Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე ზურაბიშვილზე: შეიძლება ვინმემ [ომში] ჩაითრიოს... კიდევ კარგი, მართლა მთავარსარდალი არ არის


ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მეორე ფრონტის გახსნაში "ჩაითრიონ" კიდეც, თუმცა, მისი თქმით, ზურაბიშვილი სიმბოლური პრეზიდენტია და მეორე ფრონტის გახსნის ბერკეტი არ აქვს. 14 ივნისს ბრიფინგზე პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნის საშიშროება არ არსებობს.

"საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის თემა მოგონილია. როგორც მან განაცხადა, ციტატა: "მეორე ფრონტის რისკის საფრთხე არ არსებობს". ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სალომე ზურაბიშვილს შევახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია...

სალომე ზურაბიშვილს გვინდა ვუთხრათ, ვინმეს თუ უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ამას მას არავინ ეტყვის, რადგან, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს მეორე ფრონტის გახსნის არავითარი ბერკეტი არ აქვს, საბედნიეროდ...

სურვილი არა, მაგრამ ისეთ არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ, შეიძლება ვინმემ ამაში ჩაითრიოს", - თქვა კობახიძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მან საქართველოს პრეზიდენტს "ფორმალური მთავარსარდალი" უწოდა და ახსნა, რატომ მოიხსენია ასე:

"როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს, ეს ღიმილის მომგვრელია. კიდევ კარგი, მართლა მთავარსარდალი არ არის სალომე ზურაბიშვილი... ფორმალური მთავარსარდალია. მას არ შეუძლია სამხედრო ძალების მართვა. კონსტიტუციაში წერია, რომ მშვიდობიან პერიოდში სამხედრო ძალებს მართავს თავდაცვის მინისტრი, ომის პერიოდში - პრემიერ-მინისტრი. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი არის სიმბოლური მთავარსარდალი და არა ფაქტობრივი."

გუშინ, 14 ივნისს, სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლება გააკრიტიკა და თქვა, რომ საქართველოში "მეორე ფრონტის" საკითხს ყურადღების გადასატანად იყენებენ.

"ეს არის შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი, რომ ხალხი ხელისუფლების შეფასებიდან გადაერთოს და საკუთარ უსაფრთხოებაზე იფიქროს, რაც სრულიად ადამიანურია", - თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებების ფონია ევროკავშირიდან პასუხის მოლოდინი გაწევრიანების განაცხადზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი 3 მარტს, მას შემდეგ მოაწერა, რაც 28 თებერვალს, რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ანალოგიური განაცხადი. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე მოთხოვნა 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

ევროპარლამენტმა უკრაინის და მოლდოვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი რეზოლუციები, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით, კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების, ასევე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების შესახებ არის საუბარი. რეზოლუცია ახსენებს "მთავარი არხის" დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასაც.

ევროკომისიამ მოსაზრება საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის განაცხადზე 17 ივნისს უნდა მიაწოდოს ევროპულ საბჭოს, რომელმაც სამი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება 23-24 ივნისს უნდა გამოაცხადოს.

ᲐᲡᲔᲕᲔ ᲜᲐᲮᲔᲗ

ევროკომისიაში ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი, სავარაუდოდ, საქართველოს მიმართ აქვთ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG