რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის აღმოსავლეთზე სრული კონტროლის დასამყარებლად პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობენ. ამის შესახებ დღეს, დილით იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. მისი მონაცემებით, არტილერიის და მოიერიშე ავიაციის გამოყენებით, მოწინააღმდეგე ცდილობს ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის რაიონში, დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკზე შეტევის განახლებას და ამავე ოლქის დასახლებულ პუნქტ ლიმანზე სრული კონტროლის დამყარებას.
უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, რუსული ძალები ცდილობენ პოზიციების გამყარებას ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ სევეროდონეცკის რაიონშიც. ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ISW-ის ექსპერტთა შეფასებით, რუსეთის სამხედრო ძალებმა შესაძლოა, უკვე უახლოეს დღეებში დაიწყონ ბრძოლა უშუალოდ ქალაქ სევეროდონეცკის ასაღებად.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ ღამით, ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში გრძელდება რუსეთის სამხედრო ძალების შეტევა და სარაკეტო-საავიაციო დარტყმები და ზოგიერთ რაიონში მტერს უპირატესობა აქვს როგორც ტექნიკის, ისე ცოცხალი ძალის თვალსაზრისით. ზელენსკიმ პარტნიორ სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გამონაკლისებისა და შეზღუდვების გარეშე, შეიარაღებით უკრაინის სრული დახმარებისკენ.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".
დაწერეთ კომენტარი