ავტორი: გიორგი აბულაძე
100 დღეზე მეტი გავიდა, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე და იქ სასტიკი ომი წამოიწყეს. მთელი ამ დროის განმავლობაში უკრაინელი ერი წარმოუდგენელი შეუპოვრობით ებრძვის მტერს. აშკარაა, რომ რუსეთმა თავისი ვერაგული გეგმა ვერ შეასრულა და ჩაეშალა უკრაინის „ბლიცკრიგი“. მკაცრი ეკონომიკური სანქციების გარდა რუსეთმა, სავარაუდოდ, 15 ათასზე მეტი მსხვერპლი მიიღო. რუსეთი, როგორც გლობალური ბოროტება–მარცხდება, თუმცა ეს ათასობით უკრაინელის სისხლის და არაერთი განადგურებული უკრაინული ქალაქის ფასად ხდება. საინტერესოა შევეხოთ მოლოდინებს, რომელიც ომის დასაწყისში და ომის მიმდინარეობის დროს არსებობს.
რა მოლოდინები იყო ომის დასაწყისში?
24 თებერვალს, შეჭრის პირველ დღეს ბევრ ადამიანში (გამოგიტყდებით ჩემშიც) იყო მოლოდინი, რომ რუსეთი გარკვეულ სამხედრო წარმატებებს მიაღწევდა, მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავდა იმას, რომ რუსეთი გაიმარჯვებდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ეჭვი ეპარებოდა უკრაინის მთავრობის სიმტკიცეში, ყველა დარწმუნებული იყო, რომ უკრაინელი ხალხი ოკუპანტს მარტივად არ დანებდებოდა. რუსებს კიევის აღება, რომც მოეხერხებინად ვერ შეძლებდნენ უზარმაზარ ქვეყანაში გაშლილი პარტიზანული წინააღმდეგობის აღმოფხვრას. საქართველოშიც და მსოფლიოშიც რუსეთის უძლეველობის მითი კარგად მოქმედებდა (საბედნიეროდ ის დღეს დაიმსხვრა). ცალკეული ექსპერტები, რომლებიც უკრაინის დაცემას რამდენიმე დღეში პროგნოზირებდნენ ვერ აცნობირებდნენ უკრაინის საომარ მზადყოფნას და იმ საერთაშორისო მხარდაჭერის მასშტაბს, რომელსაც უკრაინა მიიღებდა ომის დროს. მართლაც რთული წარმოსადგენი იყო, რომ ისეთი გეოპოლიტიკური რყევები მოხდებოდა ერთ დღეში, როგორიც მოხდა. ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგი თავდაყირა დადგა და ამ წუთებში ახალი წესრიგი იქმნება. დაკვირვებული თვალი ამ ყველაფერს მარტივად შეამჩნევდა და მიხვდებოდა, რომ რა წარმატებებისთვისაც არ უნდა მიეღწია რუსეთს, მთელი ცივილიზირებული მსოფლიო მის წინააღმდეგ იქნებოდა და იმ ახალ სისტემაში რომლის შექმნის კონტურებიც გამოჩნდა მისი პოზიციები ძალიან ძლიერად შესუსტდებოდა. თუმცა ღრმა პოლიტიკურ აზროვნებას მოკლებულმა საქართველოს მმართველმა გუნდმა ჩათვალა, რომ რუსეთი რამდენიმე დღეში დაამხობდა უკრაინის მთავრობას, დასვამდა თავის მარიონეტს და ამას დასავლეთიც და ხალხიც შეეგუებოდა. ამიტომ მიმართა პრო-რუსულ რიტორიკას და პრაქტიკულად მოემზადა რუსეთთან კოლაბორაციონიზმისთვის. ჩემი აზრით ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფაქტი საქართველოს ისტორიაში. ეს იყო ფაქტი, რომელმაც საზოგადოებას დაანახა, რომ მისი ხელისუფლება მზადაა თვალის დაუხამხამებლად დაივიწყოს ეროვნული ინტერესები და ხელისუფლების შესანარჩუნებლად მტერთანაც კი ითანამშრომლოს. იმედი მაქვს (უფრო დარწმუნებული ვარ) ამას ქართველი ხალხი არ დაივიწყებს.
რა მოლოდინები არსებობს ამჟამად?
რუსეთი საკუთარ სამხედრო ამოცანებს ვერ ასრულებს. უკრაინა მედგრადაა. რადიკალურად გაიზარდა უკრანელ ხალხში ანტი-რუსული და პრო-დასავლური განწყობები. უკრაინა არ დაეცა, როგორც სამხედრო-პოლიტიკურად, ისე მორალურად. არსებობს რისკები, რომ ეს ომი ძალიან გაიწელოს, რაც დაანგრევს უკრაინის ეკონომიკას. დასავლეთი უზარმაზარ ფინანსურ რესურსებს ხარჯავს უკრაინისთვის, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება. გარდა უკრაინელი სამხედროების გმირობისა, რუსეთის წარუმატებლობის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი დასავლეთის არნახულად მკვეთრი პოლიტიკაა. მიუხედავად მცირე რყევებისა, სულისკვეთება ევროპის უმრავლეს ქვეყნებში ერთიდაიგივეა. ვინ იფიქრებდა, რომ გერმანიაც კი დათანხმდებოდა სამხედო დახმარებას? თუმცა გლობალური ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა, რომელსაც ახლა რუსეთი წარმოადგენს (ერთ დროს სწორედ გერმანია წარმოადგენდა) ყველას ვალია. ძალიან მალე დარწმუნებული ვარ დადებით პასუხს მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უკრაინა, რაც კიდევ ერთი სიმბოლური გამარჯვება იქნება. რუსეთს უმძიმესი ათწლეული ელის, ხოლო უკრაინას შენებისა და წინსვლის. მწამს, რომ დადებითი შიდაპოლიტიკური ცვლილებების შემთხვევაში უკრაინა, მოლდოვა და საქართველოც მომდევნო დეკადაში (2030-იან წლებში) ევროკავშირის წევრები იქნებიან. უკვალოდ არ გაივლის იმ უამრავი ადამიანის დაღვრილი სისხლი, რომლებიც საკუთარი ქვეყნის კარგი მომავალისათვის ბრძოლას ეწირებოდნენ.
„…ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა!“
ვაჟა-ფშაველა „ბახტრიონი“
დაწერეთ კომენტარი