საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მაკრონი საქართველოს მოსახლეობას ბედნიერებას, კეთილდღეობასა და მშვიდობას უსურვებს.
"მოგეხსენებათ, რომ 2022 წელს ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე იუბილე აღინიშნება. ამ წლების განმავლობაში, ჩვენ შევძელით, განგვევითარებინა განსაკუთრებული კავშირი, რომელიც ფესვგადგმულია ნდობითა და მეგობრობით გამორჩეულ ჩვენს საერთო ისტორიაში. მოხარული ვარ ამით და გამოვთქვამ იმედს, რომ შევძლებთ, გავაგრძელოთ ჩვენი უკვე სამაგალითო თანამშრომლობა "ამილახვარის" სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში, რომელიც 2019 წლის თებერვალში გავხსენით", - აღნიშნულია მისალოც წერილში, რომელსაც საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
ემანუელ მაკრონი წერილში ასევე ყურადღებას ამახვილებს რუსეთ-უკრაინის ომში ქართველების მიერ უკრაინელი ხალხის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერაზე:
"უკრაინელი ხალხის მხარდაჭერით, იქნება ეს თქვენს ტერიტორიაზე ამჟამად მყოფი მრავალი ლტოლვილის მიღებითა თუ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით, ქართველებმა დაადასტურეს თავიანთი სრული ერთგულება ჩვენთვის ასე ძვირფასი ღირებულებების მიმართ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მიერ თანმიმდევრულად მიცემული ხმები რეზოლუციების სასარგებლოდ, რომლებიც მოითხოვდა უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, მოუწოდებდა რუსეთს მშვიდობიან მოსახლეობაზე ყველა თავდასხმის შეწყვეტისკენ და ბოლოს, მას რიცხავდა ადამიანის უფლებების საბჭოდან, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იყო".
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.
დაწერეთ კომენტარი