Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული სამოქმედო გეგმა


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობას, როგორც მთავრობისა და ხალხის არჩევანს. მან ისაუბრა ასევე საქართველოსა და ევროპას შორის არსებულ ისტორიულ, კულტურულ და ქრისტიანულ კავშირებზე.

ამ ადგილიდან სულ ასიოდე მეტრში, 1918 წლის 26 მაისს, ეროვნული დამოუკიდებლობის გამოცხადებით, ქართველმა ხალხმა, მისმა ევროპაზე ორიენტირებულმა მთავრობამ შექმნა დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული, უაღრესად დემოკრატიული, ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო, რომლის სულისკვეთება და კონსტიტუციაც ევროპის დღევანდელ კრიტერიუმებთანაც კი სრულ შესაბამისობაში იყო. 1991 წელს აღდგენილი სახელმწიფოებრიობა პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციას, ევროპულ ღირებულებებს დაეფუძნა და ჩვენი ქვეყნის მთავარ გეზად სწორედ ევროპული ორიენტაცია განისაზღვრა. დამოუკიდებლობა, ძვირფასო მეგობრებო, ასეთი მომავლის შენების აუცილებელი და ფუნდამენტური პირობაა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი სიტყვებით, „საერთო ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ სწრაფვა ასევე არასოდეს განელებულა ჩვენს ხალხში... ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც“.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 3 მარტს მან ხელი მოაწერა საქართველოს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, რითაც „საქართველოს ისტორიის სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო“. მანვე აღნიშნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის და ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელობა.

დღეს საქართველო ევროპისაგან ელის ბრძნულ, შორსმჭვრეტელ, პოლიტიკურად გამართლებულ და, რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენი ისტორიული მისწრაფებების, დაუღალავი ძალისხმევის, ინტეგრაციის პროცესში შესრულებული ვალდებულებებისა და გატარებული რეფორმების შესაბამის აღიარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გატარდა „მასშტაბური რეფორმები სამართლებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროებში, მმართველობის გასაუმჯობესებლად თუ დემოკრატიის გასაძლიერებლად. ჩვენ უზრუნველვყავით უახლეს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი და სათავე დავუდეთ მშვიდობიანი განვითარების უპრეცედენტო, გრძელვადიან პროცესს“ , - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს ყველა მოქალაქეს, „განსაკუთრებული სითბოთი“ კი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ „ძმებსა და დებს, ჩვენ საერთო გვაქვს წარსული და მომავალიც ერთად მხოლოდ მშვიდობით, ურთიერთპატივისცემით და თანამშრომლობით უნდა ვაშენოთ“,- განაცხადა მან.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG