Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰარცელი: მნიშვნელობა არ აქვს როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკომისია წევრობის სტატუსზე, დროა საქართველო შეუდგეს მუშაობას


კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ არ სურს სპეკულაციები საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით. მისი თქმით, როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, დასკვნა იქნება იგივე, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს მუშაობა და წინსვლა ევროკავშირის წევრობის გზაზე.

„საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, ბოლო კვირების განმავლობაში განვითარებული მოვლენების ნაწილია. მოველი, რომ მომავალ დღეებში გამოქვეყნდება ევროკომისიის შეფასება. ამის შემდეგ წევრ სახელმწიფოებს შორის იქნება დისკუსია შესაძლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მათ უნდა მიიღონ. არ დავიწყებ სპეკულაციებს ევროკომისიის შეფასების შედეგებსა და ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ვიტყვი, რომ არა აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება შედეგები, დაბალი მოლოდინები იქნება თუ უფრო მეტი, ვიდრე იმედები პირობებით ან პირობების გარეშე. ერთია მთავარი, დასკვნა იგივე იქნება, რომ დროა, საქართველო შეუდგეს მუშაობას ამ საკითხთან დაკავშირებით. ახლა დროა დაჯდომის იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოხდეს სტაბილური წინსვლა იმ კუთხით, რაც საჭიროა საქართველოს ევროკავშირში წევრობისთვის. პოლიტიკოსების ძალა ამ საქმეში, რა თქმა უნდა, არის ის ფაქტი, რომ ისინი ეყრდნობიან მოსახლეობის უმრავლესობას, რომლებიც მხარს უჭერენ ამ სტრატეგიულ ამოცანას“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა მედიასთან საუბარში კონფერენციამდე, რომლის სახელწოდებაცაა „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“. კონფერენცია თბილისში, სასტუმრო "რედისონში" იმართება.

კითხვაზე მოსამართლეების დამოუკიდებლობა არის თუ არა ის საკითხი, რომელსაც განმსაზღვრელი მნიშვნელობა ექნება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ კანონის უზენაესობა იმ პრინციპთაგანია, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება.

„ევროკავშირი რიგ ფუნდამენტურ პრინციპს ეფუძნება. დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ ღირებულებებს, ვინც არ უნდა ითხოვდეს ევროკავშირში გაწევრიანებას. ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, თანასწორობაზე, ფუნდამენტურ თავისუფლებებზე და ამის ნაწილია ასევე კანონის უზენაესობა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს საქართველოს ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის, მიერ გაკეთებული კომენტარების მიხედვით, მოელიან, რომ საქართველო შევსებულ კითხვარზე პასუხს ივნისის ბოლოს მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG