Accessibility links

site logo site logo

ერთს სამუდამო პატიმრობა. დანარჩენებს? - უკრაინა ომის დამნაშავეებს ასამართლებს


ვადიმ შიშიმარინი განაჩენის გამოცხადებისას. კიევი, 2021 წლის 23 მაისი.

უკრაინაში ომის დანაშაულისთვის პირველი რუსი ჯარისკაცი გაასამართლეს. 21 წლის სერჟანტ ვადიმ შიშიმარინს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ახლა ჯერი კიდევ ორმოცდაათამდე ჯარისკაცზეა. ამ დროს, რუსეთიც ემზადება უკრაინელი ტყვეების გასასამართლებლად.

28 თებერვალს, ვადიმ შიშიმარინი კიდევ 3 ჯარისკაცთან ერთად აღმოსავლეთ უკრაინის პატარა სოფელ ჩუპახოვკაში შევიდა. რუსი ჯარისკაცები მიტაცებული მანქანით მიდიოდნენ, როცა შენიშნეს კაცი ველოსიპედზე. ის ტელეფონზე ლაპარაკობდა.

ოფიცერმა გადაწყვიტა, რომ მათ ადგილმდებარეობას გასცემდა და შიშიმარინს უბრძანა, რომ კაცი მოეკლა. სერჟანტმა ავტომატიდან რამდენჯერმე გაისროლა. 62 წლის ალექსანდრ შელიპოვი ადგილზე გარდაიცვალა.

ეს უკრაინის გენპროკურატურის ვერსიაა. შიშიმარინი ეთანხმებოდა ყველაფერს, ერთი მნიშვნელოვანი დეტალის გამოკლებით. ის ამბობს, რომ უკრაინელი კაცის მოკვლა არ ნდომებია.

„უბრალოდ გავისროლე, ჩემთვის თავი რომ დაენებებინათ”, - თქვა მან სასამართლოზე და მკვლელობისთვის ბოდიში მოიხადა. ალექსანდრ შელიპოვის ქვრივი მისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვდა, თუმცა თანახმა იყო, რომ რუსი სამხედრო უკრაინას „აზოვსტალის“ დატყვევებულ დამცველებში გაეცვალა.

სერჟანტის ადვოკატი, რომელიც ადრე რუსეთში გაქცეული უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ინტერესებს იცავდა, აპირებს, განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს.

ის „მეტისმეტად მკაცრია”, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „სოციალურმა წნეხმა” მოახდინა ზეგავლენა, - თქვა ადვოკატმა 23 მაისს, სასამართლოს დასრულების შემდეგ.

ათასობით ნაწამები და მოკლული

იმავე დღეს, უკრაინის მთავარმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ უკრაინა ომის დაწყებიდან რუსი სამხედრობის მიერ ჩადენილ 13 ათასამდე სავარაუდო სამხედრო დანაშაულს იძიებს და მალე სასამართლოს წინაშე კიდევ 49 ჯარისკაცი წარდგება.

გაეროს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში თითქმის 4000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები Amnesty International (AI) და Human Rights Watch (HRW) აცხადებენ - სულ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს რუსი ჯარისკაცების სისტემურ სამხედრო დანაშაულებებზე.

ბოლო ანგარიშში, HRW, კიევისა და ჩერნიგოვის ოლქში მცხოვრები 65 მოწმის ჩვენებებზე დაყრდნობით, აღწერს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის 31, გატაცების 6 და წამების 7 შემთხვევას. 21-მა ადამიანმა კი თქვა, რომ ისინი გამოამწყვდიეს არაადამიანურ და დამამცირებელ პირობებში.

HRW-ს ევროპისა და ცენტრალური აზიის ასოცირებული დირექტორი, გიორგი გოგია, რომელიც აპრილში პირადად ესაუბრებოდა დაღუპულთა ოჯახის წევრებს და დაზარალებულებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქში, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს ინტერვიუები ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ისტორიებია, რაც მას თავისი კარიერის განმავლობაში მოუსმენია.

„სულ უფრო ცხადი ხდება, რომ რუსეთის ძალების მიერ ოკუპირებულ ადგილებში უკრაინის სამოქალაქო პირებმა საშინელი განსაცდელი გამოიარეს”, - თქვა მან.

ანალოგიური ისტორიები უფლებადამცველებმა მოისმინეს კიევის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქ ბუჩაშიც. რუსული ჯარი იქ 27 თებერვალს შევიდა და 30 მარტამდე დარჩა. მათი გასვლის შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოქალაქეების 400-ზე მეტი გვამი იპოვა.

აპრილის დასაწყისში ბუჩის მკვიდრმა რადიო თავისუფლებას უამბო, რომ ერთ-ერთ ქუჩაზე სნაიპერი მიზანმიმართულად ხოცავდა ყველას, ვინც იქ გაივლიდა.

ომის დაწყების შემდეგ მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ ასევე სახლების, სკოლების, სამშობიაროების დაბომბვის შედეგადაც. უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან დაიღუპა 238 არასრულწლოვანი.

რა არის ომის დანაშაული?

ომის წესები გაწერილია ჰააგისა და ჟენევის კონვენციებში და კიდევ რამდენიმე საერთაშორისო საბუთში. ამ შეთანხმებებზე ხელმოწერით სახელმწიფოებმა მათი დაცვის ვალდებულება იკისრეს.

მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, წამება, სასტიკი მოპყრობა სამხედრო ტყვეებთან - ეს ყველაფერი ომის დანაშაულებებია.

ჟენევის კონვენციის თანახმად (რომელსაც ხელს გაეროს ყველა წევრი აწერს), ქვეყანამ თავად უნდა გაასამართლოს საკუთარი მოქალაქეები, რომელთაც ომის დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად.

სამხედრო დანაშაულებებს იძიებენ გაეროს საერთაშორისო სასამართლო (ICJ) ჰააგაში და საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო (ICC).

როგორც წესი, ომის დამნაშავეებს ასამართლებს სამხედრო ტრიბუნალი. პირველი შემთხვევა 1945-46 წლების ნიურნბერგის პროცესი იყო, სადაც ნაცისტები გაასამართლეს.

ომის დანაშაულების გამოძიება ხშირად იწელება. მას წლები, ხანდახან კი ათწლეულები სჭირდება. მათ შორის იმიტომ, რომ სასამართლოებს არ აქვთ ზეწოლის ბერკეტი ქვეყნებზე - ისინი ვერ აიძულებენ ხელისუფლებებს, გასცენ საკუთარი მოქალაქეები, რომლებსაც ომის დანაშაულები ედებათ ბრალად. მით უმეტეს, თუკი ბრალდებულები თავად ხელისუფლებები არიან.

სულ ახლახან ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა შექმნეს სპეციალური საკონსულტაციო ჯგუფი. მისი მიზანი იქნება, დაეხმაროს უკრაინის გენერალურ პროკურატურას ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაში.

ერთხელ, ბოსნიაში

ის, რომ უკრაინამ რუსი ჯარისკაცი ომის მსვლელობისას გაასამართლა და თანაც ასე სწრაფად, ზოგ ექსპერტში ეჭვებს იწვევს.

სამართლის პროფესორი ამერიკის უნივერსიტეტში რობერტ გოლდმანი წერს, რომ უკრაინა, რომლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სასამართლოები ყველა წესის დაცვით ჩაატაროს, ახლა დილემის წინაშე დგას:

ერთი მხრივ, ომის დროს სასამართლოს ჩატარება ნიშნავს, რომ ბრალდებულს ცოტა დრო და ნაკლები შესაძლებლობა აქვს თავის დასაცავად მტკიცებულებების მოსაგროვებლად.

მეორე მხრივ, სანამ დანაშაული ახალი ჩადენილია და მოწმეებს ყველაფერი ცხადად ახსოვთ, გაცილებით მეტი შანსია, რომ დაღუპულთა ახლობლებმა და ნათესავებმა სამართალი მიიღონ.

თანაც, ომის დამნაშავეების გასამართლება მკაფიო გზავნილია იმ რუსი ჯარისკაცებისთვის, ვინც ჯერ კიდევ უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება.

ვოლოდიმირ იავორსკი, რომელიც კიევში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრს“ წარმოადგენს, ამბობს, რომ აქტივისტები იზრუნებენ ბრალდებულების უფლებების დაცვაზე. თუმცა, ამასთანავე, აღიარებს, რომ ომის დროს ნეიტრალურობის შენარჩუნება რთულია.

„მოულოდნელია, როდესაც ჩვენ ვხედავთ, როდესაც ომის დანაშაულში ბრალდებულებს მალევე პოულობენ და ასამართლებენ. როგორც წესი, მსგავს საქმეებს ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე განიხილავენ”, - ამბობს იგი.

სამართლის ექსპერტები იხსენებენ მხოლოდ ერთ შემთხვევას, როდესაც ომის დანაშაულებებში ბრალდებული ომის დროსვე გაასამართლეს. 1993 წლის მარტში ბოსნიაში, წარმოშობით სერბი ჯარისკაცი, ბორისლავ ჰერაკი სამკვირიანი სასამართლოს შემდეგ, დამნაშავედ ცნეს 35 მოქალაქის მკვლელობისა და 14-ის გაუპატიურებისთვის. მას 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ამასობაში, უკრაინელი სამხედროების გასამართლებას რუსეთი და მის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტებიც აპირებენ. უფლებადამცველები შიშობენ, რომ კიევში მიმდინარე სასამართლოების პარალელურად, რუსეთს მეტი საბაბი ექნება, „ჯავრი იყაროს” სამხედრო ტყვეებზე. მათ შორის, „აზოვსტალის” დამცველებზეც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG