Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა კულტურის არსებული პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშნად ნახატი დაწვა


მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა კულტურის არსებული პოლიტიკა და თბილისის ისტორიის მუზეუმიდან დროებითი გამოფენების კურატორის, ლიკა მამაცაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება საკუთარი ნამუშევრის დაწვით გააპროტესტა. მისი თქმით, ნამუშევარი, რომელიც დღეს პირზე შავი ლენტით შებმულმა დაწვა, მონაწილე იყო 8 წლის წინ გამართული გამოფენისა "აღმოსავლური მოტივები" - გამოფენა ლიკა მამაცაშვილის კურატორობით გაიმართა.

"ბევრს არ ვისაუბრებ, რამხელა წვლილი მიუძღვის ქალბატონ ლიკას გარემოსა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე ქართული კულტურის სიცოცხლისუნარიანობასა და პოპულარიზაციაში, რამხელაა მისი თანადგომა ნებისმიერი ასაკის ხელოვანისადმი. ჩემი პროტესტი არ ეხება მხოლოდ ერთი დამსახურებული პიროვნების მიმართ დანაშაულს, არამედ ის მიმართულია კულტურის ამჟამინდელი მინისტრის, კულტურისა და ხელოვნების შეურაცხმყოფლის, ქალბატონ თეა წულუკიანის მიმართ, იმ მანქანის მიმართ, რომელსაც ზემოხსენებული ადამიანი და მისი გარემოცვა ქმნის კულტურის ყველა სფეროში. იმის მაგივრად, რომ ქართული შემოქმედებითი სივრცე გახდეს მსოფლიო თანამედროვე კულტურის თანამდევი, რელევანტური და ძიებადი, ის უკან, შეზღუდული და პროპაგანდისტული საბჭოური მსოფლმხედველობისკენ მიიწევს, სადაც ხელოვანის დამკვეთი სისტემა და "სახელმწიფოა", ხოლო შემოქმედება დაცლილია ყოველგვარი სულიერებისგან.

დროში გადაფასდება ყველა ქმედება, თუმცა ეს ის დროა, რომელიც დღეს განსაკუთრებით სწრაფად გადის, რომლის უკუათვლაც შეუძლიათ კონკრეტულ ადამიანებს... ქართველებს, კი სახეზე გვაქვს, რომ გადაფასებაც შეიძლება დაგვიანდეს და ისიც შესაძლებელია, რომ გადასაფასებელიც აღარაფერი დარჩეს", - წერს თედო რეხვიაშვილი ფეისბუკის გვერდზე და სთხოვს მხატვრებს, შეიკრიბნონ კულტურის სამინისტროსთან თავიანთი პოზიციის დასაფიქსირებლად.

"იქნებ ის მაინც ვაჩვენოთ ამ ბრმაყრუობაში, რომ გვაღელვებს, გვესმის და ვხედავთ, რაც ხდება", - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

ლიკა მამაცაშვილი თბილისის ისტორიის მუზეუმიდან (ქარვასლა) 3 მაისს გაათავისუფლეს - მიზეზი რეორგანიზაციაა. ის ამ ინსტიტუციიდან ამ დროისთვის გათავისუფლებული ერთადერთი თანამშრომელია.

თბილისის ისტორიის მუზეუმი 2022 წლის 8 მარტს ეთნოგრაფიული მუზეუმის მართვაში გადავიდა და მის ხელმძღვანელად ნინო ჭიპაშვილი დაინიშნა. ნინო ჭიპაშვილი ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელობამდე პენიტენციურ სისტემაში მუშაობდა, იყო მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი.

თბილისის ისტორიის მუზეუმში რეორგანიზაციის დაწყებას წინ უსწრებდა რეორგანიზაცია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში, ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ მუზეუმში - სამივე ინსტიტუციიდან ათობით თანამშრომელია გათავისუფლებული. მათი ნაწილი თვლის, რომ კულტურის მინისტრის დანიშნულმა ახალმა ხელმძღვანელებმა განსხვავებული აზრის ან კრიტიკული დამოკიდებულების გამო გაათავისუფლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG