Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა კლინიკაში ჩატარდება


ფოტო არქივიდან: მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე
ფოტო არქივიდან: მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გადაწყვიტა, რომ საზღვრის უკანონოდ კვეთის საკითხზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის განხილვა კლინიკა "ვივამედში" განაგრძოს. სწორედ ამ კლინიკაში გადაიყვანა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

ეს შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ დააყენა. თავის მხრივ, შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინააღმდეგ გამოვიდა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომლის თქმითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მუდმივად სჭირდება სამედიცინო დახმარება. გარდა ამისა, თუთბერიძემ აღნიშნა, რომ კლინიკაში სასამართლო სხდომის ტექნიკური უზრუნველყოფა შესაძლოა ვერ მომხდარიყო.

"თქვენ, დაცვის მხარემაც და ბრალდების მხარემაც აღნიშნეთ, რომ წინააღმდეგები არ ხართ გასვლითი სხდომის ჩატარების... ცნობაში არ არის დაკონკრეტებული [ჯანმრთელობის ზუსტი მდგომარეობა]. ამის გასარკვევად სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ გასვლითი სხდომა ჩაატაროს. თუ შეძლებს ჩვენების მიცემას, მოგვცემს ჩვენებას - ეს მისი უფლებაა.

თვითონ განაცხადა, რომ ჩვენების მიცემა სურს. ეს არ არის ის მოცემულობა, რომ მტკიცებულებებია გამოსაკვლევი. ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, რომ ბატონ მიხეილს სურს ჩვენების მიცემა და ამიტომ სასამართლო სხდომაზე ვინაიდან ვერ ცხადდება, არაა დაკონკრეტებული რა არ შეუძლია, ტრანსპორტირება, მეტყველება თუ - რა. ამის გამო სასამართლო გადის გასვლით სხდომაზე", - თქვა მოსამართლემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საპატიმროში შიმშილობის შემდეგ გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მკურნალობის კურსს გადის კლინიკა "ვივამედში. ოჯახი და გუნდი ექსპრეზიდენტის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ წაყვანის ნებართვას ითხოვენ, მთავრობა კი ამბობს, რომ სააკაშვილისთვის სრულფასოვანი მკურნალობის გაწევა საქართველოშიც შესაძლებელია.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდანაა პატიმრობაში. ის ქვეყანაში სექტემბრის ბოლო რიცხვებში, თვითმმართველობის არჩევნების გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. მას ორ საქმეზე უკვე მისჯილი აქვს 6-წლიანი პატიმრობა.

2018 წელს მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში და 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ ასევე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებითა და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივად დაშლის გამო. ბოლო, მესამე საქმე, მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ საზღვრის უკანონოდ კვეთის მუხლით აღიძრა.

მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პირად პატიმრად მიიჩნევს თავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG