Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ამ სტატუსისთვის აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია - კობახიძე


ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გულდასაწყვეტია, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიიღო, მაგრამ მას უკრაინისა და თუნდაც მოლდოვისგან განსხვავებით, ამ სტატუსისთვის აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია. ირაკლი კობახიძის თქმით, 14 და 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლსა და დაღვრილ სისხლს ევროპელი პარტნიორებისთვის აქტუალობა უკვე დაკარგული აქვს.

"აღნიშნული სტატუსის ამ ეტაპზე არმიღება ჩვენთვის ამ ეტაპზე გულდასაწყვეტია, მაგრამ გვესმის, რომ საქართველოს უკრაინისა და თუნდაც მოლდოვისგან განსხვავებით ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია. გვესმის, რომ 14 და 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლსა და დაღვრილ სისხლს და 300 000 დევნილს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, სამწუხაროდ, უკვე აქტუალობა აქვს დაკარგული", - განაცხადა კობახიძემ.

მან უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ პოზიტიური დასკვნის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო ბევრად უფრო წინაა გატარებული რეფორმებით, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის დროს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა დღეს, 17 ივნისს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG