Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, ომის დროს აუცილებელი იყო ევროკავშირს უკრაინა და მოლდოვა წაეხალისებინა


მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ულოცავს უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ შემუშავებულ პოზიტიურ დასკვნას. მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველო გატარებული რეფორმებით უკრაინასა და მოლდოვაზე ბევრად უფრო წინაა, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის დროს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო.

"ევროპული კომისია და ევროპული საბჭო იღებენ არა ექსპერტულ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას...

რუსეთის სამხედრო აგრესიამ და მიმდინარე ომმა უკრაინას უკვე უმძიმესი ჰუმანიტარული და ეკონომიკური ზიანი მიაყენა... ამ ფონზე, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ერთგვარი მცირედი წახალისება, რაც ჩვენს მეგობარ ქვეყანას ევროკავშირისგან უსათუოდ უნდა მიეღო...

კონფლიქტის ზონასთან გეოგრაფიული სიახლოვიდან გამომდინარე, უკრაინაში მიმდინარე ომმა მძიმე ზიანი მიაყენა ჩვენს მეგობარ მოლდოვასაც... უკრაინაში მიმდინარე ომის მძიმე ეკონომიკური და ჰუმანიტარული გავლენის გათვალისწინებით, მოლდოვასაც უნდა მიეღო წახალისება", - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მაშინ, როცა 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 14,5 პროცენტით გაიზარდა, იმავე პერიოდში, უკრაინაში დაწყებული ომის გამო, მოლდოვაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1 პროცენტი იყო.

"ამასთან, მოლდოვას ნახევარმა მილიონმა უკრაინელმა ლტოლვილმა შეაფარა თავი, რაც 2,5-მილიონიან ქვეყანას, ბუნებრივია, უმძიმეს ტვირთად აწვება, ხოლო ევროკავშირს შესაბამის ტვირთს უშუალოდ უმსუბუქებს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის მიერ საქართველოს მიმართ მიღებულ განსხვავებულ გადაწყვეტილებაზე, კერძოდ, თქვა:

"ევროკავშირის მიერ ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას საქართველო მრავალი წლის მანძილზე ელოდა. მოხარული ვართ, რომ დღეს ეს პერსპექტივა ევროპულმა კომისიამ ოფიციალურად აღიარა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის კონკრეტული გზამკვლევიც შემოგვთავაზა...

მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არავითარ ფინანსურ თუ სხვა მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებს, აღნიშნული სტატუსის ამ ეტაპზე არმიღება ჩვენთვის, გარკვეულწილად, მაინც, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. თუმცა, გვესმის, რომ საქართველოს, უკრაინისგან და თუნდაც, მოლდოვისგან განსხვავებით, ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია".

კიდევ ერთი არგუმენტი, რაც კობახიძემ კანდიდატის სტატუსის ვერმიღებასთან დაკავშირებით თქვა, გეოგრაფიული მდებარეობა იყო.

"როგორც ევროპელმა ლიდერებმა წინასწარ პირდაპირ მიგვანიშნეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი. გამოვთქვამთ იმედს, რომ გეოგრაფიული ფაქტორი მომავალში აღარ გახდება საქართველოსთვის კანდიდატის ან წევრის სტატუსის მინიჭების გაჭიანურების საფუძველი", - თქვა მან და რამდენიმე მაგალითი დაასახელა.

  • "საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველომ უკრაინასა და მოლდოვაზე 2 წლით გვიან მიიღო ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა";
  • "საქართველომ უკრაინაზე 4 და მოლდოვაზე 2 წლით გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ, უკრაინაზე 3 და მოლდოვაზე 2 წლით გვიან მიიღო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და მოლდოვაზე 3 წლით გვიან, მაგრამ უკრაინაზე ადრე მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი";
  • "საქართველომ უკრაინაზე 3 წლით გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების შესახებ, თუმცა, უკრაინაზე 1 წლით ადრე მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას".

რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონიმ თქვა, რომ "უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად სხვა ადგილას არიან".

"არსებობს ქვეყნების რამდენიმე კატეგორია, რომლებიც არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრები, მაგრამ მათი უსაფრთხოება, გეოპოლიტიკური სიტუაცია განსხვავებულია. საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ძალიან ახლო მეგობარი სახელმწიფოების არიან, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, როგორც გეოპოლიტიკურად, ისე გეოგრაფიულად, ისინი დღეს არ არიან იმავე სიტუაციაში, როგორც უკრაინა და მოლდოვა", - თქვა მან.

ირაკლი კობახიძის თქმით, იმ რეფორმების გატარება, რომელიც კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად წინა პირობად დასახელდა, საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ჰქონდა აღებული:

"პირობები, რაც წაყენებულია კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ზუსტად ემთხვევა ასოცირების დღის წესრიგს. ანუ აქ ახალი არაფერი წერია. ზუსტად იგივე პუნქტებზეა საუბარი, რაც იყო ასოცირებაში და რაც შეთანხმებულია ჩვენ მიერ ევროკავშირთან. შესაბამისად, ჩვენ ისედაც გვქონდა ეს ვალდებულება აღებული და რა თქმა უნდა, თითოეული ამ პუნქტის მიხედვით განხორციელდება შესაბამისი რეფორმები".

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა დღეს, 17 ივნისს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG