Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა პაპუაშვილი: ისტორიული პროცესების ფონზე დღევანდელ 26 მაისს იმედით აღვნიშნავთ


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ქვეყნის წარსულ გამოცდილებაზე და იმედებზე, რომლებიც ევროინტეგრაციის გზაზე არსებობს.

"ეს არის დღე, რომელიც თავდადებისა და ბრძოლის შესახებ მეხსიერებას ინახავს. ამიტომ გამორჩეულ პატივს მივაგებთ ჩვენს წინაპრებს, რომლებმაც თავდაუხრელად იბრძოლეს, სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას და შეგვინარჩუნეს სახელმწიფო. ამავე დროს, ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას ჩვენი სამშობლოსა და მომავალი თაობების წინაშე, რომ გავაგრძელოთ წინსვლა და განვამტკიცოთ დამოუკიდებლობა...

ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის გამოცდილების გათვალისწინებით, ყველაზე კარგად სწორედ ჩვენ გვესმის უკრაინელი ხალხის ტკივილი და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ. ამასთანავე, ყველაზე კარგად გვესმის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობა.

მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესების ფონზე, დღევანდელ 26 მაისს განსაკუთრებული იმედით აღვნიშნავთ... ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო, ძალიან დიდია და გვჯერა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის ამ ძალისხმევას დაინახავს და სათანადოდ დააფასებს", - თქვა პაპუაშვილმა.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

XS
SM
MD
LG