Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომუნიკაციების კომისიამ "ალტ-ინფოს" მთელ საქართველოში მაუწყებლობის უფლება მისცა


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ჰომოფობიური ჯგუფების ტელევიზიას "ალტ-ინფოს" უფლება მისცა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით იმაუწყებლოს. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, არხის ყურება ე.წ. სახლის ანტენით მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი.

როგორც კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი, ამ არხის მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელებას თანხმდება შესაბამისი უფლების მქონე კომპანია შპს სტერეო +. ამ კომპანიის წილების ნახევარი საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, "პატრიოტთა ალიანსის" სიით არჩეულ დავით ზილფიმიანს ეკუთვნის.

დღესვე "ალტ-ინფოს" საკუთარ სამაუწყებლო პაკეტებში ჩასმა დათანხმდა "სილქნეტი". ამის ვალდებულება მას, ისევე როგორც "სტერეო +"-ს მაუწყებლობის შესახებ კანონით ჰქონდათ.

  • "ალტ-ინფო" უხამსობის ტირაჟირებაში შემჩნეული არხია. ამ მიზეზით კომუნიკაციების კომისიამ მის მიმართ სანქცია ორჯერ უკვე გამოიყენა. მათ შორის, ერთ-ერთი შემთხვევა 5 ივლისს მოხდა, იმ დღეს, როცა მოძალადე ჯგუფები ჟურნალისტებზე ძალადობდნენ, "ალტ-ინფოს" ხელმძღვანელები კი ამ მოძალადე ჯგუფების გვერდით იდგნენ, არხის ეთერში "უცენზურო ლექსიკა ისმოდა".
  • მეტიც, სახალხო დამცველის აპარატმა აღმოაჩინა, რომ 5 მარტის საღამოს ეთერში განთავსებულ პროგრამაში ბავშვზე ფიზიკური ძალადობის, ზოგადად ძალადობის და ბულინგის გამართლება ხდებოდა. ამ მიზეზით არხი დააჯარიმეს.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ზურა მახარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა უნდა დაიწყოს. ომბუდსმენს მიაჩნია, რომ სწორედ მისი მოწდებების გამო 5 ივლისს ათეულობით ჟურნალისტზე იძალადეს.

"სახალხო დამცველმა შეისწავლა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული მასალები და ჩვენ მივიჩნევთ, რომ საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები აღწევს დასაბუთებული ვარაუდის, ანუ ბრალის წარდგენის სტანდარტს, რათა ორი პირის მიმართ დაწყებულ იქნას სისხლისსამართლებრივი დევნა. ერთ შემთხვევაში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მეორე შემთხვევაში კი ძალადობრივი ქმედების საჯაროდ მოწოდების ფაქტზე. სახალხო დამცველი არის უფლებამოსილი, მოითხოვოს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, თუკი საქმის შესწავლის შემდეგ მივა დასკვნამდე, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, მე ეს უფლებამოსილება გამოვიყენე და უკვე მივმართე პროკურატურას, რომ ზურაბ მახარაძის და დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა", - თქვა ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG