Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ჯაშის „მოთვინიერება“  


ავტორი: დალილა გოგია

„მისცემდი შენს სისხლს ხეებს?“
ლია სტურუა

„რაც ხალხში ვიცხოვრე, იმდენხანს რომ ტყეში მეცხოვრა,
ხეებს ხომ მაინც გავარჩევდი ერთმანეთისგან… ვიშრიალებდი მეც იმათთან.
დღეს გაცნობილი ახალ თვისებით ხვალე აღარ გამაკვირვებდა.“

ბესიკ ხარანაული

ქართველი რეჟისორის, სალომე ჯაშის 2021 წლის დოკუმენტური ფილმის „მოთვინიერება“ მსოფლიო პრემიერა 31 იანვარს სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ასევე, სურათი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სექციაში „ფორუმი“ 17 ფილმს შორის. ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე.

ფილმს გასდევს ინგლისური სუბტიტრები. “Taming the Garden” იწერება ეკრანზე და უნებურად ტვინში ისახება ედემის ბაღი, რადგან the Garden ქართულად სამოთხის ბაღია. ასე რომ, მთლიანად ეშვები და სამოთხისეული სურათებისთვის ემზადები. არაჩვეულებრივია პირველი კადრი - ზღვისპირას მჯდარი მეთევზეები, რომლებიც აუღელვებლად ელიან თევზს. სიმბოლოებში იძირები, სამოთხე, მეთევზე, თევზი - ქრისტიანობის სიმბოლოები - მშვიდდები. მერე კადრი ზღვაზე გადადის და ერთი ხის მცურავი კუნძული ჩნდება. მეთევზეების სიმშვიდე მიგანიშნებს, რომ საყურადღებო არაფერი ხდება. შემდეგ, კადრი ზღვის ხედიდან ხმელეთზე გადადის, სადაც მისტიური ნისლი წვება, რაც თითქოს მაყურებელს დაუჯერებელი ამბისთვის ამზადებს.

ჩვენ, ქართველებს ზღვაში ხე არ გვიკვირს, რადგან არაერთხელ გვინახავს ტელევიზიით, თანაც მთელ ქვეყანაში დადიოდა ხმები ხეების უცნაური ტრანსპორტირების შესახებ. რამდენიმე წლის წინ, გავრცელდა ცნობა, რომ ქართველი მილიარდელი 100 წელს გადაშორებულ ხეებს თავის ბაღში გადასარგავად დაეძებდა. ხალხი ამბობდა, რომ ის ფლობდა რაღაც საიდუმლო ცოდნას, რომლის მიხედვითაც, იმ ხეების გარემოცვაში, ის უკვდავებას მიაღწევდა. ვრცელდებოდა ათასი ჭორი საქართველოში, განსაკუთრებით კი, ზღვისპირა მაღალმთიან რაიონებში ასეთი ხეების არსებობის შესახებ. ზოგი ამბობდა, რაღაც აურას ქმნიან ეს ხეები, თუ ერთად მოიყრიან თავსო, ზოგი ამტკიცებდა, მის ძირში თუ წამოწვები, 120 წლამდე ცხოვრება გარანტირებული გაქვსო. ხმებს ზურგს უმაგრებდა „ნამდვილი“ ისტორიები 100 წელს გადაშორებულ ყმაწვილებივით დაბერებულ ხალხზე, როგორც ქართველებს გვჩვევია, ვიღაცის მამიდაშვილის ბიძაშვილის მამამთილისა თუ ბებიის შესახებ.

ჩემი გადმოსახედიდან, ფილმის მთავარ გმირად თავისუფლად შეგვიძლია, ექსკავატორი მივიჩნიოთ, რომელსაც ყველაზე მიუვალ ადგილებშიც კი შეუძლია მისვლა. ის თავისი უზარმაზარი დამანგრეველი ფუტურო მუშტით, ყველაფერს ერევა და თანაც საზარლად ღმუის. ის ფილმში პირველივე წუთებზე ახლო კადრით ჩნდება შუა ტყეში, სადაც რკინის ხელით ხეს ძირფესვიანად გლეჯს. მართლაც შემზარავი სანახავია, თუმცა, როცა კამერა უკან-უკან მიდის და რკინის ხელს შორიდან აჩვენებს, გოლიათი ხეების გარემოცვაში ის გაცილებით პატარა და უმნიშვნელო ჩანს და ხმაც ოდნავ ისმის.

ფილმში ნაჩვენებია ხეების ფესვიანად ამოღებისა და ტრანსპორტირების დოკუმენტური კადრები, ჩანს, თუ რამხელა უფსკრული რჩება გიგანტური ხის ძირფესვიანად ამოღების შემდეგ, ზოგჯერ პირდაპირ საცხოვრებელი სახლის წინ. თუმცა, უფსკრული მხოლოდ ვიზუალურად შემზარავი, სიცოცხლისთვის საშიში და გარემოსთვის საზიანო არ არის. ფილმში ის ამავდროულად აღნიშნავს გაცილებით უფრო ღრმა, ალბათ ამოუვსებელ უფსკრულსაც. კლასიკას თუ მივმართავთ,შეგვიძლია „ხიდჩატეხილობაც“ ვახსენოთ. ეს უფსკრული თვალსაჩინო ხდება პირველივე ისტორიაში, რაც ფილმში ისმის. ეს არის ამბავი უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახზე. თურმე, ისე მოხდა, რომ, ზუსტად იმ დროს, როცა ახალგაზრდა კაცი ბანკში წავიდა სესხის სათხოვნელად, მის მოხუც დედასთან უცნობები მივიდნენ, აუხსნეს, რომ მათი ეზოდან ხის შეძენა სურდათ და სთხოვეს, ფასი დაესახელებინა.

მოხუცმა ქალმა ხეს მისი გადმოსახედიდან მაქსიმალური ფასი დაადო - 400. შუამავლებმა, მცირეოდენი თათბირის შემდეგ უპასუხეს - 400 000 გვეძვირება, მაგრამ 40 000 გადაგიხდითო. ამ ისტორიას ერთი კაცი მეორეს ექსკავატორთან ახლოს, ტყეში მხიარულად უყვება. ორივე სიცილით კვდება - „თავზე დაეყარათ ფული“, „წარმოიდგინე, ხემ ფული მოისხა“ „ღმერთმა გამოუგზავნა ის ფული“

თუმცა, ირკვევა, რომ „ისინი“ სულ მალე გაერკვნენ „ხალხის სტანდარტებში“, რადგან მოგვიანებით ფილმში ჩნდება საშინლად გაბრაზებული და შეურაცხყოფილი კაცი: „არ მინდა არც ციხე, არც ომი, მაიძულებენ, მაგრამ არ დავთმობ. 3 ხეში 500 მანეთს მოგცემო. მასხარად მიგდებენ. ბარე სამ კაცს თავს მოვაჭრი, ივანიშვილს მისს არ გავატანინებ.“ - ამბობს ის.

ფილმში გარდა ხეების ჭრა-ამოძირკვისა და ტრანსპორტირების დოკუმენტური კადრებისა, გამოყენებულია რეალური ადამიანების რეალური ისტორიები. ზოგი „მას“ (შემსყიდველს) მოწიწებით მოიხსენიებს, ზოგი იცინის, ზოგი მადლობელია, ზოგი დაბნეული, ზოგი სტრესშია, ზოგი მასთან შეხვედრასთან დაკავშირებულ „ლეგენდებს“ ჰყვება.

ერთი კაცი, სავარაუდოდ, ტექნიკური პერსონალი, რომელიც ხეების ამოთხრაზე მუშაობს, ამბობს, რომ 3 თვეში 9 ხე ამოთხარა. რთულია, არ დაინახო, მისი გაბრწყინებული თვალები და სიყვარული, რომლითაც ის „მსხვერპლ“ ხეებზე, ლაპარაკობს, როგორ აღიქვამს მათ სილამაზეს. მისთვის, წითელი, გაშლილი ხე კვირიკედან (სავარაუდოდ, სოფელია, რომელსაც წარმართული სახელი შემორჩა), ყველაზე მშვენიერია.

ერთი ახალგაზრდა კაცი საგონებელშია, ვერ გაუგია, რისთვის სჭირდება „იმას“ ხეები.

„მერე ჩიტებიზა მოვა“ - სიცილით ასკვნის ბოლოს.

ამას გარდა, ფილმში მოხვედრილი ადამიანები ამბობენ:

„მერე რა, ფულს რომ იხდის, რა არის ამაში სასირცხვილო, ბიუჯეტიდან ხომ არ იხდის. ბიუჯეტში ხომ რას ამბობ, სულ სწორადაა ყველაფერი!“

„ახლა ესენი (შუამავლები) ჩაიჯიბავენ ფულს“

„მორჩა ახლა, ანაგვიანებდა ეგ ხე ეზოს და დაისვენეთ ახლა.“

„მაინც ხომ უნდა მოგეჭრათ, ასე ვიცი მე.“

„თუ ეზოს დამიზიანებს, მაშინ 10 000 მომეცით“

„რა გინდა ახლა, ხო მოგცეს ფული, რაღას ითხოვ“

„იჩივლებ და გაიწელება სასამართლო 20 წელი.“

“თავისი პრინციპის გამო მიაქვს, თვითონაც იცის, რომ არ იხარებს, გამორიცხულია, მაგრამ ოღონდ მისი გეისწოროს“

„ეჰ, დარიკოს წამოახედა ახლა“

„რა გატირებთ, ხეა“

„მშვიდობით ჩასულიყოს“

„უბნის სილამაზე, მის ძირში თაობები გაიზარდნენ, ასე არ არის? თქვით თქვენც. უბნის მშვენება“

„ტოტები რომ ჩამოსხიპეს, სილამაზე დაკარგა. არაფერი აღარ დარჩა. არა! სულ სხვა იყო, თავისი ხავსით.“

„წაბლით არ ვარ უკმაყოფილო, სულ ისხამს, შეშად ცოდვაა, ბევრი გაჭირვება აქვთ გამოვლილი. თუკი გამოგადგებათ, არ ვარ წინააღმდეგი, შეშად ცოდვაა.“

„ჩემი ბებო - ბაბუს დარგულია. 30 წელია არ მომიწევია, მაგრამ ახლა რომ მქონდეს პაპიროსი, მოვწევდი“.

„ვინ ვარ მე მასთან.“

„მთავარია, ძირში არ გადაჭრან, ამ ცხოვრებაში რასაც გავაკეთებთ, იმ ცხოვრებაში მოგვეზღვება.“

„შენ იმ ხეპრე ხალხს არ უნდა ავყვეთ, ვისაც რა უნდა თქვას, მიეცით ხე, გზას აკეთებს, სხვა არ არის შენი საქმე, უმადურები ხომ არ ვართ....“

„რა უნდა? დიდხანს ცხოვრება? ახლა იქნება 61 - 62 წლის, იცხოვრებს ასე 80-90 წლამდე.“

„ესაა ამ ხის დამრგველი ქალი“

„გაიფურჩქნება ორ წელში.“

„რა ვიცი, მე ვიქნები ორ წელში?“

„რა გზა! ვინ დაგიგებს გზას? 90 წლის ვარ და ვინ დააგო გზა? ფული მოთხოვე წინასწარ.“

მეზობლის ეზოში, კინოთეატრის დარბაზივით სხედან მაყურებლები. „ის ყვავილები მენანება.“ - სევდიანად ამბობს ქალი, როცა ხე ეზოში ყვავილებს ეცემა.

ზოგჯერ, მაყურებელს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თვითონ კამერასაც არ სჯერა, რასაც იღებს და ამიტომ, თითქოს უსასრულოდ იწელება კადრები, რომ უფრო დამაჯერებელი გახდეს. უზარმაზარი, მძლავრი რკინის ბურღით კლდის ხვრეტის საკმაოდ ხანგრძლივი კადრი დედა-ბუნებაზე ძალადობას უსვამს ხაზს და პენეტრაციას მოგვაგონებს. ამ დროს, არ შეიძლება ადამიანს უნებურად, ქართული გინება არ გაახსენდეს.

დენდროლოგიური პარკის შექმნა, ალბათ სიმბოლურ ენაზე უნდა მივიჩნიოთ მკვდრეთით აღდგომა, რითაც ძლიერნი ამა ქვეყნისანი ეუბნებიან ხალხს, რომ გაღებული მსხვერპლი არ იყო ფუჭი.

უნდა ვივარაუდოთ, რომ უმეტესად, ხალხს საკუთარი საგვარეულო, ტრადიციულად, საშვილიშვილოდ საამაყო ხეებთან უწევთ გამომშვიდობება. ვეებერთელა ხეების ტრანსპორტირებას ეწირება ის ხეებიც, რომლებიც გზაზე „ხელს უშლიან“ იგრძნობა, რომ „ოჯახის ხე“ ქართული კულტურის ნაწილია, ჩანს დიდი მოწიწება, როცა ერთი კაცი მეორეს ეუბნება: „ამ ხის დამრგველია ეს ქალი.“

იმის გამო, რომ ხის გასატანად, უსაფრთხოების მიზნით, საჭიროა ელექტროენერგიის გათიშვა და გზის გადაკეტვა, ერთი ხე ღამით გაჰყავთ სოფლიდან. შთამბეჭდავია, მისი რიტუალური გაცილება მთვარის შუქზე - მთელი სოფელი გარეთაა, მობილურებით იღებენ ფოტოებს, ვიდეოს, ამ კადრებს ისინი სათუთად შეინახავენ და თაობიდან თაობას გადასცემენ. მას შემდეგ, რაც ხეს ტოტები ჩამოახერხეს, ქალები დანანებით შესცქერიან სახლიდან პატარძალივით გამოყვანილ ხეს - „დაკარგა მისი სილამაზე, არა?“ ერთმანეთს იმოწმებენ, თავს დანანებით აქეთ-იქით აქნევენ, ცრემლებს მალავენ.

„რა ლამაზი იყო, ტოტები ჩამოსხეპვის შემდეგ აღარაფერია დარჩენილი, დიდებული იყო თავისი ხავსით, ეჰ!“

ბოლო გზაზე გაცილებას ჰგავს ხის საყოველთაო გაცილების დღისით გადაღებული კადრები - გარეთ გამოსული სოფელი, ყველანი ერთმანეთს უსამძიმრებენ, ზოგი პირჯვარს იწერს, ქალები ტირიან, კაცები ნერვიულობენ და ნერვიულობის შესანიღბად, ცალყბად ხუმრობენ, ან ერთიმეორეს ანუგეშებენ „რატომ ტირიხარ, ხეა.“ პატარებს დაფეთებული სახე აქვთ, ხმას არ იღებენ, უფროსებს დაზაფრულები შესცქერიან. ყველანი დიდხანს მიყვებიან პროცესიას, ლოცვით აცილებენ. ძალიან უცნაური დამთხვევაა, მაგრამ ამ პროცესიის დროს კადრში ხვდება ცრემლიანი ქალი, რომელსაც მაისურზეც აწერია „I will pay cash” (ნაღდ ფულს გადავიხდი).

ფილმში ხეებთან დაკავშირებული ისტორიების ფონზე, იკითხება საქართველოს კონკრეტული რეგიონების სოციალური მდგომარეობა - ჩანს მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, სახლების დაწყებული და შუა გზაში მიტოვებული მშენებლობა, გაულესავი კედლები, ძველი, შეუღებავი ჭიშკრები, საბჭოთა „ჟიგული“, შეშის „ფეჩები“, ძველი ავეჯი, კედლებზე წინაპართა ფოტოები, სიღარიბის მიუხედავად, გაკრიალებული ოთახები, ძვირფასად არა, მაგრამ სუფთად, თანამედროვედ ჩაცმული ხალხი, ახალგაზრდები „შორტებში“. სოფელში მოსახლეობის ერთიანობა, ბუნებრივი, ხალასი კომუნიკაცია, ემპათია და ერთმანეთის დახმარების სურვილი ცხადყოფს, რომ ხალხი, მიუხედავად არასახარბიელო სოციალური ფონისა, თანამედროვე მენტალობისაა.

თვალშისაცემია, ქალთა აქტიური მონაწილეობა პროცესებში. ასევე ვხედავთ, რომ საკითხის განხილვასა თუ მსჯელობაში მთელი ოჯახი, ყველა თაობა მონაწილეობს - საინტერესოა, რომ ოჯახის მხცოვანი ქალები საკმაოდ აქტიურად ერთვებიან, შეიძლება ითქვას, რომ ძირითად სათქმელს ამბობენ და რიგ შემთხვევებში, რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი იღებენ გადაწყვეტილებას. მაგალითად, ერთ შემთხვევაში, ხანდაზმულ ქალს (დედას) ვაჟი, დაახლოებით 40 წლის კაცი უკან უდგას და მხოლოდ ქალი ლაპარაკობს.

თვალშისაცემია ერთი ასპექტიც: მიუხედავად იმისა, რომ ხეების გაყიდვა მოსახლეობას დიდი ალბათობით, ფინანსურ პრობლემებს გარკვეულწილად მოუგვარებდა, ფილმში ვერ ნახავთ ბედნიერ სახეებს. აშკარაა, რომ ყველა ტრავმირებულია და ეს მხოლოდ შეპირებული, მაგრამ დაუგებელი გზებისა და დატოვებული უფსკრულების ბრალი არ უნდა იყოს. უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ სინდისი ქეჯნით თავისი ტრადიციების, ოჯახის, წინაპრების, ხეების, მომავლის წინაშე. კულტურული ტრავმის ერთ-ერთი წარმომადგენელი პიოტრ შტომპკას თეორიას თუ დავეყრდნობით, სახეზე გვაქვს აშკარა კულტურული ტრავმა - შფოთვა, დაუცველობის გრძნობა, „მორალური პანიკა“, უნდობლობა, მომავლის მიმართ პესიმიზმი, ნოსტალგიური ხატები, მუდმივად აწუხებთ კითხვა: „ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მომხდარის გამო?“

ორივე, ამოთხრილი ხის ორიგინალი და ბოლო სამყოფელი, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც მემორიალი, როგორც მონუმენტური მეხსიერების არე - მუზეუმი, რომელმაც შეიძინა საკრალური მნიშვნელობა, რომლის შესახებ ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემა.

ფილმი სრულდება შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ჩვენებით, რომელიც, უბრალო ხალხის საცხოვრებლის ფონზე, თავისი ფლამინგოებით, გაზონის საჭრელი მანქანებით, სამაგალითო სისუფთავითა და მებაღეთა სიმრავლით, მართლაც იდეალური სამყოფელს ჰგავს. თითქოს, მიყენებული ტრავმის საკომპენკაციოდ, დენდროლოგიური ბაღის სახით, ხალხს დღესასწაულს სთავაზობენ.

საერთოდ კი, რა ვიცით სამოთხეზე? ინტერნეტში მცირე ძიების შემდეგ, უბრალო მოკვდავს შეუძლია აი, ეს ინფორმაცია მოიძიოს:

„ეკლესიის წმინდა მამათა სწავლებაში საერთოა დებულება, რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი მხოლოდ ადამიანის თვალთახედვით არსებობს და არა ღმერთის თვალთახედვით. რა თქმა უნდა, სამოთხეც და ჯოჯოხეთიც რეალურად არსებობს, არსებობს როგორც ყოფიერების ორი სახე, მაგრამ განსხვავება ღმერთს არ შეუქმნია. წმინდა მამათა გარდამოცემიდან ნათლად ჩანს, რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ორი სხვადასხვა ადგილი, არამედ თვით ღმერთია სამოთხე წმინდათათვის და ჯოჯოხეთი ცოდვილთათვის“.

„ღირსი ისააკ ასური ძალზე მკაფიოდ აჩვენებს, თუ რა არის სამოთხე და ჯოჯოხეთი. სამოთხეზე მსჯელობისას ის ამბობს, რომ სამოთხე - ღმრთის სიყვარულია. ბუნებრივია, როცა ჩვენ სიყვარულზე ვსაუბრობთ, ძირითადად, მხედველობაში ღმრთის შეუქმნელი ენერგია გვაქვს. ღირსი ისააკი წერს: "სამოთხე ღმრთის სიყვარულია, რომელშიც ყველა ნეტარებით ტკბობაა"6. მაგრამ, ჯოჯოხეთზე მსჯელობისას, ის თითქმის იგივეს ამბობს: ჯოჯოხეთი - ეს ღმრთიური სიყვარულის შოლტია, ის წერს: "ვამბობ რომ გეჰენიაში ტანჯულნი სიყვარულის შოლტით იგვემებიან. და როგორი მწარე და სასტიკია ეს სიყვარულის ტანჯვა".

„მსჯელობანი, განხილვანი ეკლესიის მამათა შორის არსებობდა, თუ სად მდებარეობს სამოთხე. თანამედროვე მკვლევართაგან ზოგს გამოაქვს დასკვნა, რომ მაგალითად ისეთი დიდი მისტიკოსი მოძღვრის, როგორიც წმ. გრიგოლ ნოსელი იყო, აზრით სამოთხე თითქოს მესამე ცაზე მდებარეობდა, უხილავთა ანუ იგივე ანგელოზურ ძალთა და ხილული ქმნილების გზაგასაყარზე, ე.ი. რომლის ზევითაც უხილავი წიაღია და რომლის ქვევითაც ხილული სამყაროა. თუმცა ეს გრიგოლ ნოსელთან, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ასე კვალიფიცირებული ნამდვილად არ არის. სხვა მოძღვართაგან, მაგალითად იოანე ოქროპირი მკვეთრად განაჩინებს სამოთხის დედამიწისეულობას, რომ ის დედამიწის ადგილია, თუმცა არა დაცემული და ხრწნილი თვალით სახილველი.თეოფილე ანტიოქიელი კი ამბობს, რომ “ის, რომ სამოთხე მიწაა და მიწაზე იყო დანერგილი, ამის შესახებ წმინდა წერილი ამბობს: “და დაჰნერგა ღმერთმა სამოთხე ედემში აღმოსავლეთით და დაადგინა იქ კაცი, და აღმოაცენა ღმერთმა კვლავ მიწიდან ყველა ხე, სახილველად ჰაამო და საჭმელად კარგი” (შესაქმე 2, 8-9). საღვთო წერილი თავის სიტყვებში “კვლავ მიწიდან” და “აღმოსავლეთით” ცხადად გვასწავლის, რომ სამოთხე ცის ქვეშეთში იყო”*.

ახლა ქართველებმა ზუსტად ვიცით, სად არის ჩვენი სამოთხე. ედემი ებრაულიდან ითარგმნება, როგორც შვება. შესაქმის II თავის მე-10 მუხლის ძველ ქართულ თარგმანში ვკითხულობთ: “ხოლო მდინარე გამოვალს ედემით მორწყვად სამოთხისა”, თუმცა ჩვენს ედემში წყალი ავტომატურად ირთვება. ამ სამოთხეში ვერ დაიმალები. აქ ადამი და ევა თავის ნებაზე ვეღარ ინავარდებენ, რადგან ვიდეო კამერებითა და შეიარაღებული დაცვის თანამშრომლების საშუალებით მთელ ტერიტორიაზე არა მხოლოდ ადამიანი, არამედ სისინიც კი კონტროლდება. ვერავინ მოწყვეტს ხილს, ხოლო ვინმემ დაგებულ ბილიკს თუ გადაუხვია, ჩაირთვება ხმა: „დავუბრუნდეთ ბილიკს, ბილიკიდან გადასვლა აკრძალულია, ვიმოძრაოთ მხოლოდ ბილიკზე". აქ პოტენციური ხე შეცნობისა დაბმულია, რადგან, როგორც უახლესი ისტორია გვამცნობს, მათ მოგზაურობა შეუძლიათ. ამ ბაღში შვებას მხოლოდ ადამიანი-ღმერთი თუ იგრძნობს, რადგან ყველაფერი მის ნებას ექვემდებარება. ქართული კონტექსტის გათვალისწინებით, თუ „მოთვინიერებას“ გავყვებით, უნდა აღინიშნოს, რომ ამ სამოთხეში წინსვლა სახეზეა: თუ მეოცე საუკუნეში მხოლოდ მწერლებს ათვინიერებდნენ, დღეს, თუ სიმბოლოებს გავყვებით, საყოველთაო მოთვინიერებაა გამოცხადებული.

მაშინ, როცა უცხოური პრესა ფილმში ასახულ მოვლენებს სურეალისტურად მოიხსენიებს, და ასეთ ვაჭრობას „ფაუსტურ გარიგებას“ უწოდებს, ჩვენ, ქართველებმა ვიცით, რომ ეს რეალობაა და არ გვიკვირს. ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია, რადგან ქვეყანა გაღატაკებულია და ხალხს სახსარი არ აქვს. როდესაც ხმა გავრცელდა, რომ მილიარდერი ხეებით იყო დაინტერესებული, მთელი საქართველოდან უამრავი ხალხი ცდილობდა მასთან დაკავშირებას და საკუთარ ხეების გაყიდვას. მეტი დამაჯერებლობისთვის, ისინი ხეების კეთილშობილი წარმომავლობის ისტორიებს უამბობდნენ.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ძალა აღმართს ხნავს, ხოლო მდიდართა ახირებულობას კი საზღვარი არ აქვს, რადგან ქვეყანაში სამუშაო ადგილები არ არის, და თუ გამოჩნდა, მდიდარი დამქირავებლები ხელფასის სახით თვეში დაახლოებით სამას ლარს (100 აშშ დოლარი) თუ დანიშნავენ და აუცილებლად დააყოლებენ: „ეგ სამასი ლარი სად ყრია? ზარმაცი ხალხი ხართ ქართველები.“ ან „რაც ერი, ის ბერი.“

სწორედ ამიტომაა ევროინტეგრაცია საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ევროკავშირში გაერთიანება ქვეყანას საშუალებას მისცემს დაინერგოს დასავლური სოციალური და ეკონომიკური სტანდარტები, განისაზღვროს ქვეყნის წინსვლაზე მიმართული პრიორიტეტები, ურბანული თუ აგრარული სექტორის განვითარების ევროპული მიდგომები, ხალხს შეექმნება ღირსეული ცხოვრების საშუალება, შეიქმნება სათანადო შრომის კოდექს, რეალურად იქნება დაცული ადამიანის უფლებები, და ა.შ. ეს კი შედეგად მოგვცემს იმას, რომ ქვეყანა ყველა ერთეულთა (კეთილ) ნებაზე არ იყოს დამოკიდებული და ხალხმა, ყველა შემთხვევაში, საკუთარი თავისუფალი არჩევანი გააკეთოს.

კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაში გახდა ევროპის კინოაკადემიის წევრი. სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“ ბრიტანული გამოცემის The Guardian-ის 2022 წლის საუკეთესო ფილმების სიაში მოხვდა.

სიას დართული აქვს გამოცემის კინოკრიტიკოსის, პიტერ ბრედშოუს იანვარში გამოქვეყნებული რეცენზია, სადაც ავტორი ფილმს „მომაჯადოებელს“ უწოდებდა და წერდა: ამ ხეების ტრანსპორტირება „ფიცკარალდოს“ სტილის ოპერაციაა – განსაცვიფრებელი მასშტაბის განდიდების ილუზიები.

„ფილმი მოგვითხრობს მეტად უცნაურ, მაგრამ ამასთანავე მამხილებელ ამბავზე ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის გეგმის შესახებ – ამოთხაროს და ქვეყნის გავლით გადაიტანოს ასწლოვანი ხეები საკუთარ კერძო ბაღში“, – წერს გამოცემა.

როგორც ცნობილი გახდა, „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენელმა ფილმის შესახებ განაცხადა, რომ ფილმში ფაქტები არასწორადაა წარმოდგენილი. საქართველოში სხვადასხვა მიზეზებით გაუქმდა დანიშნული კინოსეანსები.

მაგალითად, კინოაკადემიის ხელმძღვანელმა მინდია ესაძემ „კინოს სახლში“ დაგეგმილი ჩვენებების გაუქმების შესახებ „რადიო თავისუფლებას“ ასეთი განმარტება მისცა: „მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ფილმი გახლავთ პოლიტიკურად მოტივირებული, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების გაღიზიანება პოლიტიკური ნიშნით. ააიპ საქართველოს კინოაკადემია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ ღონისძიებებს. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიმართოს მხოლოდ ორი საპრემიერო ჩვენება და კინოაკადემიის ლურჯი კინოდარბაზი არ იქნას გამოყენებული პოლიტიკურ ტრიბუნად“

როგორც „რადიო თავისუფლება“ იუწყება, კინოცენტრის ვადაზე ადრე გათავისუფლებული დირექტორის, გაგა ჩხეიძის განცხადებით, პირველივე შეხვედრისას თეა წულუკიანმა სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის – „მოთვინიერების“ განხილვა დაიწყო. „…რომლითაც უკმაყოფილო იყო ქალბატონი თეა; უკმაყოფილო იყო იმითაც, რომ სახელმწიფომ ფული დახარჯა ამ ფილმის დაფინანსებაზე, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის პოზიცია და მესიჯი, რომელსაც ეს ფილმი ავრცელებს“, – განაცხადა ჩხეიძემ 2022 წლის 5 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ფაქტია, რომ კონკრეტულ ჯგუფ(ებ)ს თავისთვის სასარგებლო კოლექტიური მეხსიერების შექმნა სურთ. ზოგადად, სოციალურ მეცნიერებებში, კოლექტიური მეხსიერების შექმნა ხშირად მიიჩნევა პოლიტიკური ძალაუფლების ინსტრუმენტად. კოლექტიური გახსენების ან დავიწყების სურვილს განსაზღვრავს კულტურული და პოლიტიკური ელიტების მხრიდან მოვლენებისთვის კონკრეტული მნიშვნელობის მინიჭება და მათი საზოგადოებაში გაზიარება. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ რიგ შემთხვევებში მეხსიერების პოლიტიკა მოვლენების პირველად მნიშვნელობებზეა დაშენებული და კოლექტიური მეხსიერების მანიპულირების მცდელობის დროს უნდა ახსოვდეთ რომ მეხსიერების ფაილი არასოდეს არის დახურული.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG