ავტორი: ლუკა ოქროპირაშვილი
,,რა სამსახურს ემსახურება ჩემი სული? გამუდმებით ჰკითხეთ საკუთარ თავს ეს და საფუძვლიანად გამოიკვლიეთ საკუთარი თავი იმის დანახვით, თუ როგორ უკავშირდებით იმ ნაწილს, რომელსაც მმართველ პრინციპს უწოდებენ. ვისი სული მაქვს ახლა? იმ ბავშვის, ახალგაზრდის…ტირანის, შინაური თუ გარეული ცხოველის?”
მარკუს ავრელიუსი, ფიქრები, 5.11
რა არის შენი მოწოდება? რა მიზანს ან რა მისიას ემსახურები? რას აკეთებ და უფრო მეტად მნიშვნელოვანი, რატომ აკეთებ? არის კი საქმენი შენი მანიფესტაცია იმ ღირებებულებებისა რომლებსაც თავადვე აფასებ. ამ კითხვებზე ობიექტური, ცალსახად მტკივნეული პასუხები (,,ყოველ ჭეშმარიტებას, საკუთარი სიმწარე თან ახლავს”), პირველი წინგადადგმული ნაბიჯია, ვიყოთ იმაზე უკეთესი ვიდრე რომის იმპერატორის მიერ მოყვანილი ველური არსებებია. ეს ასევე ნიშნავს აღმოჩენას იმ უმაღლესი ვალდებულებისა რომელიც ჩვენ არა მარტო ღმერთის, არამედ ერთმანეთის წინაშე გვაქვს.
ჩვენ ქართველებს, სხვა რასების მსგავსად ერთობლივი სამუშაოების ჩატარების (praxeis koinonikas apodidonai) მოვალეობა გვერგო, ისეთ დიდ პროექტებზე, როგორიცაა ჩვენი ქვეყანა და ცივილიზაცია. ამ ორ გიგანტურ პროექტზე, მილენიების განმავლობაში ჩვენამდე არსებული ცივილიზაციების შრომისა და ზრუნვის შემდეგ, ამავე პროგრესის მესაჭეობა ჩვენ გადმოგვებარა. ადამიანები (რაციონალურ-სოციალური არსებები) შექმნილნი არიან სინერგიისთვის ანუ თანამშროლობისთვის (ერთად მუშაობისთვის). მართლაც რომ, ეს ღრმად საკაცობრიო მოწოდება იმპერატორ ავრელიუსის (და არა მარტო) შინაგანი ციტადელის ფუნდამენტია და უფრო მეტიც… ცნობიერი ცივილიზაციის ქვაკუთხედის საწყის წერტილსაც წარმოადგენს. თუმცა, ქართული საზოგადოების ცნობიერება მათი როლის შესახებ, ქვეყნის და ცივილიზაციის წინაშე სრული ანტითეზისია იმ ალტრუისტული აზროვნების ჩარჩოსი, რომელსაც დასავლური ცივილიზაცია ქადაგებს.
არსებობს ქართული პრეცენდენტი (კლასტერი) ,,შავი ჭირის”, რომლის მთავარი სიმპტომებია ინდივიდის, მოქალაქის დაბალი პასუხისმგებლობის შეგრძნება, პასიურობა (კრიტიკულად ნაკლები სოციალური ცნობიერება და აქტივობა) და მიოპია (ახლომხდეველობა). თუ მხედველობაში მივიღებთ იმ შესაგუებლად მძიმე და აუტანელ რეალობას, რომ ინდივიდის და მოქალაქის საშენი მასალა, ოჯახი და სკოლა გამქრალია პიროვნებათა ჩამოყალიბების ასე ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანი პროცესებიდან, მაშინ ჩვენი საზოგადოების სოციალური მოუქნელობა და უუნარობა (ანუ ,,შავი ჭირი”) არც თუ ისე დიდი სიურპრიზია. ქართულ თანამედროვე მოცემულობაში არსებული ტენდენცია, ოჯახების და სკოლების მიერ დაწესებული, რეალობას აცდენილი, მოქალაქეობრივი სტანდარტები და მოვალეობები ქვეყნის და სამყაროს წინაშე, გამომდიონარეობს არა მცდარი პასუხებიდან ამ საკითხებთან დაკავშირებულ კითხვებზე, არამედ არასწორად დასმული კითხვებიდან. მეტწილად წყარო უვარგისი კითხვათა ფორმულირების, ცალმხრივი და მშრალი ანალიტიკური დიაგნოსტიკაა. მაინც რა არის სრული სურათის მისაღებად საჭირო?
ამერიკის შეერთებული შტატების განათლების სისტემაში არსებული, ყველა ტიპის და დონის საგანმანათლებლო ორგანიზაციისთვის მოთხოვნილებაა, საჯაროდ გამოაქვეყნონ და კულტივაცია მოახდინონ იმ მისიის რომელსაც სკოლა თუ უნივერსიტეტი ემსახურება. ასეთი ტიპის მისიის განცხადებები ამერიკულ საგანმანათლებლო დაწესებულებების, საკლასო ოთახების განუყრელ გაფორმებას წარმოადგენს. თუმცა საქმეც იმაშია რომ ეს განცხადებები უბრალოდ ბუტაფორიას არ წარმოადგენენ ქართული, ყველასგან მივიწყებული, სკოლების უფუნქციო მიზნობრივი დებულებებისგან განსხვავებით. რა სხვაობაა ამერიკულ და ქართულ საგანმანათლებო ორგანიზაციების მისიების დებულებებს შორის? ამ კითხვაზე პასუხი მარტივი მაგრამ რთულად მისაღწევია-პრაქტიკულობა. ყველა წინადედება რომელიც კრავს დებულებას, ატარებს შინაარს, ობიექტურობას და ანარეკლია ამერიკული სოციალური რეალობის. ის პირდაპირი პროდუქტი და განსახიერებაა ამერიკელების კონსენსუსის მოქალაქეობრივ სტანდარტებზე. მაგალითისთვის, Ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მისიის დებულება შემდეგნაირად იკითხება: ,,უნივერსიტეტი ცდილობს გააფართოვოს ფანტაზია, ხელი შეუწყოს სულის სიცოცხლეს, განავითაროს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლა, წაახალისოს ღვთისა და კაცობრიობისადმი მსახურება და ხელი შეუწყოს მრავალფეროვნების პატივისცემას გლობალური საზოგადოების ეპოქაში”. უნივერსიტეტის სასაწვლო გარემო და პროცესი მიმართულია დაწესებულების ამ მოტოს ეფექტურად იმპლემენტაციისკენ.
ქართული ფორმა და პრობლემა ,,შავი ჭირის”, სხვა ეროვნული პრობლემების მსგავსად სათავეს ქვეყნის აქილევსის ქუსლიდან, განათლების სისტემიდან იღებს. ქართულ მოცემულობაში, ამ სენთან ბრძოლის ერთადერთი ხერხი განათლების სფეროში ცვლილებებია. ჩვენს მიერ გაღებული ძალისხმევა ამ ფუნდამენტალური რეფორმებისთვის არ იქნება ფუჭი და უმისამართო, რადგან ეს ბრძოლა განათლებისთვის არ არის მოუგებელ ბრძოლათა სიაში. თუ საგანმანათლებლო სფეროში ჩვენ დავისახავთ კონკრეტულ და რეალისტურ მიზნებს, რომლის გარშემოც ყველა გავერთიანდებით და ვიშრომებთ ქართულ ,,შავ ჭირსაც” დანარჩენ სხვა სოციალურ პანდემიებთან ერთად უკან მოვიტოვებთ. ეს ჯანსაღი პროცესები ქართულ განათლებაში საჭიროებს საერო კონსენსუს ანუ დაკვეთას რომლის გარშემოც ჩვენს მიერ დაქირავებული პროფესიონალები იმუშავებენ. ქართველი ერი განიკურნება ამ დროებითი სენისგან. საქართველო დაუბრუნდება საერო და საკაცობრიო საქმისკენ მომართულ რელსებს ღრმა მოქალაქეობრივი შემეცნებით და ცნობიერებით. ამ შედეგის მისაღწევად, პირველ რიგში სწორი კითხვების დასმაა საჭირო კონკრეტულ პრობლემებზე სწორი დიაგნოზისათვის. სწორი დიაგნოზი კი პრიორიტეტების სწორად გაწერას უზრუნველყოფს. მეოცნების, მსურველის ან კრიტიკოსის პოზიციაში ყოფნა არაა საკმარისი. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ…თანაც სწორად!
,,მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა” - აკაკი წერეთელი.
დაწერეთ კომენტარი