Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები წარმატებულად გაგრძელდება


30 მაისი. თბილისი, ორბელიანების სასახლე. სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
30 მაისი. თბილისი, ორბელიანების სასახლე. სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. მან თბილისში, ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად მედიისთვის განცხადება გააკეთა. პრეზიდენტებმა ილაპარაკეს საქართველო-სომხეთის 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ, თუმცა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მრავალ საუკუნეს ითვლის.

სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება დაუთმო უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას, გამოყო რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევები.

„ჩვენი ქვეყნები და რეგიონი არიან ახალი გამოწვევების და შესაძლებლობების წინაშე. უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია წარმოადგენს ყველასთვის ახალ გამოწვევას, რამეთუ ირღვევა ყველა საერთაშორისო ნორმები და პრინციპები, რაზედაც აგებულია საერთაშორისო წესრიგი, უსაფრთხოების არქიტექტურა და ამდენად ჩვენი ქვეყნების სუვერენობის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებიც ირღვევა კიდევ ერთხელ. ყველასთვის შემაშფოთებელია ადამიანის ყველა უფლების უხეში დარღვევა, რასაც დღეს ვხედავთ და რაც მიმდინარეობს უკრაინაში. უკრაინის გვერდით ვდგავართ და ვუცხადებთ სრულ სოლიდარობას, - აღნიშნა პრეზიდენტმა და ისაუბრა ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შესახებ, - საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება რჩება უმძიმესი. სუვერენულობის უგულებელყოფა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება და მძიმდება, რასაც ემატება ახალი მუქარა რეფერენდუმის სახით, რომელიც გამოცხადებულია 17 ივლისისთვის“.

სალომე ზურაბიშვილმა კრიზისის დროს გამოჩენილ ახალ შესაძლებლობებზეც ილაპარაკა: „თუმცა ამავე დროს ევროპის ინტეგრაციის გზაზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები ძალიან დიდ შანსს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე ამ რეგიონისთვის, რომელიც შედის აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში“.

როგორც ზურაბიშვილი ამბობს, რეგიონის მომავალი დამოკიდებულია მშვიდობიან გარემოზე და იმედოვნებს, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის წარმატებულად გაგრძელდება. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ამ კუთხით პროცესში ევროკავშირის ჩართულობას. „ვიცით, რომ ამ მოლაპარაკებებზე არის დამოკიდებული რეგიონში სრული მშვიდობის დამყარება“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ რეგიონის სატრანზიტო პოტენციალი, ახალი ინფრასტრუქტურული ქსელები და ენერგეტიკის ახალი გზები საქართველოსა და სომხეთისთვის მაღალი ინტერესის სფეროებს წარმოადგენს და საჭიროა ამ მიმართულებებით ერთობლივი მუშაობა.

სალომე ზურაბიშვილი გამოსვლის დასასრულს შეეხო ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას.

„აღვნიშნეთ რა საქართველოში შექმნილი ყველა პირობა, რათა სომხურ წარმოშობის ქართველ მოქალაქეებმა შეინარჩუნონ საკუთარი კულტურა და ენა, და, ამავე დროს, შეძლონ ქვეყნის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ. ამ კუთხით ძალისხმევა არ შენელდება. სომხური და აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეების მშვიდობიანი თანაცხოვრება ამ ქვეყანაში მეტყველებს ქვეყანაში შექმნილ შემწყნარებლურ პირობებზე და წარმოადგენს პოზიტიურ მაგალითს კავკასიის რეგიონისთვის, კავკასიის ტრადიციის გამგრძელებელს“, - თქვა ზურაბიშვილმა [სტილი დაცულია].

სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი მოხარულია, რომ პირველი ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტის რანგში მეზობელ, სტუმართმოყვარე საქართველოში აქვს. როგორც ის აცხადებს, სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები 30 წლის წინ დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობით არ იწყება და უხსოვარი დროიდან მოყოლებული აქვს ფესვები. პრეზიდენტის თქმით, სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას.

ვაჰაგნ ხაჩატურიანი ამბობს, რომ კოლეგასთან ბევრი საკითხი განიხილა და ძირითადად შეჯერდნენ ტრანსპორტზე, კავშირგაბმულობაზე, კომუნიკაციებსა და ჰუმანიტარულ საკითხებზე.

„კერძოდ, განვიხილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საერთაშორისო პროექტებში ჩართვას, მაგალითად, სპარსეთის ყურე-შავი-ზღვის სატრანსპორტო დერეფანს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი აღებული ვალდებულება, შევინარჩუნოთ ჩვენი არსებული მრავალმხრივი ურთიერთობების მაღალი დონე და ვისაუბრეთ მაღალტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე“, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

ხაჩატურიანმა დაამატა: „ვფიქრობ, ჩვენი არჩეული სხვადასხვა გზა შესაძლებლობას მოგვცემს, გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები, ასევე, ვისაუბრეთ უსაფრთხოებაზე, რეგიონულ საკითხებზე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მსგავს საკითხებში ყველაფერი ეფუძნება ქართულ-სომხურ მეგობრობას“.

სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს დღეს, 30 მაისს, ეწვია. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის გარდა, ის შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG