ევროკავშირის სამიტის კულუარებში ჟურნალისტებთან საუბრისას ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეთავაზების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. მისი თქმით, ამჟამად განიხილება ამ სტატუსის მინიჭება პირველ რიგში უკრაინისთვის.
„ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ივნისის სამიტისთვის მივაღწიოთ შეთანხმებას. და, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, უკრაინამ მიიღოს მკაფიო პირობები - როგორ მიაღწიოს კანდიდატის სტატუსს. რა თქმა უნდა, მოლდოვისა და საქართველოს საკითხიც განიხილება, მაგრამ, ვფიქრობ, ისინი ჯერ არ არიან მზად. ცხადია, ჩვენ ყველას თანაბრად ვუჭერთ მხარს, მაგრამ ყველა ამ სახით არ უჭერს მათ მხარს.“
ამავე საკითხს შეეხო ლატვიის პრემიერ-მინისტრი კრისტიანის კარინსი, რომლის აზრითაც, სამი ქვეყნისთვის კავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღება ძალზე იოლია და ევროკავშირმა უნდა გადადგას ეს ნაბიჯი.
„ევროპამ ახლა თავისი კარები უნდა გახსნას. კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება ძნელი არ არის. ეს წმინდად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ერთ დღეში შეიძლება იქნეს მიღებული. და მე ვფიქრობ, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ უკრაინისთვის და სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც გვინდა, რომ გაიხსნან და გააფართოონ ევროპის დემოკრატიული ქვეყნების ოჯახი, ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ კანონის უზენაესობით და არა ძალის უზენაესობით ცხოვრება“, - თქვა კარინსმა.
უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ წელს წარადგინეს ევროკავშირის წევრობის განაცხადები. საქართველომ განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს საქართველოს ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს. თბილისში მოელიან, რომ პასუხების შეფასებას ივნისის ბოლოს მიიღებენ.
ევროკავშირის 30-31 მაისის სამიტის მთავარი საკითხია კავშირის შემდგომი ერთობლივი ნაბიჯები რუსეთის მიმართ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განიხილება მოსკოვის მიმართ სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელშიც, როგორც გამოჟონილი ინფორმაცია მოწმობს, ლაპარაკია რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესებაზე. ოღონდ დროებითი გამონაკლისი იქნება დაშვებული ნავთობსადენებით მიწოდებული ნედლი ნავთობისთვის.
დაწერეთ კომენტარი