Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის საელჩო უარყოფს, რომ მედიას დაუდასტურეს კიევში პრეზიდენტ მაკრონის ვიზიტი


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის საელჩომ უკრაინაში განაცხადა, რომ საელჩოს პირველი მრჩეველი ბრუნო კოსანელი კატეგორიულად უარყოფს მისი სახელით გავრცელებულ კომენტარს, რომელიც ეხება უკრაინაში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შესაძლო ვიზიტს. უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 13 ივნისს, საღამოს, კოსანელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაკრონი უკრაინაში ჩასვლას 15 ივნისს, მოლდოვაში ვიზიტის შემდეგ გეგმავს.

საფრანგეთის საელჩოს განცხადებით, ბრუნო კოსანელს არ აქვს ამ თემაზე კომენტარის უფლებამოსილება, ამჟამად შვებულებაშია, საფრანგეთში იმყოფება და პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ გააჩნია, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს მკაფიოდ უთხრა.

13 ივნისს, იტალიური გამოცემა La Stampa წერდა, რომ 16 ივნისს, უკრაინაში ჩასვლას გეგმავენ იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, რომლებიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერას დაუდასტურებენ. იმავე დღეს, ტელეკომპანია CNN-ს ელისეს სასახლეში განუმარტეს, რომ უკრაინაში პრეზიდენტ მაკრონის ვიზიტი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის.

ემანუელ მაკრონს, რომელიც ამჟამად თავმჯდომარეობს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოს, დღემდე არ გამოუხატავს ცალსახა მხარდაჭერა უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად.

ამჟამად ევროკომისია ამზადებს რეკომენდაციებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ამ სტატუსის მიცემის შესახებ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები მიიღებენ ბრიუსელში, 23-24 ივნისს დანიშნულ სამიტზე.

რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG