Accessibility links

site logo site logo

რუსეთს უკრაინაში რეზერვში ჰყავს დაახლოებით 40 საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფი. უკრაინის დაზვერვა


ვადიმ სკიბიცკი, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი

რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი ძალები უკრაინის წინააღმდეგ გრძელვადიანი ომისთვის. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ რადიო თავისუფლების და ამერიკის ხმის ერთობლივ რუსულენოვან ტელეარხ "ნასტოიაშჩეე ვრემიას" ეთერში განაცხადა.

ვადიმ სკიბიცკის თქმით, "მოწინააღმდეგეს უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებული ჰყავს 104 საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფი, რომლებიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში. დაახლოებით კიდევ 40 საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფი რეზერვში იმყოფება და შეიძლება გამოიყენონ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ", - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო დაზვერვის პრესცენტრის განცხადებაში.

გარდა ამისა, როგორც სკიბიცკიმ აღნიშნა, რუსეთის გენერალური შტაბი იძულებულია ყოველ 30-ე დღეს მოახდინოს უკრაინაში შეჭრის გეგმის კორექტირება და ძალისხმევის კონცენტრაცია სხვა მიმართულებებზე გადაიტანოს.

გარდა ამისა, უკრაინის დაზვერვას აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ რუსებს 120 დღიანი ომის გეგმა აქვთ. "ამ გეგმის შემდგომი კორექტირება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მიაღწევს წარმატებას მტერი ან, პირიქით, დამარცხდება უკრაინის აღმოსავლეთში. თუმცა, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზანი, რომელიც პუტინმა ომის დასაწყისში გამოაცხადა, რუსებმა ვერ შეასრულეს",–განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა კომენტარში.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა 10 ივნისს განაცხადა, რომ მისი შეფასებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ 10 ათასამდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

იმავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, რომ 24 თებერვალის შემდეგ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში დაახლოებით 32,050 ჯარისკაცი დაკარგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG