Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი კვლავ ამცირებს ევროპის ქვეყნებისთვის აირის მიწოდებას


რუსეთმა 17 ივნისს კვლავ შეამცირა ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპის ქვეყნებისთვის, სხვათა შორის, ნახევრით იტალიისა და სლოვაკეთისთვის და მთლიანად საფრანგეთისთვის, რადგან ეს ქვეყნები ცდილობენ უკრაინაში ომის ფონზე რუსეთის ენერგომატარებლებზე თავიანთი დამოკიდებულება შეასუსტონ.

როგორც სააგენტო AP-ი იტყობინება, ეს არის საწვავის მიწოდების მნიშვნელოვანი შემცირების მესამე დღე. ბუნებრივი აირით იწარმოება ევროპაში მრეწველობისთვის აუცილებელი ელექტროენერგია. შემცირება მწვავედ შეიგრძნო უკვე ავსტრიამ და გერმანიამ და მას მოჰყვა ენერგომატარებლებზე ისედაც გაზრდილი ფასების კვლავ ამაღლება.

რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის“ ტექნიკურ პრობლემებს დააბრალა მიწოდების შემცირება და გამოაცხადა, რომ აღჭურვილობა, რომელიც კანადაში უნდა შეკეთებულიყო, დასავლეთის სანქციების გამო შეფერხდა. „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ გერმანიას და საფრანგეთს ემსახურება. გერმანიის და იტალიის ლიდერებმა ეს შემცირება პოლიტიკურ ნაბიჯად შეაფასეს.

რუსეთმა ადრე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთს, ნიდერლანდს და დანიას.

რუსეთმა სლოვაკეთის სახელმწიფო კომპანია SPP-ს აცნობა, რომ 50%-ით შეამცირა მიწოდება, განაცხადა კომპანიის დირექტორმა, რიჩარდ პროკიპჩაკმა ბრატისლავაში. მოსკოვს არ დაუზუსტებია შემცირების მიზეზი.

იმავე დღეს რუსეთის "გაზპრომმა" იტალიის გაზის კომპანია Eni-ს შეატყობინა 50%-იანი შემცირების შესახებ. 16 ივნისს "გაზპრომმა" იტალიას 15%-ით შეუმცირა გაზის მიწოდება, ხოლო 17 ივნისს უკვე 35%-ით. იტალია გაზის 40%-ს რუსეთიდან იღებს და ალტერნატიულ წყაროებს ეძებს.

რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა საფრანგეთს, რომლის გაზის ქსელების ოპერატორმა, GRTGaz-მა განაცხადა, რომ გერმანიის გავლით აირის მიწოდება შეწყდა 16 ივნისს. საფრანგეთის თანახმად, პრობლემები ენერგიის სფეროში არ არის მოსალოდნელი ზაფხულის განმავლობაში, რადგან ესპანეთიდან გაიზარდა აირის მიღება.

ევროპის კავშირი ცდილობს რუსეთიდან გაზის იმპორტი ორი მესამედით შეამციროს და აშშ-დან თხევადი გაზის იმპორტი დაიწყოს. აშშ-ში ტეხასის შტატში, საკვანძო საექსპორტო საწარმოში აფეთქებამ ამერიკის აირის ექსპორტის შესაძლებლობის მეხუთედი მწყობრიდან გამოიყვანა, რითაც ხაზი გაესვა შეშფოთებებს, რომელიც აშშ-იდან ევროპაში აირის მიწოდების იდეის მოწყვლადობას უკავშირდება.

17 იანვარს, სააგენტოს თანახმად, ბუნებრივი აირის ფასი კვლავ მაღალია- მეგავატის ფასი 126 ევროს უტოლდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG