Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 წლის წინ 5 მილიონად - კახეთში ქვევრის სკოლა-აკადემია ჯერაც არ ამოქმედებულა


ქვევრის სკოლა-აკადემიის გახსნა. სოფელი იყალთო, 2016 წელი.
ქვევრის სკოლა-აკადემიის გახსნა. სოფელი იყალთო, 2016 წელი.

ამ დრომდე არ მუშაობს სახელმწიფოს მიერ, 2015 წელს, ნაწილობრივ საერთაშორისო სესხით აშენებული ქვევრის სკოლა-აკადემია, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში.

ასევე უფუნქციოა ამავე პროექტის ფარგლებში აშენებული ვიზიტორთა მართვის ცენტრი "შუამთის კარიბჭე" და საზოგადოებრივი ობიექტები, ახალი შუამთის მონასტრის მიმდებარედ. რატომ არ მუშაობს დიდი დაპირებებით გახსნილი ქვევრის ცენტრი და რა აწუხებს მეღვინეების ნაწილს?

პროექტის დასრულება, 2016 წლის სექტემბერში, საპარლამენტო არჩევნების წინ, საგანგებო საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა - ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების, ბიზნესმენების, სასულიერო პირების მონაწილეობით. საოცნებო სარგებელზე, რომელიც ქვევრის სკოლა- აკადემიას მეღვინეობისთვის და მთელი ქვეყნისთვის უნდა მოეტანა, სოფლის მეურნეობის მაშინდელმა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ილაპარაკა:

„ეს არის ის პროექტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ყველას ოცნება იყო და მიზანი მართლაც შესრულდა. ახლა უკვე გვაქვს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვევრის სკოლა-აკადემია, რომელიც ქვევრის წარმოების კუთხით წარმართავს კვლევებს და მექვევრეობას აიყვანს იმ ეტაპზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ქვევრის ღვინის განვითარებას“, - ამბობდა დავითაშვილი 2016 წელს.

ქვევრის სკოლა-აკადემიის კომპლექსის პრეზენტაცია. სოფელი იყალთო. 2016 წელი.
ქვევრის სკოლა-აკადემიის კომპლექსის პრეზენტაცია. სოფელი იყალთო. 2016 წელი.

როგორც ამავე პრეზენტაციაზე ითქვა, პროექტის კიდევ ერთი მიზანი იყო საქართველოში ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარება.

პროექტი თითქმის 5 მილიონი ლარი დაჯდა. სახელმწიფომ 2 მილიონ 300 ათასი მსოფლიო ბანკისგან ისესხა, დანარჩენი კი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. სესხის დაფარვა სახელმწიფომ 2021 წელს დაასრულა. პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ აკადემიაში დამონტაჟებულია ქვევრის გამოსაწვავად საჭირო სპეციალური ღუმელი, რომელიც საქართველოში იტალიიდან ჩამოიტანეს. მისი ღირებულება ორ მილიონ ლარზე მეტია.

ქვევრის სკოლა-აკადემიის შენობა, სოფელი იყალთო
ქვევრის სკოლა-აკადემიის შენობა, სოფელი იყალთო

ამ პროექტზე დიდ იმედებს ამყარებდნენ მეღვინეებიც. იურისტი გიორგი მშვენიერაძე, რომელიც პარალელურად მევენახეობა-მეღვინეობას ეწევა, და ჩვენი საუბრისასაც ვენახში მუშაობდა, გვეუბნება, რომ საქართველოში დღემდე დგას ხარისხიანი ქვევრების დამზადების სერიოზული პრობლემა, რის მოგვარებაც სახელმწიფომ სცადა, თუმცა პროექტი ბოლომდე არ მიიყვანა.

"ამდენი წელია ეს ფული დაიხარჯა, ქონება გადაცემულია საპატრიარქოს დაქვემდებარებაში და ვერც საპატრიარქო და ვერ საზოგადოება ამ პროექტით სარგებელს ვერ იღებენ. ეს იმას ჰგავს, ავმა ძაღლმა არც თვითონ ჭამა და არც სხვა აჭამაო... სწორედ ამას დაემგვანა ის პოლიტიკა, რომელიც სახელმწიფომ მიიღო.

ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლებად ვადანაშაულებ საპატრიარქოს. ეს არის სახელმწიფოს ბრალი, იმიტომ, რომ მან დახარჯა ფული, მან აიღო სესხი და განკარგა ქონება, შემდეგ გადასცა ორგანიზაციას, რომელიც ჩათვალა, რომ ამ პროცესს სწორად წაუძღვებოდა. რბილად რომ ვთქვათ, სახელმწიფო შეცდა და თუ კიდევ უფრო მკაცრად ვიტყვით, რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯა გამოუსადეგრად და ქართველ მეღვინეებს ამ პროექტით არაფერი არ მიუღიათ!“ - გვითხრა გიორგი მშვენიერაძემ.

იყალთოში მდებარე ქვევრის სკოლა-აკადემიის კომპლექსი თავდაპირველად თელავის მუნიციპალიტეტის ბალანსზე იყო, 2017 წელს კი სახელმწიფომ საპატრიარქოს, უზუფრუქტის წესით, 49 წლის ვადით გადასცა. თავის მხრივ, საპატრიარქომ ეს ობიექტი სამართავად გადასცა მიტროპოლიტ აბბა ალავერდელს.

ჩვენ მას წერილობით ვკითხეთ, რა არის პრობლემა, რატომ ვერ ხერხდება ამ ობიექტების გახსნა? მიტროპოლიტმა მოგვწერა, რომ არ გვიპასუხებს.

2016 წელს, როდესაც პროექტის მშენებლობა დასრულდა, პარლამენტში თელავის მაჟორიტარი დეპუტატი იყო გელა სამხარაული. მან პრეზენტაციაზე დამსწრეებს სიტყვითაც მიმართა. სამხარაული ახლაც პარლამენტის წვერია - „ქართული ოცნების“ სიით. ჩვენ ვკითხეთ, რა იცის ქვევრის სკოლა-აკადემიაზე, რომელიც მისსავე სოფელში მდებარეობს და მშენებლობის დასრულებიდან 7 წლის შემდეგაც უფუნქციოა?

„ბოლო შეთანხმება რაც იყო, აკადემიას ფუნქციონირება უკვე უნდა დაწყებული ჰქონდეს და განახლებული ინფორმაცია არ მაქვს. სიმართლე გითხრათ, მშენებლობის დასრულების შემდეგ, მე ამ პროცესებში ჩართული არ ვყოფილვარ“, - გვიპასუხებს დეპუტატი სამხარაული.

ნახეთ "თავისუფლების მონიტორის" 2020 წლის ჟურნალისტური გამოძიება "უძირო ქვევრი":

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG