Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი რუსეთის კაცი?


გია ნოდია
გია ნოდია

ეს სათაური შეგნებულად პროვოკაციულია.

ბევრს კითხვის ნიშანი გააკვირვებს: ნუთუ ეს კიდევ საკითხავია? „ქართული ოცნების“ მომხრეები ხელს აიქნევენ: „ომის პარტიის“ მორალურად გაკოტრებულ მომხრეებს სხვა სათქმელი აღარაფერი დარჩათ. ზოგი ყოვლად მიუკერძოებელი ანალიტიკოსიც აიმრიზება: ქართველმა ვითომ ექსპერტებმა შეთქმულების თეორიებში ქექვა ვეღარ მოიშალეს.

სიტუაცია პარადოქსულია: ამ კითხვაზე პასუხები შეიძლება ყველაზე მეტად ყოფდეს ქართულ საზოგადოებას, მაგრამ ის სერიოზული დისკუსიის საგანი არასოდეს გამხდარა. ყველა თავის აპრიორულ სიცხადეშია ჩაკეტილი და კითხვის დასმას მკრეხელობად მიიჩნევს. მე კი მგონია, რომ განხილვა საჭიროა.

ზოგად პასუხს წინასწარ ვიტყვი: გააჩნია, „რუსეთის კაცში“ რას ვიგულისხმებთ. ამიტომ, კითხვა რამდენიმე, უფრო კონკრეტულ თემაზე უნდა დავიყვანოთ:

იმართება თუ არა ივანიშვილი რუსეთიდან?
არის თუ არა ივანიშვილის პოლიტიკა პრორუსული?
არის თუ არა ივანიშვილი რუსი: ბიძინა თუ ბორისი?

იმართება თუ არა ივანიშვილი რუსეთიდან?

ამაზე ერთადერთი პატიოსანი პასუხია „არ ვიცი“. თუმცა, ეს „არ ვიციც“ რაღაცას ნიშნავს: ივანიშვილის მიმართ ასეთი ეჭვი თავიდანვე ბევრს გაუჩნდა და არა მხოლოდ მისი მთავარ ოპონენტს, „ნაციონალურ მოძრაობას“.

პირველ რიგში, ეჭვის მიზეზია ბიოგრაფია: ეს კაცი რუსეთში გამდიდრდა და პოლიტიკაში მოსვლის მომენტისთვის ძირითადი ბიზნესები რუსეთში ჰქონდა, იქ კი ხელისუფლებას ბიზნესზე გავლენის ძლიერი ბერკეტები აქვს. მართალია, ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ თავისი რუსული ბიზნესები გაყიდა (ან გვითხრა, გავყიდეო), ზოგი კომენტატორის აზრით, ესეც ხელისუფლების არაფორმალური კონტროლის ქვეშ უნდა მომხდარიყო.

მაგრამ, თუნდაც ასე იყოს, საკმარისია თუ არა ეს იმის სათქმელად, რომ ივანიშვილი დღესაც რუსეთის, კერძოდ, პუტინის მითითებებს ასრულებს? არა, ეს საკმარისი არ არის. სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ პუტინის განწყობის გათვალისწინებით, ცხადია, რომ ის მის ივანიშვილით ჩანაცვლებას ხელს არ შეუშლიდა და თუ შეეძლო, წაეხმარებოდა კიდეც: ამ კონკრეტულ მომენტში მათი ინტერესები დაემთხვა. მაგრამ აქედან არ გამომდინარეობს, რომ პუტინმა ამის შემდეგაც შეინარჩუნა ივანიშვილზე გავლენის ბერკეტები.

ნებისმიერ პოლიტიკოსზე საუბრისას ყველაზე ლოგიკური და ბუნებრივი წანამძღვარია, რომ მას საკუთარი ინტერესები და რწმენა ამოძრავებს. პოლიტიკოსები, როგორც წესი, არ ინარჩუნებენ მადლიერებას მათ მიმართ, ვინც მათ კარიერას ოდესღაც ხელი შეუწყო. ივანიშვილის ძირეული ინტერესია, დარჩეს ხელისუფლებაში (ტექნიკურად ზუსტი რომ ვიყო, მართვის სადავეებთან დატოვოს ჯგუფი, რომელსაც გააკონტროლებს). მისი ნებისმიერი ქმედება უპირველეს ყოვლისა ამით უნდა ავხსნათ.

ცხადია, ვერ გამოვრიცხავ, პრეზიდენტ პუტინს მართლაც ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილზე ზემოქმედების საიდუმლო ბერკეტები. მაგრამ მე ამაზე არაფერი ვიცი და არც ვინმესგან გამიგია. ამიტომ ამაზე ლაპარაკიც არ ღირს.

ჯობია, განსხვავებული კითხვა დავსვათ:

არის თუ არა ივანიშვილის პოლიტიკა პრორუსული?

აქ შეთქმულების თეორიები აღარ დაგვჭირდება: პოლიტიკა და მისი შედეგები ზედაპირზე დევს. ისევ დეფინიციით დავიწყებ: რას ნიშნავს „პრორუსული პოლიტიკა“? ეს არ არის იგივე, რაც „რუსეთიდან ნაკარნახევი“. შედარებისთვის, რას ნიშნავს „პროდასავლური პოლიტიკა?“. მიხეილ სააკაშვილს რამდენჯერმე უთქვამს, რომ მისი პოლიტიკა არა პროდასავლური, არამედ პროქართულია:

საქართველოს ინტერესი უბიძგებს, ქვეყანაში დასავლური მოდელებით შთაგონებული რეფორმები გაატაროს და დასავლეთის ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან ახლო კონტაქტები ეძიოს. მათ აზრს ანგარიში უნდა გავუწიოთ, მაგრამ რაღაცაში შეიძლება არ დავუჯეროთ და შევეკამათოთ. არ შემიძლია, არ დავეთანხმო. უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი პროდასავლელი პოლიტიკოსია, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, დასავლეთი ხანდახან მკაცრად დატუქსოს.

იქნებ ვიღაცას ჰგონია, რომ რუსეთთან და არა დასავლეთთან სიახლოვე ჩვენი ქვეყნისთვის ობიექტურად უკეთესია? მე ასეთ ადამიანს კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, მაგრამ ვერ გამოვრიცხავ, გულწრფელად ასე ფიქრობდეს.

არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა ამ გაგებით პრორუსული? პასუხისას მაქსიმალურად კონკრეტულები უნდა ვიყოთ. ივანიშვილი მოვიდა დაპირებით, რომ დასავლური ინტეგრაციის პოლიტიკასაც გააგრძელებდა და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციასაც შეძლებდა. მე ამ ხედვას სკეპტიკურად ვუყურებდი, რადგან რუსეთისთვის სწორედ საქართველოს დასავლური ორიენტაციაა მიუღებელი: ამის გამო მან 2008 წელს ჩვენი, ხოლო 2014 და 2022 წლებში უკრაინის დასჯა გადაწყვიტა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი ჩვენი დასავლელი პარტნიორიც მიესალმა ივანიშვილის „დაბალანსებულ“ მიდგომას და დიდხანს თვლიდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელში საქართველო რეალურ წარმატებებს აღწევდა ევროინტეგრაციის გზაზე. შეიძლებოდა, დასავლური ორიენტაციის გულწრფელ ქართველ მომხრესაც ასე ეფიქრა.

მაგრამ ბოლო წლებში ხელისუფლების რეალური პროდასავლურობის დაჯერება სულ უფრო რთული, თუ არა შეუძლებელი, გახდა. ამას მრავალი რამ ადასტურებს: ავტორიტარიზმის სულ უფრო ღია გამოვლენები (რასაც „რეფორმების ტემპის შენელებას“ ვეაღარ უწოდებ), ე.წ. შარლ მიშელის ხელშეკრულების სანაგვეში მოსროლა, ღიად ანტიდასავლური ძალადობრივი ჯგუფების წახალისება, დასავლელი პოლიტიკოსების პრინციპულ საკითხებზე ღია და უხეში კრიტიკა, რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, არათანმიმდევრული პოზიცია, სულ ბოლო დროს კი - შეთქმულების თეორიების გავრცელება, თითქოს დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევა უნდა.

მივიღეთ შედეგი, რომ ჩვენი ხელისუფლების „პროდასავლურობის“ თითქმის აღარავის სჯერა. დასავლელი პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები ამას სულ უფრო ღიად ამბობენ. ივანიშვილის პრორუსულობაზე ლაპარაკი აღარ ეთაკილებათ ქართველ „შუაშისტებსაც“, ვინც მანამდე ამგვარ ბრალდებებს „ნაცების“ აკვიატებად მიიჩნევდა.

რით შეიძლება ავხსნათ ივანიშვილის პოლიტიკის ასეთი ტრაექტორია? შეიძლება, მისი პოლიტიკის პროდასავლური მდგენელი იმთავითვე „ტრიუკი“ იყო და ირაკლი ალასანიას და დავით უსუფაშვილის მსგავსი ფიგურები დასავლეთისთვის თვალის ასახვევად, „ლეღვის ფოთლებად“ სჭირდებოდა (თავის დროზე მეც ეს ვარაუდი გამოვთქვი). მეორე მხრივ, იგივე უსუფაშვილი გვიმტკიცებს, რომ „მის დროს“ ივანიშვილი გულწრფელად „პროდასავლური“ იყო და მერე შეიცვალა აზრი. მაგრამ რომელ ვერსიასაც გინდა დავუჯეროთ, ბოლო წლებში დასავლეთისგან დისტანცირება რაღაცით უნდა აიხსნას. რა შეიცვალა 2013 ან 2016 წელთან შედარებით?

ისევ ვარაუდებს უნდა დავეყრდნოთ. იქნებ, ივანიშვილი მიხვდა (შესაძლოა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, როდესაც მარცხის პერსპექტივა რეალობად წარმოჩნდა), რომ დემოკრატიული სტანდარტების თუნდაც შეზღუდული დაცვა ძალაუფლების დაკარგვას უქადდა. ოპონენტების მიმართ უფრო აგრესიული ქმედებები იყო საჭირო, ამისთვის კი მეტად უნდა დაყრდნობოდა ღიად ანტიდასავლურ ძალებს, როგორც ყველაზე მოტივირებულ მოკავშირეს ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიასთან ბრძოლაში („ოცნება“ მათ დიდი ხანია, აღარ ასხვავებს). ამ ფონზე დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესება გარდუვალი იყო.

გეოპოლიტიკური ფაქტორიც არსებობს: შესაძლოა, უკრაინის ომის ფონზე ივანიშვილი მიხვდა, რომ დასავლეთსაც და რუსეთსაც ერთდროულად ვერ ასიამოვნებდა და არჩევანი უნდა გაეკეთებინა. მან ჩათვალა, რომ ომს რუსეთი იგებდა და დასავლეთი უკრაინის მშველელი არ იყო, ამიტომ რუსეთის წყენინება უფრო ძვირი დაუჯდებოდა.

სხვამ შეიძლება კიდევ სხვა ვარაუდი გამოთქვას. მაგრამ მთავარია, რომ საქართველო ობიექტურად სცილდება დასავლურ ტრაექტორიას როგორც შიდა, ის საგარეო პოლიტიკაში. ჩვენს გეოპოლიტიკურ გარემოში ეს ავტომატურად პრორუსულ გზაზე შედგომას ნიშნავს. ამიტომ ახლა გაცილებით მეტი საფუძველი გვაქვს, ივანიშვილის პოლიტიკას „პრორუსული“ ვუწოდოთ.

ბიძინა თუ ბორისი - არის თუ არა ივანიშვილი რუსი?

მაგრამ ზემოთქმული აღწერს „ოცნების“ პოლიტიკის ტრაექტორიას: ის დაშორდა დასავლეთს თავისივე მმართველობის პირველ წლებთან შედარებით, თუმცა პროდასავლურ მდგენელს მისი პოლიტიკა მაინც ინარჩუნებს - ევროკავშირის წევრობის განაცხადი შეტანილია; საქართველომ გაეროში ხმა მისცა რუსეთის აგრესიის დამგმობ რეზოლუციას და ა.შ. „ოცნების“ სპიკერები სხაპასხუპით ჩამოთვლიან ამ და სხვა ფაქტებს და რიტორიკულ კითხვას მიაყოლებენ: „როგორ შეიძლება, ეს ყველაფერი პრორუსულ მთავრობას გაეკეთებინა?“
ამაზე შესაძლო პასუხია, რომ ხელისუფლება მხოლოდ თამაშობს პროდასავლურობას. მაგრამ თუნდაც ეს თამაში რაში სჭირდება? ამას ყველაზე ხშირად ასე ხსნიან: ის იძულებულია, ანგარიში გაუწიოს ხალხის (და მისივე მომხრეების ნაწილის) პროდასავლურ განწყობებს და პერიოდულად შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.

ჩემთვის ეს თეორია დამაჯერებელია. მაგრამ ფაქტები თეორიებს, ჩვეულებრივ, ჯაბნის: ხელისუფლების მიერ პრო- და ანტიდასავლური ნაბიჯების შეხამება რეალობაა და ის ობიექტური გაურკვევლობის ვითარებას ქმნის.

ეს შეიძლება ნაწილობრივ შევადაროთ უკრაინის სიტუაციას ევროკავშირის 2013 წლის ნოემბრის სამიტამდე, როცა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მოულოდნელად უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ინიცირებაზე. მანამდეც ძნელი იყო, იანუკოვიჩისთვის პროდასავლელი პოლიტიკოსი დაგერქმია, მაგრამ ცალსახად ანტიდასავლელსაც ვერ ეტყოდი: აბა, თავის ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირებისთვის რატომ ამზადებდა? მხოლოდ ევროინტეგრაციის პოლიტიკის ღია უარყოფას მოჰყვა სოციალური შოკი, რაც „ევრომაიდანში“ გადაიზარდა.

ჩვენ არ ვიცით, გადადგამს თუ არა ივანიშვილის ხელისუფლება იმის მსგავს ნაბიჯს, რაც იანუკოვიჩმა 2013 წლის ნოემბერში გადადგა. მაგრამ მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება ცალსახად ვთქვათ, რომ მისი პოლიტიკა პრორუსულია. მანამდე კი გაუგებრობაში ვართ: როგორც ევროკავშირის ელჩი გვეუბნება, ვერაფრით გავიგეთ, თქვენი ქვეყანა სად მიდისო. ეს დიპლომატიური ბუნდოვანება არ არის. ხელისუფლების პოლიტიკა მართლა შიზოფრენიული, ანუ პათოლოგიურად გაორებულია.

ამ გაორების ძირი უფრო ღრმაა, ვიდრე ივანიშვილის ცნობილი ტაქტიკური „ტრიუკები“. ამ ადამიანს ორი სახელი ჰქვია, რომელთაც გარემოებების მიხედვით იცვლის: ვისთვის ბიძინაა, ვისთვის ბორისი. შესაძლოა, რაღაც ეტაპზე მას მართლა სჯეროდა, რომ მისი პოლიტიკა პროდასავლური იყო, რომ ის მართლა განაცვიფრებდა ევროპას ქართული დემოკრატიით. პრობლემა ისაა, რომ მას ევროპული ღირებულებებისა არაფერი ესმის. ამის თქმას ვარაუდები და შეთქმულების თეორიები არ სჭირდება: ეს ნათლად გამოჩნდა პირველივე წერილობითი და ზეპირი განცხადებებიდან, რითაც ის პოლიტიკაში შემოვიდა.

ბიძინა ივანიშვილი იმერელი გლეხების შთამომავალია, მაგრამ როგორც პოლიტიკური ცხოველი, ის ბორისია. ის ჩამოყალიბდა იმად, რაც არის, ჯერ საბჭოთა კავშირში და, შემდეგ - 1990-იანი წლების მოსკოვში. მისი წარმოდგენები პოლიტიკაზე რუსეთიდან მოდის. ის პატივს სცემს დასავლეთს, იმიტომ რომ დასავლეთი ძლიერი და მდიდარია, მაგრამ მისთვის სრულიად უცხოა ის ღირებულებები და დაუწერელი კანონები, რაზეც დასავლეთი დგას და რის გამოც არის ძლიერი და მდიდარი.

ამიტომ ბიძინა-ბორისს შეიძლება მართლა არ ესმოდეს პრეტენზიები, რასაც ევროპელები უყენებენ. დემოკრატია მისთვის ფორმალობების დაცვაა, ამას კი ის ყოველთვის ცდილობს (აბა, გერმანიაში ნასწავლ იურისტებს რაში უხდის ფულს?). მეტი რაღა უნდათ? ე.ი., რაღაც საიდუმლო შეთქმულებასთან გვაქვს საქმე (მაგალითად: „საქართველოს ომში ჩათრევა უნდათ“).

როცა ნიკა გვარამია ციხეში ჩასვეს, ზოგ ადამიანს გაუჩნდა აზრი, რომ ამით ხელისუფლებამ შეგნებულად მოახდინა ევროკავშირში მის მიერვე შეტანილი განაცხადის საბოტაჟი. წინააღმდეგობა ამ ორ ნაბიჯს შორის იმდენად დიდია, რომ ასეთი უცნაური თეორიაც შეიძლება დაიჯერო. მაგრამ ვერ გამოვრიცხავ უფრო მარტივ ვარიანტსაც: ბიძინა ივანიშვილი მართლა ვერ ხედავს წინააღმდეგობას ევროპელობაზე პრეტენზიასა და ძირითადი ოპოზიციური არხის დირექტორის სათუო ბრალდებით დაპატიმრებას შორის.

უკრაინის ომმა ეს მენტალური ნაპრალი განსაკუთრებით თვალსაჩინო გახადა. პრობლემა ის არ არის, რომ მან (სავარაუდოდ) რუსეთის გამარჯვება ივარაუდა. ეს შეცდომა ბევრს მოუვიდა. მთავარი ისაა, რომ მისთვის ღირებულებებზე დამყარებული პოლიტიკის ფენომენია გაუგებარი: მას არ ესმის, რატომ არ ნებდებიან უკრაინელები რუსებს ან რატომ უქმნის დასავლეთი საკუთარ თავს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებს უკრაინის მხარდაჭერით.

ის შეიძლება პუტინს უშუალოდ არ ემსახურებოდეს (ეს ჩვენ არ ვიცით), მაგრამ მისთვის პუტინის და მისი ამალის ხედვა გაცილებით უფრო ახლობელი და გასაგებია, ვიდრე დასავლეთისა. ცხადია, რომ ის ერთადერთი ქართველი არ არის, ვისზეც ამის თქმა შეიძლება.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG