Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხოშტარია ითხოვს მოსამართლეების სანქცირებას, რადგან, მისი თქმით, ოლიგარქიული მმართველობის საყრდენი არიან


ელენე ხოშტარია, "დროას" ლიდერი
ელენე ხოშტარია, "დროას" ლიდერი

პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, ბიზნესმენების შემდეგ, ახლა უკვე მოსამართლეების სანქცირებას სთხოვს. მან საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ კონკრეტული მოსამართლეები საქართველოში ოლიგარქიული მმართველობის საყრდენი არიან.

"მე წინა ბრიფინგზე წარმოგიდგინეთ ხუთი პატარა ოლიგარქი, რომელზეც არსებულ მასალებს ვაწვდით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ოლიგარქიული მმართველობის კიდევ ერთი საყრდენის, სასამართლო სისტემის ადამიანების სია, რომლებიც, ჩვენი აზრით, უნდა მოხვდნენ სანქციების ქვეშ", - თქვა მან.

ხოშტარიამ დაასახელა 9 მოსამართლე და განმარტა, რატომ ითხოვს მათ სანქცირებას:

  • მიხეილ ჩინჩალაძე - "წინა მთავრობის პროკურორი, რომელიც შემდეგ პოლიტიკური მსახურებისთვის მოსამართლედ დააწინაურეს. 2012-2013 წლის შემდეგ გახდა ივანიშვილის საყრდენი კლანის შექმნაში. ის არის კლანის რეალური თავი";
  • ლევან მურუსიძე - "გამოირჩევა მძიმე საქმეებით - წინა ხელისუფლების დროს განიხილა "გირგვლიანის საქმე" და 2013 წელს მას ღიად შეხვდა ბიძინა ივანიშვილი და დაასახელა სასამართლოს ღერძად. მას შემდეგ ის არ ერიდება პოლიტიკურ კამპანიებში და პოლიტიკური განცხადების, მიკერძოების გამოხატვას. მას ღიად ეძახიან ლიდერს სისტემაში";
  • შალვა თადუმაძე - "ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი, რომელიც ჯერ გაამწესეს პროკურატურაში საქმეების შესაკერად, შემდეგ დანიშნეს უზენაეს სასამართლოში უვადოდ იმისთვის, რომ ჩაიკეტოს მართლმსაჯულების სისტემა";
  • გიორგი მიქაუტაძე - "უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეა. მანამდე იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სწორედ მაშინ, როდესაც კლანის საბოლოო გამყარება ხდებოდა";
  • ლაშა ჩხიკვაძე - "ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, რომელიც ნაწილობრივ სანქცირებულიც არის - ის არ გაუშვეს ამერიკაში. ამ ადამიანს 2015 წელს უკავშირდება ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც დაიღუპა ადამიანი. ეს საქმე არის ამ დრომდე მიმდინარე იმისთვის, რომ იყოს გამოჭერილი და შეასრულოს პოლიტიკური დავალებები";
  • ბესიკ და ვალერიან ბუგიანიშვილები - "ძმები, ოჯახური, კლანური ბიზნესით, რომელთა ხელშიც გადიოდა ბევრი პოლიტიკური საქმე. მათ შორის, "კაბელების", "ციანიდის", "რურუას". ამ ძმებს გადანაწილებული აქვთ პოლიტიკური საქმეები";
  • ირაკლი შენგელია - "შედარებით ჩრდილში მყოფია, მაგრამ ერთ-ერთი საყრდენია [მიხეილ] ჩინჩალაძის. მას ცოლი და დისშვილი, დის ქმარი ჰყავს დასაქმებული ამ სისტემაში;
  • სერგო მეთოფიშვილი - "ეს არის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე. მის ხელში გადის სისხლის სამართლის პოლიტიკური საქმეები".

"დღეს უკრაინის ომმა გამოიწვია ის, რომ მთელი დასავლეთი, მათ შორის ჩვენს რეგიონში ებრძვის დიქტატურას, ავტორიტარიზმს და ოლიგარქიას. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა ქვეყნის შიგნით პროტესტი - მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე. მეორე ამოცანაა ჩვენს პარტნიორებთან ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოლიგარქიული სისტემის სანქცირების მიღწევა", - თქვა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი ბრიფინგი მან გამართა 12 ივნისსაც. ამ ბრიფინგზე ელენე ხოშტარიამ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ბიზნესმენებზე ისაუბრა და მათი სანქცირება მოითხოვა.

9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

იმის მიუხედავად, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამ დროისათვის შეზღუდვები არ მოქმედებს, მისი ადვოკატი ამბობს, რომ 4 მარტიდან იგი ფაქტობრივი სანქციების პირობებში იმყოფება.

"4 მარტიდან მოყოლებული, როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს რეალური დაბრკოლება შეექმნა საკუთარ აქტივებზე წვდომისა და მათი განკარგვისა, ჩვენ ვმოქმედებთ, ვცხოვრობთ და ვოპერირებთ ფაქტობრივი სანქციების პირობებში. 24 თებერვალს იწყება ცნობილი მოვლენები და 4 მარტიდან ჩვენს საქმეში შემოდის ხელოვნური დაბრკოლებები", - თქვა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG