Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი თურქეთში ჩავიდა უკრაინის მარცვლეულის ექსპორტზე მოლაპარაკებებისთვის


სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაიწყო ორდღიანი ვიზიტი თურქეთში, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის საკითხზე.

მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრშია უსაფრთხო დერეფნების გახსნა უკრაინის მარცვლეულით დატვირთული გემებისთვის.

თურქეთი გამოვიდა წინადადებით, ესკორტი გააყოლოს გემებს უკრაინის პორტებიდან, რომლებიც დაბლოკილია ქვეყანაში რუსეთის ჯარების შეჭრის შედეგად.

ლავროვი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდება, რათა გააგრძელოს მოლაპარაკებები, რომელშიც, თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქარის თქმით, „მნიშვნელოვანი წინსვლაა“ მიღწეული შესაძლო შეთანხმების მიმართულებით.

რუსეთმა უკრაინის შავიზღვისპირა ტერიტორიების დიდი მონაკვეთები დაიკავა ინტერვენციის დაწყების შემდეგ და მისი სამხედრო გემები შავ ზღვასა და აზოვის ზღვას აკონტროლებენ.

გასულ კვირაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს უთხრა, რომ მოსკოვი მზად არის, ანკარასთან ითანამშრომლოს საზღვაო მიმოსვლის განსაახლებლად.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა 7 ივნისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჯერ უკრაინამ უნდა განნაღმოს თავისი სანაპირო, რათა მოხერხდეს მარცვლეულის ექსპორტი. „ეს გემებს, მას შემდეგ, რაც მათ ჩვენი სამხედროები შეამოწმებენ, რომ იარაღი არ გადააქვთ, საშუალებას მისცემს შევიდნენ პორტებში, დატვირთონ მარცვლეული და ჩვენი დახმარებით გავიდნენ საერთაშორისო წყლებში“, - თქვა მან.

XS
SM
MD
LG