Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანმა 252 პოზიციაზე ახალგაზრდებისთვის სტაჟირების კონკურსი გამოაცხადა


საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 252 ვაკანსიაზე ახალგაზრდებისთვის სტაჟირების კონკურსი გამოაცხადა. ვაკანსიები სამინისტროს და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ 22 სხვადასხვა ორგანიზაციას მოიცავს. მათ შორის, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კონკურსი 105 ვაკანსიაზეა.

„ამ სისტემაში ეს არის პირველი და ასეთი მასშტაბის უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებისათვის კონკურსით, რადგან ცოდვები აღიარებული სჯობს ყოველთვის და ჩვენს მუზეუმებში იშვიათი და ხელზე ჩამოსათვლელი იყო შემთხვევები, როდესაც ახალი კადრები მოდიოდნენ კონკურსით. ძირითადად ჩვენს მუზეუმებში ახალი კადრები მოდიოდნენ ახლობლობით, მეზობლობით, ნათესაობით. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს დავასრულოთ ამ სისტემაში, ვინაიდან ჩვენ ვკარგავთ ძალიან მნიშვნელოვან პროფესიულ რესურსს და, რაც მთავარია, არ გვინდა, რომ დავკარგოთ მომავალი თაობები“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე.

სტაჟირების ხანგრძლივობა კონკრეტული პოზიციებისთვის 1 თვიდან 1 წლამდე ვადითაა განსაზღვრული. მის გასავლელად, სამინისტროს თანახმად, მოქალაქე შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:

„სტაჟიორად მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომლის ასაკიც არ აღემატება 25 წელს, რომელსაც აქვს სამინისტროს იმ სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურისთვის ან სსიპ-ის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულისთვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი ან პროფესიული განათლება ან/და შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება, სადაც მან უნდა გაიაროს სტაჟირება, ან იგი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია.

წარმატებული სტაჟიორები 2023 წლის იანვრიდან დასაქმდებიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში“.

სამინისტროს განმარტებით, სტაჟირება იქნება როგორც ანაზღაურებადი, ისე არაანაზღაურებადი.

„ანაზღაურებად (400-დან 650 ლარამდე), ისევე როგორც ანაზღაურების გარეშე პოზიციებზე, კანდიდატები შემდეგი საკონკურსო ეტაპების გავლის შედეგად შეირჩევიან: განაცხადების გადარჩევა, ტესტირება ან/და წერითი დავალება, გასაუბრება. კონკურსანტები შედეგების შესახებ ინფორმაციას თითოეული საკონკურსო საფეხურის დასრულების შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ პოზიციაზე ერთდროულად არის გამოცხადებული კონკურსი ანაზღაურებად და არაანაზღაურებად სტაჟირებაზე მისაღებად, ანაზღაურებად სტაჟირებაზე წარდგენილები იქნებიან საუკეთესო შეფასების მქონე კანდიდატი/კანდიდატები, ხოლო მომდევნო საუკეთესო შეფასების მქონე კანდიდატი/კანდიდატები წარდგენილები იქნებიან არაანაზღაურებად სტაჟირებაზე.

ამასთან, სტაჟირების დაწყებიდან არანაკლებ ერთი თვის გასვლის შემდეგ, არაანაზღაურებადი სტაჟიორის პოზიციაზე მყოფი პირის შეფასების (დამაკმაყოფილებელი, კარგი, ძალიან კარგი) და უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, სტაჟიორის თანხმობით მისი გადაყვანა შეიძლება ანაზღაურებადი სტაჟიორის პოზიციაზე. ასეთ შემთხვევაში, სტაჟირების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს“, - იუწყება სამინისტრო.

არქეოლოგი ნიკოლოზ წიქარიძე „ფორმულასთან“ საუბარში გამოეხმაურა კულტურის სამინისტროში კონკურსის გამოცხადებას. „გამოაცხადეს რაღაც გაუგებარი ვაკანსიები, სადაც 25 წელზე უფრო ახალგაზრდა ადამიანების მიღებას აპირებენ. თავის მხრივ, ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ იმ ადგილებზე და პოზიციებზე, სადაც მათ გაუჭირდებათ, რომ თავიანთი ფუნქციები შეასრულონ. იმ მდგომარეობაში, როდესაც მათ მენტორები არ ეყოლებათ, იმიტომ რომ მენტორების უმეტესობა გამოშვებულია ან უფლებამოსილება შეკვეცილი აქვთ“, - თქვა წიქარიძემ.

ეროვნული მუზეუმიდან 24 მაისს 21 მეცნიერ-თანამშრომელი გაათავისუფლეს - მათ სამუშაო ხელშეკრულებები 1 ივნისს გაუუქმდათ. ეროვნული მუზეუმიდან ასევე გაათავისუფლეს კონსულტანტების სტატუსით გაფორმებული ასაკოვანი მეცნიერები, რომელთა ხელფასი 160 ლარს შეადგენდა.

გათავისუფლების ბრძანებებს ხელს გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ახალბედაშვილი აწერს. მას ხელოვნების მუზეუმისა და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით დევნასა და განსხვავებული აზრის გამო დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. გათავისუფლებული მეცნიერების უმეტესობა გაწევრიანებულია მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირებში, რომელიც ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შემდეგ შეიქმნა.

ეროვნული მუზეუმიდან თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას წინ უძღოდა გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილებების შეზღუდვა, მუზეუმის მართვის დირექტორატისთვის გადაბარება და ახალი სამეცნიერო საბჭოს არჩევა. კულტურის მინისტრის ნდობით აღჭურვილი კადრებით დაკომპლექტებულმა დირექტორატმა 2022 წლის თებერვალში ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების სამეცნიერო გრანტების შეჩერება მოსთხოვა რუსთაველის სამეცნიერო ფონდს, რომელსაც სამწლიანი კვლევები დასაფინანსებლად კონკურსის წესით ჰქონდა შერჩეული. ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა მეცნიერებმა არ იციან, მიეცემათ თუ არა საერთაშორისო კვლევითი პროექტების განხორციელების საშუალება - ფონდებში მუშაობისა და ველზე ექსპედიციებისთვის მათ ნებართვა სამინისტროსგან უნდა მიიღონ.

ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაციას წინ უსწრებდა რეორგანიზაცია ხელოვნების მუზეუმში და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში - ორივე უწყებიდან ათობით ადამიანი დაითხოვეს. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ გათავისუფლებულია პოლიტიკური ნიშნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG