Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელით, საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე დღეს, 26 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ბლინკენი წერს, რომ ქართველ ხალხს ღრმად ესმის დამოუკიდებლობის და თავისუფლების მნიშვნელობა და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას, საქართველოს ხალხმა აჩვენა ევროატლანტიკური მომავლისკენ მტკიცე სწრაფვა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, გმობენ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ 30 წლის განმავლობაში, ორმხრივი ურთიერთობებისას აშშ ამაყობდა საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერით დემოკრატიული განვითარების წინსვლის, ეკონომიკის დივერსიფიცირებისა და უზრუნველყოფილი მომავლისთვის. ბლინკენის თანახმად, ორი ქვეყანა ერთად მუშაობდა გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების მხარდასაჭერად. სახელმწიფო მდივანი ადასტურებს აშშ-ის უცვლელ ერთგულებას საქართველოსთან პარტნიორობისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG