Accessibility links

site logo site logo

უკრაინის სტატუსს მხარს უჭერენ სკეპტიკოსი ქვეყნებიც. დასავლეთის მედია უკრაინაში კორუფციასა და ომის შემდგომ სიძნელეებზე წერს


ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ეჭვი გამოთქვეს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის გამო, ახლა აცხადებენ მზადყოფნას, მხარი დაუჭირონ ევროკომისიის რეკომენდაციას უკრაინისთვის ამ სტატუსის მინიჭების შესახებ.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს რეკომენდაციას მომავალ კვირას ბრიუსელის სამიტზე 27 ქვეყნის ლიდერი განიხილავენ. უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის საჭიროა ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი თანხმობა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს სტატუსის მინიჭებას წინაპირობების გარეშე, ომის გარშემო არსებული განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით. თუმცა, იმისთვის, რომ კიევმა მიაღწიოს პროგრესს წევრობისკენ, მას დასჭირდება მთელი რიგი პირობების შესრულება.

ამის შესახებ ევროკომისია პირდაპირ აცხადებს. ასეთი მოთხოვნა შვიდია, ისინი ეხება კორუფციასთან ბრძოლას, კანონის უზენაესობასა და უმცირესობათა უფლებებს.

ნიდერლანდის მთავრობამ, რომელმაც ყველაზე დიდი ეჭვი გამოთქვა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის შესახებ, გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის რეკომენდაციას. პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ მას უწოდა "გონივრული კომპრომისი". "მოდით, მივიღოთ ეს ევროპის ერთიანობისთვის. ჰოლანდია დადებითად არის განწყობილი", თქვა თავის მხრივ საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოქსტრამ. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ კოპენჰაგენი უკრაინისთვის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი არ არის. იგივე განაცხადეს შვედეთშიც.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა DPA-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებს შორის შეთანხმების შესაძლებლობის შესახებ. გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ მხარი დაუჭირეს უკრაინის კანდიდატის სტატუსს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, პარასკევს განაცხადა, რომ მოსკოვი არ ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ნატოსგან განსხვავებით, ის არ არის სამხედრო ალიანსი. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ეს არ იქნება მომგებიანი არც ევროკავშირისთვის და არც უკრაინისთვის. კანდიდატის სტატუსი არ ნიშნავს, რომ ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი მომავალში. თურქეთთან მოლაპარაკებები, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ფაქტობრივად ჩიხში შევიდა. ახლა ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანაა კანდიდატი, მათთან მოლაპარაკებები დასრულებისგან შორს არის.

დასავლეთის მედია წერს, რომ სტატუსის სწრაფი მოპოვების მიუხედავად, უკრაინას ევროკავშირში გასაწევრიანებლად მრავალი წელი დასჭირდება. The New York Times-ი შეგვახსენებს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები არის ტექნიკური დოკუმენტი, რომელიც აღწერს ქვეყნის მზადყოფნას კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. მათ უმეტესობაში უკრაინა კვლავ ჩამორჩება, აღნიშნავს The New York Times-ი.

გაზეთი ყურადღებას ამახვილებს კორუფციასა და იმ სირთულეებზე, რაც ქვეყანას ომის შემდეგ შეექმნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG