმინი მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ისევ ტრიალებს, მაგრამ მინდა, რომ ეს ნათლად გაიმიჯნოს. პაციენტის კვებითი დარღვევა გამომდინარეობს მისი ფსიქიატრიული პრობლემებიდან - ადაპტაციური აშლილობისგან და დეპრესიისგან“.

მართალია „ვივამედში“ ჩატარებული კვლევებისას აღიწერა, რომ მიხეილ სააკაშვილს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემა - ეროზიული გასტრიტი აქვს, მაგრამ თენგიზ წულაძის თქმით, ამ ტიპის გასტრიტს არ შეუძლია გამოიწვიოს იმ ხარისხის გულისრევა-ღებინება, რომელიც პაციენტს აქვს:

„ამ ადამიანს აქვს ადაპტაციური აშლილობა. ის, რომ ექს-პრეზიდენტი საკვებს ვერ იღებს, სწორედ ამ ფაქტორითაა განპირობებული. ექიმთა გუნდი ახლა მანკიერ წრეზე ტრიალებს და იტრიალებს, სანამ ის იმ გარემოში იქნება, სადაც ადაპტაციური აშლილობა განუვითარდა. დამძიმდება, გაუკეთებენ ანალიზებს, ჩაუტარებენ კვლევებს, დაასტაბილურებენ. შემდეგ კვლავ დამძიმდება და ა.შ. ამ წუთას ჩვენ მანკიერ წრეზე ვტრიალებთ. ასე ჰქვია ამას სამედიცინო ენაზე“.

სწორედ ამიტომ, თენგიზ წულაძე თვლის, რომ ტერმინები - სტაბილური, მძიმე, კრიტიკული - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის აღსაწერად არარელევანტურია:

„არცერთი ამ ტერმინის გამოყენება სწორი არ არის. მისი მდგომარეობა პერიოდულად მძიმდება, პერიოდულად უმჯობესდება. როდესაც ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ მიიღებს შესაბამის კალორიებს, მას გადასხმა გაუკეთდება. რაღაც პერიოდის შემდეგ შეძლებს შედარებით მეტი კალორიის მიღებას და დასტაბილურდება მისი მდგომარეობა და ასე გაგრძელდება. ანუ, ვიმეორებ, ჩვენ ვტრიალებთ მანკიერ წრეზე“.

სადამდე მიიყვანს ექს-პრეზიდენტს „მანკიერ წრეზე“ ტრიალი?

„თუკი მიხელ სააკაშვილის ორგანიზმს სჭირდება დღეში 2200 კალორიის მიღება და ის იღებს მხოლოდ 800 კალორიას, ამან დღეს და ხვალ შეიძლება არ შეუქმნას მას სერიოზული პრობლემა, მაგრამ რამდენიმე თვეში აუცილებლად მიიყვანს ამ პრობლემამდე“, - ამბობს თენგიზ წულაძე.

მისი თქმით, თუკი მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა დროში გახანგრძლივდება, შესაძლოა ის მივიდეს, მაგალითად კახექსიამდე (ორგანიზმის გამოფიტვა) ან უეცარ გარდაცვალებამდეც კი:

„ამ ეტაპზე, მიხეილ სააკაშვილთან კახექსიის პრობლემა არ დგას. ჯერჯერობით მას მაინც ჭარბი წონა აქვს და ასე სწრაფად შეიძლება არ მივიდეს ამ მდგომარეობამდე, მაგრამ ხანგრძლივმა და ძლიერმა კვებითმა დეფიციტმა, ცხადია, ადამიანი შესაძლოა მიიყვანოს გარდაცვალებამდე. ასეთ დროს იზრდება უეცარი სიკვდილის რისკი. ასეთი კვებითი დეფიციტის დროს დაახლოებით ოთხჯერ იზრდება უეცარი გარდაცვალების რისკი. რა შეიძლება მოვიაზროთ ხანგრძლივ პერიოდად, ამას ვერ გეტყვით. ერთ თვეში მოხდება ეს თუ სამ წელში, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ აუცილებლად წავა გაუარესებისკენ თუ არ მიიღებს შესაბამისი რაოდენობის კალორიას, ეს ფაქტია. ეს ძალიან მარტივი ლოგიკაა. ამ ადამიანს ახლა სჭირდება ფართო, მულტიპროფილური მიდგომა, რომელიც გულისხმობს, მათ შორის, გარემოს შეცვლასაც. თუკი გარემო იგივე იქნება, იგივე მანკიერ წრეზე ვიტრიალებთ. ადაპტაციური აშლილობა შესაძლოა შემსუბუქდეს რაღაც დროში, ადამიანი მიეჩვიოს იმ გარემოს, რა გარემოშიც არის, მაგრამ ამის პროგნოზირება მე არ შემიძლია“.

ზურგის ტრავმა

24 მაისს მიხეილ სააკაშვილმა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერილი გაავრცელა, რომელიც მედიას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გააცნო.

სააკაშვილის თქმით, მას აქვს ძლიერი თავბრუსხვევა, ძლიერი ტკივილები ზურგის არეში და უჭირს კიდურების დამორჩილება. როგორც ის წერს, მაგნიტო-რეზონანსული კვლევის შედეგად, მას დაუდგინდა ტრავმა, რომელიც, დიდი ალბათობით, მიიღო გლდანში, ძალის გამოყენებით გადაყვანისას. ექს-პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ეს ტრავმა საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.

რა წერია ზურგის ტრავმის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გავრცელებულ ავადმყოფობის ისტორიაში? ვკითხეთ თენგიზ წულაძეს.

„კვლევების თანახმად, მას დიაგნოზში უწერია სპონდილოზი. სპონდილოზი არის ქრონიკული პროცესი, რომელიც 25 წლის ასაკიდან იწყება და 50 წლის ზევით უკვე თითქმის ყველა ადამიანს აქვს. ე.წ. ოსტეოქონდროზი. ეს წერია კომპიუტერულ ტომოგრაფიულ დასკვნაში. ამ დიაგნოზს საოპერაციო ჩვენებები აქვს მკაცრად განსაზღვრული. უნდა იყოს საგანგაშო ნიშნები, რომელსაც წითელი დროშის ნიშნები ეწოდება. როდესაც მე პაციენტი გავსინჯე, მას ამ თვალსაზრისით წითელი დროშის ნიშნები არ ჰქონდა. არც ნევროლოგის დასკვნაში შემხვედრია ასეთი ნიშნები. მსგავსი ნიშნები არ დაფიქსირებულა არც მაგნიტო-რეზონანსული კვლევისას. მე ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილი, ამ ეტაპზე, არანაირ ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს“.

მოძრაობის შეზღუდვა, კუნთების ატროფია

თენგიზ წულაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება კუნთების ატროფიის ნიშნები, რომელიც გამოწვეულია, როგორც უმოძრაო მდგომარეობით, ისე კვების დეფიციტით:

„ის პრაქტიკულად არ მოძრაობს. არანაირ ფიზიკურ აქტივობას არ ასრულებს. ჩვენ ამიტომაც მოვითხოვთ მის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციას, რომ მოძრაობის სურვილი გაუჩნდეს. აუცილებელია ფიზიკური რეაბილიტაციაც, რომ კუნთების ატროფირება არ გაგრძელდეს. კუნთების ჰიპოტროფია მოსდევს შიმშილსაც, რადგან ადამიანი საკუთარი კუნთების ცილას მოიხმარს, თუკი, მან ეს ცილა არ მიიღო გარედან“.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თენგიზ წულაძე მიიჩნევს, რომ ლეგიტიმურ ფარგლებში, სახელმწიფომ უნდა მიიღოს მისთვის გარემოს შეცვლის გადაწყვეტილება:

„ომბუდსმენის განცხადებით, არსებობს ამის ლეგიტიმური შესაძლებლობები, მაგალითად, სასჯელის გადავადება, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა სასჯელის მოსახდელად. მე, როგორც ექიმი, ვამბობ და მაქვს რეკომენდაცია, რომ მისი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს გარემოს შეცვლას. შეუცვლის თუ არა და როგორ შეუცვლის მას გარემოს სახელმწიფო, ამას მე არ მეკითხებიან. ამ წრიდან გამოსავლის ძებნა უკვე პოლიტიკოსების საკითხია. ჩემი რეკომენდაცია ადრეც და ახლაც, ეს არის გარემოს შეცვლა. ადაპტაციური აშლილობა ეს არ არის უბრალო შეუგუებლობა. ეს არის ავადმყოფური შეუგუებლობა. ეს ერთი და იგივე არ არის. მას აჩემება კი არ აქვს, რომ არ უნდა და არ შეეგუება. ან მიდი, ჭამე, ხომ გაქვს საჭმელი. ეს მისი ახირება არ არის, რომ არ უნდა და არ ჭამს. ის ვერ იკვებება, ვერ ჭამს. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ეს ადამიანი ავადმყოფობის გამო ვერ იკვებება. მაგრამ ამას საზოგადოება ბოლომდე კარგად ვერ აცნობიერებს“.

25 მაისს, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დაშვებაზე ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამით მოსამართლემ დაავალა პენიტენციურ სამსახურს, ცენტრ "ემპათიის" ექსპერტები შეუშვას მიხეილ სააკაშვილის გამოსაკვლევად.

ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება ადვოკატებმა არაერთ სასამართლო სხდომაზე მოითხოვეს, რომელიც საბოლოოდ 25 მაისის სხდომაზე დაკმაყოფილდა, რომელზეც სააკაშვილის მხრიდან საზღვრის უკანონო კვეთის საქმე უნდა განეხილათ.

ცენტრ "ემპათიის" წარმომადგენელი მარიამ ჯიშკარიანი ითხოვს, მას და დანარჩენ ექსპერტებს საშუალება მისცენ, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მოინახულონ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელახლა შეაფასონ.

მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად შესვლის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევათ დამოუკიდებელ ექსპერტებს.

ოჯახი და გუნდის წევრები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ.

კლინიკა „ვივამედმა“ 24 მაისს გაავრცელა განცხადება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნავს, რომ საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმებულა, ლაბორატორიული მონაცემები კი სტაბილურ დინამიკას აჩვენებს.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს, გამთენიისას დააბრუნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG