Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგებს თუ არა უკრაინა ომს? გააჩნია, საიდან შევხედავთ სიტუაციას


უკრაინელი სამხედროები. 13 ივნისი 2022 წელი.
უკრაინელი სამხედროები. 13 ივნისი 2022 წელი.

რუსული არტილერიისა და სარაკეტო ცეცხლის წყალობით, რაც რუსული ტაქტიკისა და სარდლობის ცვლილების ფონზე ხდება, ომის სასწორი უკრაინის საწინააღმდეგო მხარეს იხრება. კიევი აცხადებს, რომ სიტუაციის შემობრუნების ერთადერთი გზა უკრაინისთვის მეტი იარაღის უფრო სწრაფად მიწოდებაა.

„ჩვენ გვესაჭიროება სწრაფი დახმარება, – თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა, – რადგან ყოველგვარი შეფერხების საფასურს უკრაინული სისხლით ვიხდით“.

ქალაქ სევეროდონეცკში მდინარე სევერსკი დონეცკზე ბოლო ხიდები ააფეთქეს, რითაც ასობით უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი მდინარის მარჯვენა სანაპიროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა.

რუსეთი ქალაქის აღებასთან ძალიან ახლოსაა, 100-200 უკრაინელი სამხედრო იღუპება ყოველდღიურად. სამხრეთ ხერსონის რეგიონში, უკრაინას მხოლოდ მცირედი წინსვლა აქვს რუსულ პოზიციებთან კონტრშეტევაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა ჯარებმა ისევ დაიწყეს ხარკოვის მიმართულებით გადაადგილება.

აგებს თუ არა უკრაინა ომს? საქმე ასე მარტივად არაა.

„თუ წაგებაში გულისხმობთ, რომ ტერიტორიების დაბრუნება და რუსეთის საკუთარი ტერიტორიიდან გაძევება, არარეალისტურ მიზნად ჩანს, მაშინ დიახ, ეს სამართლიანი შეფასებაა. ისინი აგებენ“, – თქვა სკოტ ბოსტონმა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილმა პოლკოვნიკმა, რომელიც უკრაინის ომს აქტიურად ადევნებს თვალს.

სხვა ექსპერტებიც ადასტურებენ, რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განმარტავ „მარცხს“.

„შეიძლება სურათი იმედის მომცემი არ ჩანდეს, მაგრამ რეალურად, თუ რუკაზე დონბასს დახედავთ, რუსული ძალების დიდი კონცენტრაციის მიუხედავად, ბევრ ცვლილებას ვერ შეამჩნევთ, – თქვა მიხაილო სამუსმა, კიევში არსებული „სამხედრო, ტრანსფორმაციისა და განიარაღების კვლევის ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, – უკრაინული ძალები ძალიან წარმატებულად იცავენ თავს“.


„პირიქით, ჩვენ ვხედავთ რუსეთის წარუმატებლობას, – თქვა სამუსმა, - ფაქტობრივად, სტრატეგიულად რუსეთმა ომი უკვე წააგო, რადგან მათ დიდი იმედებით დაიწყეს 24 თებერვალს. ისინი კიევამდე მისვლას 2 დღეში გეგმავდნენ, ეს კატასტროფული პროცესი იყო, მათ ძალიან ცუდი გადაწყვეტილებები მიიღეს ამ ოპერაციაში“.

„ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტრატეგიულად რუსეთმა მარცხი განიცადა“, – თქვა მან.

“ჩვენ სწრაფი დახმარება გვჭირდება”

ომის პირველ ფაზაში, 24 თებერვლის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთმა მარცხი განიცადა თავისი პრიორიტეტული მიზნების მიღწევის ნაწილში – ვერ დაიკავა კიევი და ვერც ხელისუფლების დამხობა შეძლო.

დასავლელი ექსპერტების უმეტესობა გააკვირვა როგორც რუსული სამხედრო ძალების თავდასხმისას გამოაშკარავებულმა პრობლემებმა, ისე უკრაინული ჯარების მტკიცე და ეფექტიანმა წინააღმდეგობამ.

რუსეთმა საბოლოოდ ბევრი თავისი დანაყოფი გამოიყვანა კიევის ჩრდილოეთიდან და რესურსები გადაისროლა საპორტო ქალაქ მარიუპოლის ხელში ჩასაგდებად, რომელიც სტალინგრადის მსგავს ნანგრევებად გადაიქცა 22 მაისს ქალაქში ბრძოლების დასრულებამდე. რუსეთმა განაახლა სარდლობაც – მეთაურობა სრულიად გადააბარა ერთ გენერალს – და სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში მეტი ტერიტორიის დასაკავებლად მოახდინა რესურსების მობილიზაცია.

უწესრიგო დასაწყისის შემდეგ, როგორც ჩანს, ეს მუშაობს, რაც ბრძოლის ველზე ნელა, თანდათანობით, მაგრამ მტკიცე წინსვლაში გამოიხატება, ყოველ შემთხვევაში – ჯერჯერობით.

რამდენიმე კვირაა სევეროდონეცკში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს თითოეული სახლისა და ქუჩისთვის. შედეგად, ქალაქი, რომლის ომამდელი მოსახლეობა 100 ათასამდე იყო, თითქმის მთლიანად, ცენტრის ჩათვლით, რუსული ჯარების მიერ კონტროლდება 15 ივნისის მდგომარეობით.


ლუგანსკის სამხედრო გუბერნატორმა, სერგეი გაიდაიმ 14 ივნისს განაცხადა, რომ მდინარე სევერსკი დონეცკზე უკანასკნელი ხიდები, რომელიც ქალაქს ლისიჩანსკის პატარა უბანთან აკავშირებდა, განადგურდა, რითაც ევაკუაციისა და მომარაგების გზები მოიჭრა. სევეროდონეცკში კვლავ რჩება ჯარისკაცებისა და სამოქალაქო პირების ნაწილი.


იქ დარჩენილთაგან ბევრი, ქიმიურ ინდუსტრიულ კომპლექსს აფარებს თავს, რაც მარიუპოლის სცენარის განვითარების შიშს აჩენს.

უკრაინის უმაღლესი ხელისუფლება ბოლო კვირებში სულ უფრო საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს ბრძოლის ტემპსა და უკრაინული ძალების დანაკარგებზე.

უკრაინის ხელისუფლება ასევე კიდევ უფრო აქტიურად აჟღერებს მოწოდებებს დასავლური იარაღის სწრაფად მიწოდებასთან დაკავშირებით.

„პირდაპირები რომ ვიყოთ, ომის დასასრულებლად შესაბამისი მძიმე შეიარაღება გვჭირდება“, – თქვა მიხაილო პოდოლიაკმა, პრეზიდენტ ზელენსკის უფროსმა მრჩეველმა ტვიტერის პოსტში.


12 ივნისს ტელეგრამზე გაკეთებულ განცხადებაში, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ასევე მოითხოვა დასავლური შეიარაღება და აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ფრონტის ხაზი 2,400 კილომეტრზეა გადაჭიმული.

„ისინი მასობრივად იყენებენ არტილერიას, სამწუხაროდ, მათ ათმაგი უპირატესობა აქვთ, – თქვა ზალუჟნიმ, - ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვინარჩუნებთ პოზიციებს. უკრაინული მიწის თითოეულ მეტრზე იქ სისხლია დაღვრილი, ჩვენი და ოკუპანტების. სიტუაცია მძიმეა, განსაკუთრებით ქალაქ სევეროდონეცკში“.

აპრილის პირველი კვირის შემდეგ, როცა რუსული ძალები კიევის ჩრდილოეთით მდებარე ოლქებიდან გავიდნენ, მათ თანდათანობით დაიწყეს წინსვლა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. ოფიციალური პირები დასავლეთში ამბობენ, რომ მთელი დონბასის რეგიონის დაკავებისთვის მათ, სავარაუდოდ, აგვისტომდე ან სექტემბრამდე დრო დასჭირდებათ.

რუსული ძალების მიერ დაკავებულ სოფლებსა და ქალაქებს შორისაა სვიატოგორსკი და სვეტლოდარსკი დონეცკში და რუბეჟნოე და პოპასნოე ლუგანსკში.

უკრაინელები მთელი ძალისხმევის მობილიზებით ცდილობენ რუსული ძალებისგან სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის დაცვას. ბახმუტსა და ლისიჩანსკს შორის არსებული, უკრაინის ხელისუფლების მიერ „სიცოცხლის გზად“ წოდებული მაგისტრალის გადაკეტვა საშუალებას მისცემდა რუსულ ძალებს, იზოლაციაში მოექციათ მაღლობი, რომელიც სევეროდონეცკამდე მიდის.

ამასთან, ჩრდილოეთით რუსული ჯარები პოზიციებს ამაგრებენ, მაისის დასაწყისში ხარკოვის მიმართულებით წინ წაწევის შემდეგ.

ასევე ოკუპირებული ყირიმიდან ჩრდილოეთით, ხერსონის რეგიონში უკრაინელების მნიშვნელოვანი წარმატების შესახებ ცალსახა ცნობები არ არსებობს.

უკრაინული სარდლობის თანახმად, უკრაინული და რუსული ძალები ხერსონიდან ჩრდილო-დასავლეთით, დავიდოვ ბროდის მახლობლად მძიმე ბრძოლებში იყვნენ ჩართული 13 ივნისს.


„მტერი ბრძოლას აგრძელებს, მაგრამ ჩვენი დანაყოფები მათ თანდათანობით პოზიციების დატოვებას აიძულებენ, მეორე და მესამე თავდაცვითი ხაზის ძალას ტესტავენ და ზოგჯერ უფრო მეტად უკუგდებასაც ახერხებენ“, – განაცხადა უკრაინის სამხრეთ ნაწილის სარდლობამ.

ოპერაციის ამჟამინდელი ტემპის პირობებში, უკრაინის ხელისუფლებას ტყვიებისა და ვაზნების მარაგი უთავდება. მათ სჭირდებათ საბრძოლო მასალები საბჭოური დიზაინის იარაღისათვის, რომელთაც რუსეთისგან განსხვავებით დასავლეთი არ აწარმოებს.

„აშშ მთელ მსოფლიოში ცდილობს სტანდარტული საბჭოური ამუნიციის მოძიებას, რათა უკრაინელებს გადასცეს, – უთხრა რადიო თავისუფლებას მარკ ქანსიანმა, აშშ-ის საზღვაო ძალების გადამდგარმა პოლკოვნიკმა და სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მთავარმა მრჩეველმა, – ჩემი ეჭვით, ისეთი ადგილები, სადაც მსგავსი ამუნიციის ყიდვა შეგვეძლება, ბევრი აღარაა“.

“ორმხრივი გამოფიტვა”


ბოლო დროს შეიარაღება უფრო მძიმე გახდა და შორს მდებარე რუსულ სამიზნეებზე დარტყმების განხორციელებაც გაადვილდა. საბჭოთა წარმოების T-72 ტანკებთან ერთად უკრაინამ მიიღო NATO-ს სტანდარტული 155 მმ-იანი საარტილერიო სისტემები, როგორიცაა ფრანგული წარმოების CAESAR-ი და პოლონური წარმოების KRAB-ის თვითმავალი ქვემეხები.


აშშ და ბრიტანეთი ამჟამად გზავნიან სხვადასხვა სახის მრავალჯერადი გამოყენების სარაკეტო სისტემებს, მათ შორის ზოგიერთს – მაღალი სიზუსტის აღჭურვილობით.

თუმცა ახლა აშშ მხოლოდ ოთხ მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას (HIMARS) გზავნის, რაც ნიშნავს, რომ საბრძოლო ბალანსის უკრაინელების სასარგებლოდ გადახრაზე ამას მნიშვნელოვანი გავლენა ვერ ექნება.

თუმცა მათ დანიშნულების ადგილზე ჯერ კიდევ არ ჩაუღწევიათ.

ბოსტონმა თქვა, რომ რუსები ნელა მიიწევენ წინ და მათ მიერ ამჟამად განვითარებული სისწრაფე ჭურვებისა და რაკეტების გამოყენების კუთხით, დიდხანს ვერ გასტანს.

„მართალია, რუსეთისთვის ტექნიკური გამარჯვებები ჩანს ჰორიზონტზე, მაგრამ სტრატეგიულ გამარჯვებამდე გზას მე ვერ ვხედავ“, თქვა ბოსტონმა, ამჟამად Rand-ის კორპორაციის, ნაწილობრივ აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ დაფუძნებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, ანალიტიკოსმა.

„ვფიქრობ, ჩვენ ორმხრივი გამოფიტვისკენ მივემართებით. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა რუსეთი უკრაინული ძალების დანაკარგის გაზრდას ეცდება, ეს მათთვის ძალიან ძვირადღირებული ძალისხმევა იქნება“, – თქვა მან.

„ზოგადად რომ ვთქვათ, უკრაინას შანსი აქვს, მაგრამ იგი [დასავლეთიდან] შეიარაღების მიწოდებასთანაა დაკავშირებული, – უთხრა სამუსმა რადიო თავისუფლებას, – თუ გვექნება იარაღი, ჩვენ გვექნება რუსეთის მიერ დაკავებული იმ ტერიტორიების დეოკუპაციის შანსი, რომელთაც 24 თებერვლამდე არ აკონტროლებდნენ“.

„თუ ეს მოხდება, პუტინს პრობლემები ექნება, – აღნიშნა მან, – დიდი პრობლემები“.

XS
SM
MD
LG