Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრიკარაკოსი: „რუსეთის არმია "დამშეული ყმების" არმიაა“


დავიდ პატრიკარაკოსი
დავიდ პატრიკარაკოსი

„პუტინი უკვე შუაგზაში იქნებოდა საქართველოსა და მოლდოვისკენ, უკრაინა რომ სამ დღეში დაცემულიყო, როგორც მას მისი ტრ...ზე მკოცნელები არწმუნებდნენ“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბრიტანელი ავტორი და ჟურნალისტი დავიდ პატრიკარაკოსი.

რით შეუძლია პუტინს დაიტრაბახოს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ასი დღის თავზე - ამ და სხვა თემებზე მას ვაჟა თავბერიძე პრაღიდან ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: ომის მეასე დღე - თუ გავიხსენებთ გამოთქმას „ომის თეატრის“ შესახებ, რომელ აქტს ვუყურებთ ახლა?

დავიდ პატრიკარაკოსი: ეს ყველაფერი, ვფიქრობ, კიდევ ძალიან დიდხანს გაგრძელდება. ომის ჯერ კიდევ ადრეულ ფაზაში ვართ, თუმცა პირველი აქტის დასასრული უკვე ვიხილეთ: მისი მთავარი ინტრიგა იყო, დაეცემოდა თუ არა უკრაინა - ის არ დაეცა. ახლა, ვფიქრობ, გაყინული კონფლიქტის გრძელვადიანი პერიოდისკენ მივიწევთ. ეს იქნება დონბასის სცენარი, მაგრამ უფრო დიდი მასშტაბებით. თუ პუტინი ხარ და ხელში ჩაიგდე სახმელეთო ხიდი ყირიმისკენ, რას გააკეთებ? თამაშში შემოგყავს რუბლი და რუსული პასპორტები. მთავარი განსხვავება იმაშია, რომ დონბასში რუსები ქალაქებს მიწასთან არ ასწორებდნენ - ძნელი წარმოსადგენია, სრულებით განადგურებულ მარიუპოლში საცხოვრებლად დარჩენილ ხალხს სურდეს რუსეთის სახელმწიფოში ცხოვრება და რუსეთის მოქალაქეებად გახდომა. მოიქცევა თუ არა პუტინი ისე, როგორც თავის დროზე სტალინი მოიქცა და ამ ტერიტორიებს რუსეთიდან გადმოსახლებული ხალხით „შეავსებს“? დრო გვიჩვენებს, მაგრამ რაც უნდა მოხდეს, ვფიქრობ, რომ პუტინი ძირითადად „დონბასის სახელმძღვანელოს“ მიჰყვება.

„ამ ასი დღის განმავლობაში რუსეთის, როგორც სამხედრო სუპერძალის რეპუტაცია, სრულიად განადგურდა“

ვფიქრობ, რუსეთის მიერ უკრაინაში სრული სამხედრო გამარჯვების მოპოვება გამოირიცხა. ამ მომენტმა ჩაიარა. ახლა ვუახლოვდებით ეტაპს, როდესაც, იმის მიხედვით, თუ რა შეიარაღება ექნება უკრაინას, ვერც რუსები მოიპოვებენ ახალ ტერიტორიებს და უკრაინელებსაც გაუჭირდებათ კონტრიერიშები, რადგან რუსები თავდაცვაზე გადავლენ. ამას მივყავართ ერთგვარ სტატუს-კვომდე, რომელიც არ შეიცვლება, თუ რამე გაუთვალისწინებელი ფაქტორი არ ამუშავდა. რუსებს ესმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიანაც უნდათ უკრაინის დღეს და ახლა დამარცხება, კიევზე იერიშის თავი აღარ აქვთ, მაგრამ რაც პუტინს შეუძლია და აკეთებს კიდეც, არის ის, რომ უკრაინა ეკონომიკურად მოგუდოს მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაში. ჩვენთან არ გინდათ? მაშინ ისე ვიზამთ, რომ ვერც სხვებთან იქნებით - კრემლი ამ პრინციპით იმოქმედებს და ეს მათთვის ნაწილობრივი გამარჯვება იქნება.

რადიო თავისუფლება: ტერიტორიულ მონაპოვრებსაც შევხედოთ. რუსეთმა მოახერხა უკრაინის ოცი პროცენტის ოკუპირება - პუტინს დღეს ბევრად უფრო მეტი მიწა აქვს, ვიდრე 24 თებერვლამდე ჰქონდა. თანაც საუბარია რესურსებით მდიდარ მიწებზე - ბუნებრივი გაზის ევროპის სიდიდით მეორე რეზერვებზე. პუტინმა ასევე მოიპოვა ერთპიროვნული კონტროლი აზოვის ზღვაზე და ხელში ჩაიგდო მისთვის ეგზომ სასურველი სახმელეთო ხიდიც ყირიმზე. თუ ამ ყველაფრის შენარჩუნებას მოახერხებს, შეგვიძლია კი, მის უკრაინაში „ლაშქრობას“ წარუმატებელი ვუწოდოთ რეალპოლიტიკის გადმოსახედიდან?

პატრიკარაკოსი: ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მიზნები ჰქონდა - თუ მისი მიზანი იყო მთელი უკრაინის დაპყრობა და მისი რუსეთისთვის მიერთება, მაშინ დიახ, მან მარცხი განიცადა. რა თქმა უნდა, ყირიმთან სახმელეთო ხიდი ბონუსია, მაგრამ რის ფასად? 30 ათასი რუსი ჯარისკაცის სიცოცხლის სანაცვლოდ.

„უკრაინასა და საქართველოს „გეოგრაფიის წყევლა“ აქვთ - საქართველოს კიდევ უფრო მეტად, რადგან უფრო პატარაა“

რადიო თავისუფლება: ფიქრობთ, რომ მას ეს ადარდებს?

პატრიკარაკოსი: ჯარისკაცების ბედი ალბათ არა, მაგრამ მას ალბათ აფიქრებს რუსეთის, როგორც ე.წ. შემაკავებელი ძალის ფაქტორი, იმიჯი ქვეყნისა, რომელსაც ძლიერი ჯარი ჰყავს. ეს თეზა რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სირიასა და სხვა მსგავს ადგილებში. ამიტომ იმას, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ, პუტინისა და რუსეთის გამარჯვებად ნამდვილად ვერ მოვნათლავდი. ამ ასი დღის განმავლობაში რუსეთის, როგორც სამხედრო სუპერძალის რეპუტაცია სრულიად განადგურდა. ვნახეთ, რომ რუსეთის არმია დამშეული ყმების არმიაა.

რადიო თავისუფლება: „მილიონობით ადამიანი მოკვდება მსოფლიოში უკრაინაში პორტების [რუსული] ბლოკადის გამო“, - აცხადებს დევიდ ბისლი, გაეროს „მსოფლიო სასურსათო პროგრამის“ (United Nations World Food Programme) ხელმძღვანელი. რასთან გვაქვს საქმე - პუტინი თავის, კუსტარულ ჰოლოდომორის ორკესტრირებას ცდილობს, ამჯერად მთელი მსოფლიოს მასშტაბით?

პატრიკარაკოსი: აქამდე, ვფიქრობ, ჯერ არ მივსულვართ. ივლისში სასურსათო უსაფრთხოების მხრივ სერიოზული პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ - მოგვშივდება, მაგრამ არ ვიშიმშილებთ. პუტინი ამის სათავისოდ გამოყენებას და უკრაინის მიმართ მხარდაჭერის შესუსტებას ეცდება. სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვენდობოდი რუსეთის მხრიდან მოწოდებულ რაიმე უსაფრთხოების გარანტიას, მაგრამ რაღაც უნდა გაკეთდეს, მსოფლიო ზეწოლის მასშტაბის გათვალისწინებით. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ივნისის ბოლოს ხორბლის ახალ მოსავალს აიღებენ, მათი შესანახი ინფრასტრუქტურა კი უკრაინას არ გააჩნია, რადგან რაც აქვს, იქ ჯერ კიდევ წინა წლის მოსავალია შენახული.

„ჩვენთან არ გინდათ? მაშინ ისე ვიზამთ, რომ ვერც სხვებთან იქნებით - კრემლი ამ პრინციპით იმოქმედებს“

რადიო თავისუფლება: პუტინი სანქციების შერბილებას ითხოვს თანამშრომლობის სანაცვლოდ.

პატრიკარაკოსი: რა თქმა უნდა. ეს მისთვის ბერკეტია და სავსებით ლოგიკურია, რომ ასე იქცევა.

რადიო თავისუფლება: უნდა დაკმაყოფილდეს მისი პირობები?

პატრიკარაკოსი: ძნელი სათქმელია. მე მირჩევნია, სანქციების შემსუბუქების ნაცვლად, პუტინზე ზეწოლა გაიზარდოს, რადგან საქმე უკვე მსოფლიო მასშტაბის ჰუმანიტარულ კრიზისამდე მიდის და საერთაშორისო არქიტექტურამ რამე უნდა იღონოს ამ ხორბლის პორტებიდან გამოსატანად. ვნახოთ, რა იქნება - ისეც შეიძლება მოხდეს, რომ სხვა გამოსავალი არ დარჩეთ - დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მტკიცედ დახვდება დასავლეთი სასურსათო უსაფრთხოების იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ივლისში აღმოჩნდება.

რადიო თავისუფლება: როგორც ჟურნალისტს, გიჩნდებათ თუ არა შთაბეჭდილება, რომ დასავლეთში ომის ნარატივის მიმართ ენთუზიაზმი მცირდება? რომ დასავლეთს დაღლილობის ნიშნები ეტყობა?

პატრიკარაკოსი: ე.წ. ახალი ამბების ციკლები თანდათან „გახუნდება“, უკრაინა თანდათან ამოვარდება ახალი ამბების დღის წესრიგიდან, ეს პროცესი უკვე დაწყებულია. და რუსებიც ამას ელოდებიან - მათ იმედი აქვთ, რომ სიტუაცია ჩაწყნარდება, და რამდენიმე თვის შემდეგ, ხალხი ისევ დაიწყებს რუსეთში ჩასვლას, რომ ზოგი კომპანია რუსულ ბაზარს ისევ დაუბრუნდება. ვფიქრობ, პუტინმა სწორედ ამაზე დადო ფსონი და ეს დიდი საფრთხეა უკრაინისთვის. საუბედუროდ, ამას ვერაფრით ვუშველით, იმიტომ რომ უკრაინის თემა გარდაუვლად „დაძველდება“. ხალხი თანდათან დაიღლება ამ ფუნდამენტურად არასასიამოვნო საკითხის განხილვით. ასე რომ, ვფიქრობ, რომ დიახ, ეს დიდი პრობლემაა დღეს ჩვენთვის და უკრაინისთვის.

თუ საქართველო და მოლდოვა ხარ და უყურებ, რა ხდება უკრაინაში, ღმერთს მადლობას უნდა სწირავდე, რომ რუსული არმია, უბრალოდ, აიღეს და „დაღეჭეს“

რადიო თავისუფლება: „უკრაინა სამარადისოდ დაწყევლილია თავისი გეოგრაფიის გამო“, - წერთ თქვენ. თუ „წყევლის“ სტანდარტი რუსეთის მეზობლობაა, საქართველოზე რას იტყოდით?

პატრიკარაკოსი: საქართველოსაც ასევე არ გაუმართლა, შეიძლება უკრაინაზე მეტადაც კი, რადგან უფრო პატარაა. ყველა იმ ქვეყანას, რომელთაც რუსეთის გარშემო მოუწიათ ცხოვრება მთელი მისი არსებობის განმავლობაში, რომელთაც უშუალოდ იწვნიეს რუსული იმპერიალიზმი - ეს გარკვეულწილად მართლაც წყევლაა, ისტორიას თუ შევხედავთ. ვიტყოდი, რომ ამ ყველა ქვეყანას „გეოგრაფიის წყევლა“ აქვს. ბრიტანეთს, პირიქით, გაუმართლა გეოგრაფიის მხრივ, შტატებს ალბათ ყველაზე მეტად გაუმართლა. არ გაუმართლათ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა უკრაინა და საქართველო, თუმცა ისიცაა, რომ ეს მათ აიძულებთ, უფრო კრეატიულები და მტკიცეები იყვნენ, რადგან იციან, რომ აქვთ პრობლემა და ამ პრობლემას უნდა გაუმკლავდნენ.

რადიო თავისუფლება: რას უქადის ეს ომი იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რომელთაც დასავლური მისწრაფებები კი აქვთ, მაგრამ ჯერაც არ აქვთ ნატოს ქოლგის ქვეშ ყოფნის ფუფუნება?

პატრიკარაკოსი: ჩემი აზრით, თუ საქართველო და მოლდოვა ხარ და უყურებ, რა ხდება უკრაინაში, ღმერთს მადლობას უნდა სწირავდე, რომ რუსული არმია, უბრალოდ, აიღეს და „დაღეჭეს“. უკრაინა რომ სამ დღეში დაცემულიყო, როგორც პუტინს მისი ტრ…ზე მკოცნელები არწმუნებდნენ, ის უკვე შუაგზაში იქნებოდა საქართველოსა და მოლდოვისკენ. იმიტომ რომ, რატომაც არა, რა დააბრკოლებდა? ასე რომ, ამ მხრივ საქართველო და მოლდოვა „გადარჩნენ“.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG