Accessibility links

site logo site logo

გვარამია აცხადებს, რომ ციხეში ყოფნა არ უჭირს, რადგან მორალური უპირატესობა აქვს


„მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლო პროცესზე 16 მაისს, განაჩენის გამოტანის დღეს

"მთავარი არხის" პატიმრობაში მყოფმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ციხიდან ამავე ტელეარხთან სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ ციხეში ყოფნა არ უჭირს, რადგან მორალურ უპირატესობას გრძნობს.

„[პატიმრობა] არ აღმოჩნდა რთული, იმიტომ რომ პირველ რიგში, როგორც თქვით, მართლა, როცა გადახარშული გაქვს და მზად ხარ... დიდი ხანია ეს გადახარშული მაქვს და მზაობა მაქვს. ამასთან ერთად, თქვენ მიცნობთ მე კარგად და როდესაც მორალური უპირატესობა მაქვს და თავს მართლად ვგრძნობ, მაშინ, არ მიჭირს. ახლაც არ მიჭირს. რომ გითხრათ, მიხარია აქ ყოფნა, ეგრე არ არის, მაგრამ... როგორი ვითარებაა? ციხეა რა, ჩვეულებრივი ციხეა, ნორმალური ხალხით, სავსებით", - თქვა გვარამიამ. მისი აზრით, „ქართულმა ოცნებამ" მისი დაპატიმრებით „დაიჭირა საკუთარი თავი და არ დაიჭირა, მაგრამ, სამწუხაროდ, შეაყოვნა საქართველოს ევროპული განვითარება“.

ნიკა გვარამიამ, აგრეთვე, ილაპარაკა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე მისაღები გადაწყვეტილების შესახებ.

„მე, ნიკა გვარამია, თანახმა ვარ, რომ, აი, ამ ჩემს საკანში ყოფნის პირობებშიც კი შევიდეთ ევროკავშირში და დაე, მე ვიყო ამ საკანში. უბრალოდ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ის კვდება. ნიკა გვარამია გამოვა და ის კვდება. აი, ამაზე რას ფიქრობენ? ამას შეუშვებენ ევროპულ კავშირში?! წამების ქეისებს შეუშვებენ ევროკავშირში?! არარსებულ სასამართლოს შეუშვებენ ევროკავშირში?! ეს ხომ ცივილიზაციაა, რომელიც გიღებს თავის ნაწილად, იმიტომ რომ მიაჩნიხარ მათნაირად", - თქვა გვარამიამ.

თითქმის ორი კვირის წინ, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გვარამიასთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და საპატიმრო სასჯელს უკანონოდ, პოლიტიკურად მოტივირებულად და დამოუკიდებელი მედიისთვის საფრთხის შემცველად აფასებენ უფლებადამცველი ორგანიზაციების, მედიასაშუალებების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. თავის მხრივ, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს უწოდეს სამართლებრივი და ნიკა გვარამიასა და კრიტიკული მედიის პოლიტიკური დევნა გამორიცხეს, რადგან, მათი განცხადებით, "მთავარი არხი" საქმიანობას უპრობლემოდ განაგრძობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG