Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 დღით გაიხსნა ოკუპირებული ახალგორის გზა


ფოტო არქივიდან, ოკუპირებული ახალგორი

ოკუპირებული ახალგორის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა 4 დღით გაიხსნა.

ახალგორის ლეგიტიმური გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, ამჟამად მოსახლეობა გადაადგილების უფლებით სარგებლობს. თინიკაშვილის განმარტებით, ე.წ ახალი პრეზიდენტი დანაპირების შესრულებას შეუდგა და პირველ ეტაპზე, გზის თვეში ხუთიოდე დღით გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

ადგილობრივმა აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა მანამდე დაწერა, რომ გადაადგილება სხვადასხვა დოკუმენტით იქნება შესაძლებელი.

„13 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით იხსნება გზა. გადაადგილება იქნება პასპორტით, საშვით, ვადაგასული საშვით, ნებისმიერი დოკუმენტით, რომლითაც გზის დაკეტვამდე გადაადგილდებოდით“, - წერს სოციალურ ქსელში თამარ მეარაყიშვილი.

ოკუპირებული ახალგორის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის გახსნის პირობა დე ფაქტო რესპუბლიკის ახალარჩეულმა ე.წ პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ახალგორელებთან წინასაარჩევნო შეხვედრისას დადო.

დე ფაქტო რესპუბლიკის "საპრეზიდენტო არჩევნებამდე" ცოტა ხნით ადრე, აღდგომის დღეებში, გზა "ექსპრეზიდენტმა" ანატოლი ბიბილოვმაც რამდენიმე დღით გახსნა, ამის მიუხედავად, ახალგორელებმა მხარი გაგლოევს დაუჭირეს. ადგილობრივებს არ დავიწყებიათ, რომ გზის დაკეტვის გადაწყვეტილება ბიბილოვმა მიიღო. 2019 წლის სექტემბერში მან დაბა ჩაკეტა და იქაური მოსახლეობა სრულ იზოლაციაში მოაქცია.

ბიბილოვმა გზის გახსნის სანაცვლოდ, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანიდან ქართული პოლიციური საგუშაგოს გატანა მოითხოვა. ამ ულტიმატუმის შესრულებაზე საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა.

სამი წლის განმავლობაში ახალგორელები სრულ იზოლაციასა და მძიმე სოციალურ და ჰუმანიტარულ პრობლემებში აღმოჩნდნენ. ე.წ გამშვები პუნქტი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იხსნებოდა, რის გამოც ადამიანებს საჭირო სამედიცინო სერვისებზე დროული ხელმისაწვდომობა ეზღუდებოდათ.

რადიო თავისუფლების ახალგორელი წყაროს ცნობით, ჯერჯერობით გაურკვეველია, ახალი დე ფაქტო ხელისუფლება მოქალაქეების გადასაადგილებლად საბოლოოდ რა მექანიზმს შეიმუშავებს, თუმცა ის უკვე ცნობილია, რომ გზას პერიოდულად, თვეში რამდენიმე დღით გახსნიან.

წყაროს ცნობით, გზის გახსნა ამჯერად ლომისობის დღესასწაულს უკავშირდება (15 ივნისს), რათა მოქალაქეებმა სალოცავებსა და ნათესავების საფლავებზე გასვლა მოახერხონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG