Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

29 მაისს დაკავებულ ძმებ კაკულიებს გამოძიება ვაკეში კაცის მკვლელობის მცდელობას ედავება


საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ 29 მაისს გვიან ღამით დაკავებულ ძმებს, გუგა და დავით კაკულიებს, ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი 27 მაისს ვაკეში, არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩის კვეთაზე კაცის განზრახ მოკვლას გეგმავდნენ. პროკურატურის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით მათ ერთი პირი დაჭრეს. ბრალდების ამ ნაწილს საგამოძიებო უწყებები ამ დრომდე არ უდასტურებდნენ მედიასაშუალებებს.

"გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მართლსაწინააღმდეგოდ, ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ მათ მიერ ნაქირავებ ბინაში", - განაცხადა საქმის პროკურორმა.

ძმებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" და მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით (ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას), 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ჯგუფურად შენახვა და ტარება) და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) წაუყენეს. მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

საგამოძიებო ორგანოში დაკავებული ძმების სხვა სისხლის სამართლის საქმეებთან შესაძლო კავშირთან დაკავშირებითაც გაკეთდა მინიშნებები.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან მათი შესაძლო შემხებლობა", - თქვა საქმის პროკურორმა.

ძმებ კაკულიების გვარი მედიასაშუალებებში რამდენიმე თვის წინ მოკლულ ნიკო კვარაცხელიას საქმეს დაუკავშირეს. მათი ვარაუდით, ძმებმა კვარაცხელიაზე შური იძიეს. შვილის მკვლელობის დამკვეთებად მოიხსენია დაკავებული ძმები კვარაცხელიას დედამაც. "ფეისბუკში" გამოქვეყნებულ სტატუსში იგი წერდა:

"ძალიან რთული დღე გვაქვს, ემოციურად ურთულესი, დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები (ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილია მკვლელი ჭელიძის და მკვლელი კაველაძის აღიარებიდან) ძმებმა კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი და გასროლით ამცნეს ქალაქის შუაგულს - აქ ვართ, არსად წავსულვართ, დაიჩოქეთო", - წერდა ნიკო კვარაცხელიას დედა.

ონლაინპლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ათზე მეტი გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

2022 წლის 15 აპრილს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დამნაშავეებად ცნო ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე, ჯგუფურ მკვლელობასა და ჯგუფურად იარაღის ტარების მუხლით. მათ 17 წლამდე პატიმრობა შეუფარდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG