Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სევეროდონეცკის ქიმიურ ქარხანაში რაკეტა მოხვდა აზოტმჟავას ცისტერნას


სევეროდონეცკი. 30 მაისის ფოტო.
სევეროდონეცკი. 30 მაისის ფოტო.

სევეროდონეცკში, ქიმიურ ქარხანაში, რაკეტა მოხვდა აზოტმჟავას ცისტერნას. ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ჰაიდაიმ დაწერა Telegram-ში.

ქარხანა მდებარეობს სამრეწველო ზონაში, რომელსაც, უკანასკნელი ინფორმაციით, კვლავაც აკონტროლებს უკრაინის არმია, რომელმაც სევეროდონეცკის ცენტრიდან დაიხია.

ჰაიდაიმ გააფრთხილა ხალხი, რომ აზოტმჟავა სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.

ლუგანსკის ოლქში მდებარე სევეროდონეცკი უკანასკნელ დღეებში რუსეთის იერიშების მთავარი სამიზნე გახდა. ქალაქში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს. ამჟამად მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, რუსეთის არმიამ ხელში ჩაიგდო სევეროდონეცკის დაახლოებით 70%. ჰაიდაის სიტყვებით, უკრაინის ჯარებს აქვთ ქალაქიდან უკან დახევის საშუალება, რათა გადაარჩინონ მეომართა სიცოცხლე და გარედან დაიკავონ თავდაცვითი პოზიციები, რომ ხელი შეუშალონ რუსეთის არმიის შემდგომ წინსვლას.

უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე სევეროდონეცკში განთავსებული იყო ოლქის ადმინისტრაცია და იქ 100 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა. როგორც ხელისუფლება ამბობს, ამჟამად ქალაქში კრიტიკული ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად დანგრეულია. დაზიანებულია საცხოვრებელი ფონდის 90%-მდე, დანგრეული სახლების ნახევარზე მეტის აღდგენა შეუძლებელია.

XS
SM
MD
LG