Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ალტ-ინფო" ეთერის დათმობისთვის TV4-ს დღეში 34 ლარს უხდის


ფოტო TV4-ის ეთერში "ალტ-ინფოს" რეტრანსლირებული გადაცემიდან
ფოტო TV4-ის ეთერში "ალტ-ინფოს" რეტრანსლირებული გადაცემიდან

პრორუსული და ჰომოფობიური განცხადებებით ცნობილი ტელეკომპანია "ალტ-ინფო", ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიას (TV4) თავისი გადაცემების რეტრანსლირებისთვის, თვეში 1000 ლარს უხდის. ამ თანხაშია გათვალისწინებული დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ).

"ალტ-ინფოსა" და "ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიას" შორის დადებული ხელშეკრულების ასლი.
"ალტ-ინფოსა" და "ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიას" შორის დადებული ხელშეკრულების ასლი.

"ალტ-ინფო" "ქვემო ქართლის ტელევიზიის" ეთერით ყოველდღე მაუწყებლობს. ეს ნიშნავს, რომ ჰომოფობიური ნარატივების გავრცელების სანაცვლოდ TV4-ის შემოსავალი დღეში 34 ლარამდეა.

"ალტ-ინფო" თავადაც ფლობს მთელი საქართველოს მასშტაბით ე.წ. სახლის ანტენით მაუწყებლობის უფლებას, თუმცა დამატებით, თავისი მაუწყებლობის რეგიონული ტელეკომპანიის ეთერით გავრცელებაც დაიწყო.

"ალტ-ინფოს" და TV4-ს შორის ექვსთვიანი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 22 აპრილს გაფორმდა. ინფორმაცია ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენმა“ გაასაჯაროვა.

ტელეკომპანია TV4-ის დირექტორმა გიგი მგალობლიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ "ალტ-ინფოს" მიერ შეთავაზებული თანხა მცირეა, თუმცა მას საეთერო დროდან ის მონაკვეთი დაუთმეს, როცა რეკლამა არ გადიოდა და არხი შემოსავალს ვერ იღებდა.

"არ ვიცი როგორ მოხვდა ეს ხელშეკრულება არასამთავრობო ორგანიზაციის ხელში. ეს ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოა და მისი გაცემა უკანონოდ მოხდა. ხვალ კომისიაში იმსჯელებენ ჩვენს საჩივარზე", - ამბობს გიგი მგალობლიშვილი.

"ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია" ბოლო რამდენიმე წელია მუდმივად იღებს თანხას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მათ შორის, 2022 წელს არხი გარდაბნისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში ტენდერებშია გამარჯვებული და მისი წლიური შემოსავალი ამ გზით 113 ათას ლარზე მეტია.

"["ალტ-ინფოდან"]1000 ლარი თვეში ჩვენთვის ცოტა არ არის, იმ ფონზე, როცა რუსთავის მერიიდან ყოველთვიური დაფინანსება დაახლოებით ოთხი ათასი ლარია", - თქვა გიგი მგალობლიშვილმა.

რამდენიმე თვის წინ კომუნიკაციების კომისიამ "ალტ-ინფოს" ეთერი შეისწავლა და მიიჩნია, რომ პროგრამები შეიცავდა ომის პროპაგანდის ნიშნებს.

XS
SM
MD
LG