Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხერსონელებმა დაადასტურეს, რომ პრორუსული ადმინისტრაცია მათ არ უშვებს ნიკოლაევსა და ზაპოროჟიეში


უკრაინის სამხრეთში მდებარე ხერსონის რეგიონის მაცხოვრებლებმა დაადასტურეს რუსეთის მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ რუსეთის სამხედრო მეთაურმა, რომელიც რაიონს ხელმძღვანელობს, უკრაინელებს „აუკრძალა“ უკრაინის კონტროლქვეშ მყოფ რეგიონებზე წასვლა.

ხერსონის მოსახლეებმა, რომლებიც რადიო თავისუფლების უკრაინულ რედაქციას ესაუბრნენ, არ ისურვეს საკუთარი ვინაობის გასაჯაროება. მათი თქმით, სამოქალაქო პირებს უფლებას აძლევენ, თავი შეაფარონ მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და ზაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილს, რომელსაც რუსეთის ჯარები აკონტროლებენ.

ადრე „რია ნოვოსტის“ მიერ გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, აკრძალვა გამოსცა კირილ სტრემოუსოვმა, რომელიც რუსეთის ჯარების მიერ რეგიონის მეთვალყურედაა დანიშნული. სტრემოუსოვმა თქვა, რომ მეზობელ ნიკოლაევსა და დნეპროპეტროვსკში გამგზავრების აკრძალვის თაობაზე გადაწყვეტილება ემყარება „საფრთხეს გამუდმებული სროლის გამო“, რისთვისაც მან უკრაინის ჯარებს დასდო ბრალი, თუმცა ამ ბრალდების შემოწმება შეუძლებელია.

რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალები გამოკითხვებსა და სხვა „საფილტრაციო“ ზომებს ატარებდნენ გაქცეული სამოქალაქო პირების ლოიალობის შესამოწმებლად. მიიჩნევა, რომ ათიათასობით უკრაინელი აიძულეს, რუსეთში ან რუსეთის მიერ კონტროლირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე გაქცეულიყო.

კიევი და საერთაშორისო მეთვალყურეები იძულებით გადაადგილებას ასახელებენ რუსეთის ჯარების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულთა მზარდ ჩამონათვალს შორის.

14 მაისს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამოქალაქო ადმინისტრაცია, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა დანიშნეს ხერსონის ოლქში, დიდი ალბათობით მოსკოვს მიმართავს თხოვნით, რეგიონი რუსეთის ფედერაციაში შეიყვანოს. ლონდონის თანახმად, თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი სავარაუდო რეფერენდუმი, რომელსაც მოსკოვის მომხრე ხელისუფლება ჩაატარებს რეგიონში, გაყალბებული იქნება, რათა აჩვენოს, რომ უმრავლესობას უკრაინის დატოვება სურს.

XS
SM
MD
LG