Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილია, რომელ რუსულ ბანკებს და ტელეარხებს შეეხო ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი


უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტი შეეხო კიდევ სამ რუსულ ბანკს - უმსხვილეს „სბერბანკ“-ს, მოსკოვის საკრედიტო ბანკს და „როსსელხოზბანკ“-ს. რუსეთის მხარდაჭერის გამო, სანქცირებულია ბელარუსის "განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკიც". ყველა მათგანს საერთაშორისო საგადასახადო სისტემიდან, SWIFT-იდან გათიშავენ.

ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებსაიტზე დღეს, 3 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სანქციების მეექვსე პაკეტშია კიდევ 3 რუსული ტელეარხიც. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების, ინფორმაციით მანიპულირებისა და პროპაგანდის გამო, ევროკავშირში აიკრძალა "როსია რტრ/პლანეტა"-ს, "როსია 24"-ის და "ტვ-ცენტრ"-ის მაუწყებლობა.

სანქციების მეექვსე პაკეტით, ევროკავშირმა აკრძალა რუსეთისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა საბუღალტრო და საზოგადოებასთან ურთიერთობების სფეროებშიც. გარდა ამისა, ევროკავშირმა გააფართოვა ჩამონათვალი იმ საქონლის და ტექნოლოგიებისა, რომელთა რუსეთში ექსპორტი აკრძალულია და სიას დაამატა კიდევ 80 ქიმიური ნივთიერება.

რაც შეეხება სანქციების მეექვსე პაკეტის მთავარ პუნქტს - რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივ და ნაწილობრივ აკრძალვას, ევროკავშირის ქვეყნები 6 თვის განმავლობაში უარს იტყვიან ნედლ ნავთობზე და 8 თვემდე პერიოდში ნავთობპროდუქტებზე. ამ შემთხვევაში, საუბარია საზღვაო გზით განხორციელებულ იმპორტზე. ამასთან, დროებით შეღავათს მიიღებენ ბულგარეთი და ხორვატია.

რაც შეეხება მილსადენებით რუსული ნავთობის იმპორტს, დროებითი გამონაკლისი დაშვებულია ევროკავშირის წევრი იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც გეოგრაფიული მდებარეობის გამო, რუსეთზე განსაკუთრებულად დამოკიდებული არიან და ალტერნატივა არ გააჩნიათ. ასეთ ქვეყნებს შორისაა უნგრეთი, რომლის მკვეთრად უარყოფითი პოზიციის გამო ვერ მოხერხდა რუსული ნავთობის იმპორტის მთლიანად აკრძალვა.

ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტში არიან ფიზიკური პირებიც. მათი ვინაობა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება.

დღემდე ევროკავშირს რუსეთის 80 იურიდიული და 1093 ფიზიკური პირის წინააღმდეგ აქვს დაწესებული სანქციები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხელყოფის გამო. ფიზიკურ პირებს შორის არიან პრეზიდენტი პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი, რუსეთის დუმის და უშიშროების საბჭოს წევრები და კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენები და ოლიგარქები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG