Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პესკოვი: აშშ მისდევს რუსეთთან ბოლო უკრაინელამდე ომის ხაზს


ფოტო არქივიდან: რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი
ფოტო არქივიდან: რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი

კრემლი არ ენდობა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, რომ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები რუსეთის ტერიტორიაზე შეტევისთვის არ სჭირდებათ. ამის შესახებ დღეს მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, ნდობისთვის საჭიროა გამოცდილება, რომ დაპირებები სრულდება, ასეთი გამოცდილება კი, არ არსებობს.

რაც შეეხება აშშ-ის გადაწყვეტილებას, უკრაინას გადასცეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, პესკოვის შეფასებით, აშშ უკრაინაში „ცეცხლზე ნავთს ასხამს".

პუტინის პრესმდივნის განცხადებით, „ნათელია, რომ აშშ მართლაც მისდევს ხაზს იმის შესახებ, რომ რუსეთთან ბოლო უკრაინელამდე იომოს“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 31 მაისს გამოაცხადა უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების გადაცემის გადაწყვეტილება. თეთრი სახლიდან გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა მიიღებს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს HIMARS-ს​. მას სამიზნეების განადგურება შეუძლია დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე, თუმცა, აშშ უკრაინას გადასცემს სისტემის ისეთ ჭურვებს, რომელთა მოქმედების რადიუსი დაახლოებით 80 კილომეტრია.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თანახმად, უკრაინა მიიღებს სარაკეტო სისტემებს, რომელთა გამოყენებას შეძლებს საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის შეტევების მოსაგერიებლად და არა რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 31 მაისს ამერიკულ გამოცემა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შორ მანძილზე მოქმედების შეიარაღებას ითხოვენ უკრაინის ტერიტორიის დასაცავად და არა რუსეთზე თავდასხმისთვის.

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის სახელმწიფოებმა, განსაკუთრებით აშშ-მა, უკრაინას გაუწიეს მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარება, თუმცა, კიევისთვის დღემდე გადაცემულ შეიარაღებას შორის არ არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები. ამ ტიპის შეიარაღებას უკრაინა განსაკუთრებით აქტიურად ითხოვს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG