Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის 12 მოთხოვნა მოკლედ - რა უნდა გააკეთოს საქართველომ, EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად


ევროკომისიის მოსაზრებაა: კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს - არა. გაიგეთ რატომ.

ევროკომისიის დასკვნით, საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. თუმცა, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსისთვის, 12 მოთხოვნა უნდა შეასრულოს.

ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველო წევრობის კანდიდატი გახდება, თუკი:

  • აღმოფხვრის პოლიტიკურ პოლარიზაციას. ამ საკითხებზე უნდა იმუშაოს ყველა პარტიამ, "19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების დაცვით"
  • ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გამართულად იმუშავებს. გაიზრდება მათი დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და დემოკრატიული ზედამხედველობა მათზე. ხელისუფლება გაითვალისწინებს ეუთო-ოდირის, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის დასკვნებს საარჩევნო სისტემაზე
  • მიიღებს გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას. დაიწყებს მის განხორციელებას. "უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის მთლიან და ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას, ანგარიშვალდებულებასა და მიუკერძოებლობას". ამ პროცესში სხვა პოლიტიკური პარტიებიც უნდა ჩაერთონ. სასამართლო ინსტიტუტებმა და პროკურატურამ დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ უნდა იმუშაონ. მოსამართლეები და იუსტიციის უზენაესი საბჭოს წევრები ასევე გამჭვირვალედ უნდა ინიშნებოდნენ
  • გააძლიერებს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობას და ეფექტიანად გამოიძიებს ელიტური კორუფციის შემთხვევებს. გააძლიერებს სპეციალურ საგამოძიებო და პირადი მონაცემების დაცვის სამსახურებს. უზრუნველყოფს მათ ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას
  • აიღებს და შეასრულებს "დეოლიგარქიზაციის" ვალდებულებას. აღმოფხვრის იმ გადაჭარბებულ ზეგავლენას, რომელიც პირად ინტერესებს აქვთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე
  • გააძლიერებს ბრძოლას ორგანიზებულ დანაშაულთან და ეფექტიანად გამოიძიებს სამართალდარღვევებს. სამართალდამცავი ორგანოები იქნებიან ანგარიშვალდებულები და გამჭვირვალე
  • შექმნის თავისუფალ, პროფესიონალურ, პლურალისტურ და დამოუკიდებელ მედიაგარემოს. "სამართალწარმოება მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ უპასუხებს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს". ხელისუფლება ეფექტიანად და დროულად გამოიძიებს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეებს
  • სასწრაფოდ დაიცავს მოწყვლადი ჯგუფების უფლებებს. ეფექტიანად გაასამართლებს მათზე მოძალადეებს და ამ ძალადობის დამკვეთებს
  • "გააერთიანებს ძალისხმევას" გენდერული თანასწორობისთვის და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან საბრძოლველად
  • ჩართავს სამოქალაქო საზოგადოებას გადაწყვეტილებების მიღებაში "ყველა დონეზე"
  • მიიღებს კანონს, რომელიც უბიძგებს ქართველ მოსამართლეებს, "პროაქტიულად გაითვალისწინონ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები"
  • ახალ სახალხო დამცველად დაინიშნება დამოუკიდებელი ადამიანი. დანიშვნა იქნება გამჭვირვალე, მისი სამსახური - ზეგავლენებისგან თავისუფალი.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა კომისიის შეფასების წარდგენისას თქვა, რომ საქართველოსთვის "ევროპის კარი ღიაა და ახლა ჯერი მასზეა".

გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის, (ხოლო უკრაინისა და მოლდოვისთვის - პერსპექტივასთან ერთად, კანდიდატის სტატუსის) მინიჭებაზე უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის ლიდერს. მათი შეხვედრა 23-24 ივნისს, ბრიუსელში გაიმართება.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ საბუთში ნათქვამია, რომ კომისია შეაფასებს საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლოს.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG