Accessibility links

site logo site logo

ფიჯიმ აშშ-ს გადასცა ოლიგარქ სულეიმან ქერიმოვთან დაკავშირებული სუპერიახტა


სუპერიახტა Amadea ფიჯიში, ლაუტოკის პორტში. 2022 წ. 3 მაისი.

ფიჯის უზენაესმა სასამართლომ შეერთებულ შტატებს უფლება მისცა, უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის გამო ვაშინგტონის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში დააპატიმროს 325 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული სუპერიახტა.

სასამართლოს მიერ 7 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ვაშინგტონისთვის, რომელიც ცდილობს რუსი ოლიგარქების აქტივების გაყინვას მსოფლიოს მასშტაბით. სასამართლომ დაადგინა, რომ ის აუქმებს ხომალდის კანონიერი მფლობელის, Millemarin Investments Ltd-ის მიერ მოთხოვნილ აღსრულების გადავადებას. აშშ-ის ხელისუფლების თანახმად, 107 მეტრის სიგრძის იახტის ფაქტობრივი მფლობელი არის რუსი ოლიგარქი სულეიმან ქერიმოვი.

ფიჯის მედიის თანახმად, სუპერიახტა Amadea შეერთებული შტატების ხელისუფლებას გადაეცა და მან სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ თითქმის მაშინვე დატოვა ფიჯი.

გემის შენახვის ხარჯები - წელიწადში 30 მილიონი დოლარი - შეერთებულმა შტატებმა უნდა გაწიოს, სანამ სასამართლო გაიმართება. მანამდე ამის გაკეთება ფიჯის მთავრობას უწევდა.

ამის გამო ფიჯის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს ინტერესებშია Amadea-ს გაყვანა მისი წყლებიდან, ვინაიდან მისი შენახვა ძალზე ძვირი ჯდება. ამასთან, გემი „ფიჯის წყლებში შევიდა უნებართვოდ, დიდი ალბათობით იმისთვის, რომ თავი აერიდებინა აშშ-ის მხრიდან დევნისთვის“.

ქერიმოვის ბიზნესიმპერია ძირითადად რუსეთის უზარმაზარ ბუნებრივ რესურსებზეა აგებული. ის გამდიდრდა დმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის დროს, როცა მისმა კომპანია „ურალკალიმ“ კალიუმის მარილის მსოფლიო ბაზრის 40%-ის კონტროლი მოიპოვა.

მიმდინარე წლის თებერვალში ქერიმოვი რამდენიმე სხვა მილიარდერთან ერთად გამოჩნდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად, როცა რუსეთმა უკრაინაში ჯარები გაგზავნა.

აშშ-მა მას 2018 წელს დაუწესა სანქციები როგორც „რუსეთის ფედერაციის მთავრობის მოხელეს“, მას შემდეგ, რაც ის რუსეთის პარლამენტის როგორც ქვედა, ისე ზედა პალატების წევრად მსახურობდა.

დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ქერიმოვს უკრაინაში ომის დაწყებიდან მალე დაუწესეს სანქციები, როგორც პუტინთან დაახლოებული „ოლიგარქების ვიწრო წრის წარმომადგენელს“.

სუპერიახტა ფიჯის პოლიციამ 14 აპრილს დააპატიმრა მას შემდეგ, რაც გემი მექსიკიდან ჩავიდა წყნარ ოკეანეში მდებარე ქვეყანაში.

Millemarin Investments-მა, რომელიც უარყოფს, რომ Amadea ქერიმოვს ეკუთვნის, სასამართლოზე განაცხადა, რომ სუპერიახტის მფლობელია რუსი ოლიგარქი ედუარდ ხუდაინატოვი, გიგანტი ნავთობკომპანია „როსნეფტის“ ყოფილი პრეზიდენტი, რომელზეც არ ვრცელდება შეერთებული შტატების სანქციები.

Bloomberg-ის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკვე დაკავებულია რუსეთის 12 იახტა, რომელთა საერთო ღირებულება ორ მილიარდ დოლარს აღემატება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG