Accessibility links

site logo site logo

გაერო აცხადებს, რომ რუსეთის მიერ დაწყებული გამანადგურებელი ომი უკრაინაში "დღესვე უნდა შეწყდეს“


ამინ ავადი, გაეროს კრიზისის კოორდინატორი უკრაინაში

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის მე-100 დღესთან დაკავშირებით გაეროში განაცხადეს, რომ კონფლიქტი, რომელმაც „გაუმართლებელი მსხვერპლი და ტანჯვა“ მიაყენა ადამიანებს, „ახლავე უნდა შეწყდეს“.
„ამ ომში არ არიან და არც იქნებიან გამარჯვებულნი. ნაცვლად ამისა, ამ 100 დღის განმავლობაში ჩვენ მოწმენი გავხდით იმისა, თუ რაც დაიკარგა: სიცოცხლე, სახლები, სამუშაო ადგილები და პერსპექტივა“, - განაცხადა 3 ივნისს ამინ ავადმა, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ და გაეროს კრიზისის კოორდინატორმა უკრაინაში.

გაეროს თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე გაჩაღებული ომის ასი დღის განმავლობაში ქვეყანა დატოვა დაახლოებით 14 მილიონმა უკრაინელმა, რომელთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან.

„ამ ომს მოჰყვა ადამიანების გაუმართლებელი დანაკარგები და სამოქალაქო ცხოვრების პრაქტიკულად ყველა ასპექტს შეეხო“, - განაცხადა ავადმა და დასძინა, რომ გაერო ესწრაფვის, გზა გაუხსნას უკრაინისათვის მარცვლეულითა და მნიშვნელოვანი ნედლეულით ვაჭრობას და შეამციროს ომის „დამანგრეველი გავლენა სურსათის უსაფრთხოებაზე“.

3 ივნისს 100 დღე გავიდა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის შეჭრიდან. დღეს დილის მონაცემებით, ყველაზე ცხელ წერტილად რჩება ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი სევეროდონეცკი და მისი შემოგარენი.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის სახელმწიფოები, განსაკუთრებით აშშ, უკრაინას უწევენ მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას, რომელსაც ახლახან პირველად დაემატა სარაკეტო სისტემები. ამ ტიპის შეიარაღებას უკრაინა განსაკუთრებით აქტიურად ითხოვს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად". უკრაინა სარაკეტო სისტემებს დიდი ბრიტანეთისგანაც მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG