Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელია EPP-ის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა: მივმართავთ ევროკავშირს, გაუღოს კარი საქართველოს


31 მაისი. როტერდამი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ EPP-ის ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
31 მაისი. როტერდამი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ EPP-ის ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

„ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) ყრილობაზე, რომელიც ნიდერლანდში, ქალაქ როტერდამში გაიმართა, სიტყვით გამოვიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია. მან სიტყვის შესავალი დაუთმო უკრაინასა და საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიას.

„ჩვენ ყველა ვგრძნობთ, რომ უახლოესი დღეები, კვირები და თვეები სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური თვალსაზრისით თუ უკრაინაში და მის მიღმა - შეცვლის ჩვენი კონტინენტის ბედს.

და მაინც, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ არ ვიცოდით. ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა, რადგან უკრაინა არ არის კგბ-ის ოფიცერ პუტინის პირველი მსხვერპლი. 2008 წელს ის თავს დაესხა ჩემს ქვეყანას, რომლის 20% დღემდე ოკუპირებულია. ზოგიერთები დასავლეთში აცხადებდნენ, რომ საქართველო იყო აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ. რაც შეცდომაა! რაც სიცრუეა! პუტინისთვის საქართველო 2008 წელს იყო მხოლოდ მოთელვა 2014 და 2022 წლის წინ.

რატომ იყო დასავლეთი ასეთი ყრუ? რატომ იყო დასავლეთი ასეთი ბრმა? რატომ არ სურს დღესაც ზოგიერთ დასავლელ ლიდერს, დიქტატორს უწოდოს დიქტატორი? და ბოლოს და ბოლოს ყვავს უწოდოს ყვავი? რეალიზმის, და ზოგჯერ გამბედაობის არქონას მივყავართ ტრაგიკულ შედეგებამდე. უკრაინა. და ახლა ისევ საქართველოც", - თქვა მელიამ.

ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელმა, ასევე, ილაპარაკა საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ და გაიხსენა თავისი პატიმრობა 2021 წელს.

„საკუთარ თავზე შეყვარებულმა "გაზპრომის" ოლიგარქმა მიიტაცა ქართული სახელმწიფო და ქვეყანას თავის პირად საკუთრებად მიიჩნევს. ზუსტად ერთი წლის წინ ვიყავი ციხეში. სწორედ ევროკავშირი იყო ის, ვინც გადაიხადა ჩემი გირაო, როგორც ჩემი თავისუფლების ფასი.

თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ დამნაშავე ვარ. დამნაშავე ვარ, რომ წარმოვადგენ მათ, ვისაც სჯერა ევროპული და დემოკრატიული საქართველოსი, - აღნიშნა ნიკა მელიამ. მან გამოსვლა განაგრძო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესახებ საუბრით: „დამნაშავე ვარ, რომ ვიცავ მთავრობის პოლიტიზებული მართლმსაჯულების მსხვერპლებს:

- პოლიტიკურ ლიდერს, როგორიც არის საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ქვეყანა ამოიყვანა პოსტსაბჭოთა სიბნელიდან, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, რომელიც პირველი აღუდგა წინ პუტინის იმპერიალისტურ ოცნებას რეგიონში სრულ დომინაციაზე და რომელიც დღეს, ზუსტად ამ დროს, როდესაც მე თქვენ მოგმართავთ, სიკვდილის პირას მყოფი, საკუთარ აჩრდილად არის ქცეული, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შედეგად.

- საზოგადოებრივი აზრის ლიდერებს, როგორიც არის ოლიგარქიული რეჟიმის კრიტიკისთვის ახლახან დაპატიმრებული მთავარი დამოუკიდებელი ტელევიზიის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია. გადამეტების გარეშე, ის დაპატიმრებულია, რადგან ძალიან აქტიურია რეჟიმის წინააღმდეგ.

დამნაშავე ვარ, რომ წარმოვადგენ ჩემს თანამოქალაქეებს, რომლებსაც რცხვენიათ, რომ საკუთარ ხელისუფლებას ვერ ხედავენ უკრაინისა და უკრაინელებისადმი მიმართულ საყოველთაო ტალღაში.

და ბოლოს, დამნაშავე ვარ, რომ უარს ვაცხადებ დავინახო, თუ როგორ ეშვება ჩემი ქვეყანა პუტინის მიერ დაპირებული ახალი რკინის ფარდის ბნელ მხარეს".

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და მიმართა ევროკავშირს, რომ საქართველოს კარი გაუღოს.

„ქართველ ხალხს, ისე როგორც არასდროს, გვინდა ევროპა. ჩვენ გვჭირდება ევროპის თანადგომა, რომ დავამარცხოთ სახელმწიფოს მიტაცება. ჩვენ გვინდა ევროპა, რადგან ჯერ კიდევ ვოცნებობთ თავისუფლებაზე, საერთო კეთილდღეობაზე, მშვიდობიან მომავალზე. ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს, გაუღოს კარი საქართველოს.

ვიცით, რომ ეს გზა იქნება გრძელი და რთული, დაბრკოლებებით სავსე, მაგრამ ჩვენ ის ერთად უნდა გავიაროთ. დღევანდელი ოლიგარქიული რეჟიმი არის მძიმე დაბრკოლება, მაგრამ თქვენი მხარდაჭერით ჩვენ ამასაც გადავლახავთ. ზოგიერთებს უნდათ, რომ ჩვენ შევწყვიტოთ ბრძოლა ევროკავშირისთვის, მაგრამ ჩვენ არასდროს შევწყვეტთ ბრძოლას ევროპული ფასეულობებისათვის, ჩვენ არასდროს გავიქცევით, ჩვენ არასდროს მივყვებით დინებას!" - განაცხადა მელიამ.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს საქართველოს ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს. თბილისში მოელიან, რომ პასუხების შეფასებას ივნისის ბოლოს მიიღებენ.

XS
SM
MD
LG