Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ


მსოფლიო ლიდერები საქართველოს ხელისუფლებას და მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. წერილებს საქართველო დილიდან იღებს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილი მთავრობის სახელით გამოუგზავნა:

"ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, დემოკრატიული რეფორმების გაძლიერების და ეკონომიკური განვითარების გზაზე".

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ ჩეხეთი გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

"უკრაინის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო აგრესიით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და საფრთხეს უქმნის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ამ კონტექსტში, საქართველოს სტაბილურობა და მედეგობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ხოლო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - გადამწყვეტი", - აღნიშნულია მისალოც წერილში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშიანმა. ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ, ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა. აზრებაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიავმა და ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ.

მილოცვის წერილები მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პოლონეთის, საბერძნეთის, ლატვიის, ბულგარეთისა და ირანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებისგან.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG