Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NGO-ები პრეზიდენტს "ფარული მოსმენების" კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ


საქართველოში ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს და საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, ვეტო დაადოს ამ კანონს. ერთობლივ განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ახალი კანონი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმებს.

"მიღებული კანონი აზრს უკარგავს იმ დადებით ცვლილებებს, რომელიც კანონმდებლობაში 2014 წელს განხორციელდა სამოქალაქო საზოგადოებისა და ევროპის საბჭოს ექსპერტების აქტიური ჩართულობით", - აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოყოფენ რამდენიმე გარემოებას:

  • "ფარული მოსმენები 77 [ტიპის] დანაშაულზე შეიძლება უვადოდ განხორციელდეს და რიგი დანაშაულების შემთხვევაში პირმა შესაძლოა 30 წელიც ვერ შეიტყოს, რომ მის მიმართ ფარული მიყურადება ხორციელდებოდა. შესაბამისად, ვერასდროს გამოიყენოს გასაჩივრების უფლება, ვერ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ვერ დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება";
  • "საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მაქსიმალური ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება და დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელზეც ფარული თვალთვალი შეიძლება განხორციელდეს, 27 ნაკლებად მძიმე დანაშაულიც ემატება".

განცხადების ავტორები ამბობენ, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას ისედაც ჰქონდა არაერთი ხარვეზი, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, თუმცა გადაწყვეტილება ოთხი წელია არ გამოცხადებულა.

"ამ ფონზე კანონმდებლობაში ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტების კიდევ უფრო გაუარესება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული განვითარების კუთხით. აღნიშნულზე მიუთითებს ევროკავშირის დელეგაციის მიერ 8 ივნისს გავრცელებული განცხადება", - ამბობენ უფლებადამცველები.

საერთო განცხადებას ხელს აწერენ: "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "სოციალური სამართლიანობის ცენტრი", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება"(ISFED), "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა"(GDI), "ადამიანის უფლებათა ცენტრი"(HRC), "ლიბერალური აკადემია", "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"(IDFI), "უფლებები საქართველო" და "ღია საზოგადოების ფონდი".

7 ივნისს პარლამენტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა, 78 ხმით, 11-ის წინააღმდეგ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზე კრიტიკულად შეაფასეს. როგორც ისინი აცხადებდნენ, შესაძლებელი ხდება სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით მიმდინარე გამოძიების შემთხვევაში მოქალაქეებს უვადოდ უსმინონ და მათ ამის შესახებ არ შეატყობინონ. მათი შეფასებით, მაშინ, როდესაც არ არსებობს კანონით გათვალისწინებული კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი, შემოთავაზებული ცვლილებები არსებითად აუარესებს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტს და შესაძლებელს ხდის საგამოძიებო უწყებების მხრიდან უვადო ფარული მოსმენების განხორციელებას.

XS
SM
MD
LG