Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთის პასპორტების დარიგება დაიწყეს


11 ივნისიდან რუსეთის პასპორტების გაცემა დაიწყო უკრაინის ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამის შესახებ კრემლის მიერ დანიშნული ადგილობრივი ადმინისტრაციების "ახალმა" ხელმძღვანელებმა განაცხადეს.

ზაპოროჟიეს რეგიონის, როგორც მას რუსული სახელმწიფო მედია უწოდებს, "სამხედრო–სამოქალაქო ადმინისტრაციის მთავარი საბჭოს" წევრმა ვლადიმირ როგოვმა თქვა, რომ რუსეთის პასპორტისთვის საბჭოს 70 ათასზე მეტმა მცხოვრებმა მიმართა. ომამდე უკრაინის ამ რეგიონში 1,6 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

ქალაქ ხერსონში, სააგენტო "რია ნოვოსტის" ცნობით, პირველ დღეს 23 მცხოვრები მივიდა ახალი პასპორტებისთვის. მათ შორის იყო რეგიონის საოკუპაციო "სამხედრო–სამოქალაქო ადმინისტრაციის" ხელმძღვანელი ვლადიმირ სალდო, რომელიც მანამდე ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა.

უკრაინის მთავრობა პასპორტების გაცემას რუსული პროპაგანდის ელემენტად მიიჩნევს, რაც "შესაძლებელს გახდის ამ პასპორტების დარიგებით სატელევიზიო შოუს მოწყობას, რომლის მთავარ როლში კრიმინალური გარეგნობის რამდენიმე ათეული კოლაბორანტი იქნება".

აშშ-მა ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული მინიჭების შესახებ პუტინის გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც უკრაინის ხალხის დამორჩილების მცდელობა.

XS
SM
MD
LG