Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ კორძაია რატი ბრეგაძეს: მიხეილ სააკაშვილი, როგორც ერთი პატიმარი, თქვენს კარიერას გაანადგურებს


მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ოთახში - კადრები მიხეილ სააკაშვილის შიმშილობისას გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 2021 წლის ნოემბერში
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ოთახში - კადრები მიხეილ სააკაშვილის შიმშილობისას გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 2021 წლის ნოემბერში

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მიწვეულ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, დეპუტატმა თამარ კორძაიამ ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახებ დაუსვა კითხვები და უთხრა, რომ იუსტიციის სამინისტრო და მასზე დაქვემდებარებული უწყებები ორმაგი სტანდარტით ეპყრობიან მიხეილ სააკაშვილის პირად ინფორმაციას. თამარ კორძაიას თქმით, პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემებს მაშინ, როცა ეს ხელისუფლებას პოლიტიკურად სჭირდება და არ აწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ დეპუტატს, რომელიც მზადაა პროფესიული საიდუმლოს სტანდარტით დაიცვას მიღებული პერსონალური ინფორმაცია.

"ყველა წერილში გიხსნით, რომ პროფესიული საიდუმლოების ფარგლებში მზად ვარ დავიცვა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემები. იმ ფონზე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ თქვენ კლავთ მიხეილ სააკაშვილს, თქვენ არ გსურთ, მე, ერთ პარლამენტარს დამიმტკიცოთ, რომ არ კლავთ", - უთხრა თამარ კორძაიამ რატი ბრეგაძეს.

კორძაია საუბრობდა პარლამენტის კითხვის ფორმატში იუსტიციის მინისტრისთვის გაგზავნილ წერილებზე, რომლებზე პასუხიც დაგვიანებით მიიღო იმ დღეს, როცა რატი ბრეგაძე პარლამენტში მიდიოდა. კორძაია უკმაყოფილოა რატი ბრეგაძისგან მიღებული პასუხების ფორმით და შინაარსითაც.

"მე გულწრფელად მჯერა თქვენი სურვილების, რომ რეფორმა ჩაატაროთ და პენიტენციური სისტემა იყოს უკეთესი, ასევე მჯერა, რომ თქვენ ბევრს აკეთებთ ამისთვის, მაგრამ არის ერთი პატიმარი, რომელიც არ მოგცემთ თქვენი კარიერის კარგად დასრულების საშუალებას და ეს არის მიხეილ სააკაშვილი. ეს ერთი საკმარისია იმისთვის, რომ განადგურდეს თქვენი კარიერა, როგორც მინისტრის", - უთხრა რატი ბრეგაძეს თამარ კორძაიამ.

მან იუსტიციის მინისტრს სთხოვა ეპასუხა კითხვაზე, რა ღონისძიებები განხორციელდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოგზავნილ წერილთან დაკავშირებით, რომელშიც უკრაინა ითხოვდა საქართველოს მიეწოდებინა ის დოკუმენტები, რომლებიც მნიშვნელოვანია უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ტრანსფერისთვის. იუსტიციის მინისტრს თამარ კორძაიას აპრილში ამ შინაარსის კითხვის პასუხად მიწერილი აქვს, რომ იუსტიციის სამინისტროში ამგვარი 400-მდე საქმეა განსახილველი და უკრაინის პენიტენციურ სამსახურს 11 აპრილს გამოგზავნილ წერილზე პასუხს გასცემენ მას შემდეგ, როცა "საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დასრულდება მიმდინარე საქმისწარმოება უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მომართვამდე სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულთა გადაცემის საქმეებთან დაკავშირებით". ეს პასუხი რატი ბრეგაძეს თამარ კორძაიას 24 აპრილს გაგზავნილ წერილზე დღეს, 27 მაისს აქვს გაგზავნილი.

დღეს, 27 მაისს საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის გზით პრემიერ-მინისტრი და 3 მინისტრი, მათ შორის, იუსტიციის მინისტრი იყვნენ დაბარებული.

XS
SM
MD
LG