Accessibility links

site logo site logo

დასავლეთი-აღმოსავლეთი


"ჰიროსიმა, ჩემი სიყვარული" (1959, საფრანგეთი, რეჟისორი ალენ რენე)

ალენ რენეს დაბადებიდან 100 წელი გავიდა. დიდი რეჟისორის იუბილე დაემთხვა ომს შუაგულ ევროპაში. უკრაინის ფონზე კი ყველაფერი ცოცხლდება, რაც "გერნიკის" ავტორს გაუკეთებია კინოში. პოეტი იყო და ცვალებადს, მყიფეს უმნიშვნელოდ მიიჩნევდა. ალენ რენე დარწმუნებული იყო, რომ ამაოება ხელს გვიშლის დავიმახსოვროთ არსებითი. ხსოვნის გარეშე კი ადამიანი არარაობად იქცევა. ხსოვნა ვიღაცამ უნდა "შეინახოს", რათა ამაოების ჭაობმა არ ჩაგვითრიოს. კინო ამისთვის არსებობს სწორედ. კინო ხსოვნის მავზოლეუმია.

ტექსტი, რომელიც მარგარეტ დიურასმა დაწერა ალენ რენეს ფილმისთვის "ჰიროსიმა, ჩემი სიყვარული", სუფთა პოეზიაა. ფილმში განუწყვეტლივ "ლექსებით ლაპარაკობენ", ამიტომ ყოფითი დიალოგები ზოგჯერ აბსურდულ ხასიათს იძენს. ამას ყურის და თვალის შეჩვევა სჭირდება. ისევე როგორც კარგ მუსიკას ("ალენ რენე არის ფოლკნერი, გაფორმებული სტრავინსკის მუსიკით", - წერდა ჟან-ლუკ გოდარი).

ორი ადამიანი - ფრანგი ქალი და იაპონელი კაცი შემთხვევით ხვდება ერთმანეთს. ფილმის ბოლომდე ვერ ვიგებთ მათ სახელებს. ქალი იგონებს მეორე მსოფლიო ომის საფრანგეთს, პატარა ქალაქს, რომელიც გერმანელებით იყო ოკუპირებული. მიუხედავად მტრის სიძულვილისა, მას სწორედ მტრის ჯარისკაცი შეუყვარდება. ჯარისკაცს კლავენ. ფაშისტები მარცხდებიან, მაგრამ ქალმა არ იცის - უნდა უხაროდეს თუ არა ეს გამარჯვება. აქვე იბადება მეორე სიუჟეტური ხაზი - იაპონელი ვაჟის მოტივი. მას მთელი ოჯახი ჰიროსიმაში დაეღუპა. ორი ტრაგედია ერთმანეთს უკავშირდება და რამდენადაც უახლოვდება ეს ორი თემა ერთმანეთს, რამდენადაც დროის განზომილება ერთმევა ისტორიას, რამდენადაც ჩნდება გრძნობა ორ განსხვავებულ ადამიანს შორის, რომლებიც, თავის მხრივ, აბსოლუტურად განსხვავებულ კულტურას ატარებენ, მით უფრო აშკარაა ამ კავშირის შეუძლებლობა. დაახლოვდნენ და დაშორდნენ. ეგაა, რომ "დასავლეთი-აღმოსავლეთის" გამთლიანების შეუძლებლობა ქმნის ამ თეთრლექსიან ფილმში სილამაზეს. სწორედ მიუღწევლობა იქცევა სტიმულად. ტრაგედია და სილამაზე "ჰიროსიმაში" არსებითად სინონიმებად იქცევიან.

როცა ალენ რენეს ფილმის გმირები ერთმანეთის მონოლოგებს უსმენენ, თითქოს გრძნობენ, რომ მიუხედავად მათი განსხვავებულობისა, ეს სამყარო მაინც დაუშლელია და მთლიანი. აღადგენს რა კინოში მონტაჟურ ტრადიციებს (მონტაჟური რიგის სიმწყობრის თვალსაზრისით ალენ რენეს ფილმებს, ალბათ, ვერაფერი გაუტოლდება თანამედროვე კინოში), რენე იყენებს მონტაჟს, როგორც კავშირს, რომელმაც ეს "ინი" და "იანი" უნდა გააერთიანოს და თავისებურ უტოპიურ აბსოლუტად, იდეალურ ნორმად წარმოგვიდგინოს. რენე ხომ არა მარტო პოეტია, იგი მათემატიკოსიც არის. როცა ფილმის გმირები სხვას ეხებიან და "თავიანთ თავს ტოვებენ", მათი პირადი ტრაგედია მხოლოდ "უჯრედი" ხდება სამყაროს ტრაგედიაში ("კადრი, როგორც ერთეული, მხოლოდ "უჯრედია" მონტაჟურ რიგშიო", - ამტკიცებდნენ კინოს კლასიკოსები). ისინი ამავდროულად გრძნობენ, რომ აქამდე მთლიანად დატყვევებულნი იყვნენ თავიანთი წარსულით. მათი ბიოგრაფია "ადამიანთა ბიოგრაფიის" ნაწილი ხდება. ხსოვნა და ისტორია ალენ რენესთვის აწმყოს წარმმართველად იქცევა. "წარსულზე მიჯაჭვულობა უნდა უარვყოთ, - წერდა რენე თავისი კიდევ ერთი საეტაპო ფილმის "შარშან, მარიენბადში" პრემიერის შემდეგ, - მაგრამ იმისათვის, რომ წარსულის ტვირთისგან გავთავისუფლდეთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა შევიცნოთ წარსული". ასეა "ჰიროსიმაშიც" - დროთა კავშირი ირღვევა და წამი, რომლის აღბეჭდვა და შენახვა შეუძლია კინემატოგრაფს, თავად გადაიქცევა მარადიულობად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რენე ფილმში "ჰიროსიმა, ჩემი სიყვარული" იმ დროის კინოსთვის წარმოუდგენელს აღწევს - იგი რეალობას, რომელსაც კინოკამერა აღბეჭდავს, ჩვენ თვალწინ "ზერეალობად" აქცევს. ვინ თქვა, რომ კინოს, თუნდაც ფერწერისგან განსხვავებით, სინამდვილის აბსტრაგირების უნარი არ გააჩნია? ნახეთ "ჰიროსიმა", ნახეთ "შარშან, მარიენბადში" და დარწმუნდებით, რომ კინოს თავისებური მისიაა ეს - დაგვანახვოს რეალობა, სივრცე და დრო, რომელსაც აქამდე ვერ ვხედავდით.

"მარიენბადში” მარგარეტ დიურასს კიდევ ერთი ფრანგი ავანგარდისტი მწერალი ალენ რობ-გრიე ცვლის ("მარიენბადის" სცენარის დასრულების შემდეგ რობ-გრიემ თავად დაიწყო ფილმების გადაღება, როგორც რეჟისორმა). ეს უკვე ტრადიციული კინოს "გარდაცვალებაა", ის ეტაპი, როცა კინო საბოლოოდ გათავისუფლდა აღბეჭდვითი ფუნქციისგან და "შეიყვანა" კამერა ადამიანების გრძნობებში, სულში... ჩართო მაყურებელი მშვენიერ, ლოგიკას მოკლებულ მოგზაურობაში ფანტასტიკური დერეფნების, დარბაზების, თეთრი ლექსების სამყაროში. თავად რეჟისორი აღნიშნავდა, რომ თუ თანამედროვე ცხოვრება მოკლებულია ხაზობრივ განვითარებას, თუ ყოველი ჩვენგანი "ზიგზაგისებურად" ცხოვრობს და თუ ლიტერატურასა და მხატვრობას შეუძლია, ეს "ზიგზაგისებურობა" წარმოაჩინოს, რატომ არ შეიძლება იმასვე მიაღწიოს კინორეჟისორმა? შევყავართ რა მარიენბადის სასახლის ჰერმეტულ სამყაროში, ავტორები ცდილობენ გვიამბონ ხედვის წერტილთა ფარდობითობის შესახებ. სურათის ბოლომდე გაურკვეველი რჩება, თუ სად არის აწმყო და სად - წარსული. იქმნება არარეალური დრო და მაყურებელმა თავად უნდა განსაზღვროს, სად არის რეალობა და სად - არა.

ასეთი სახით მაყურებლის ჩართვა ეკრანულ მოქმედებაში წარმოუდგენელი სიამოვნებაა. ჩვენ არსებითად თანაშემოქმედებაში ვერთვებით და ვიწყებთ აზროვნებას... რაც მთავარია, ვიწყებთ დანახვას! სხვაგვარად თავისუფლებას გემოს ვერ გავუგებთ და დავრჩებით მყიფე, ფხვიერი, ყალბი რეალობის ამარა.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. "რადიო თავისუფლებაში" 1995 წლიდან. მუშაობს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებზე, ადამიანის უფლებებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG